,,პიტერ პენობიდან“ სორბონის უნივერსიტეტამდე – ქართველი სტუდენტის პარიზული ამბავი
,,ბევრი წარმოიდგენს, რომ დილით ეიფელის კოშკის წინ, ან მონმარტზე მიირთმევ საუზმეს ტიპურ ფრანგულ კაფეში, ბერეტით თავზე და ღვინის ჭიქით ხელში… სინადვილეში სულ სხვანაირია სტუდენტური ცხოვრება პარიზში…“ – მიყვება მარი ჩადუნელი მისი ფრანგული ცხოვრების შესახებ. ის 20 წლის წარმატებული სტუდენტია, პარიზის სორბონის უნივერსიტეტიდან, სოციოლოგიის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსიდან. მარის ბავშვური ოცნებები დიდი ხანია რეალურმა სურვილებმა და მიზნებმა შეცვალა, სადაც გამორჩეული ადგილი მსოფლიოს გაუმჯობესებაში წვლილის შეტანას და უკეთეს გარემოში ცხოვრებას უჭირავს. საფრანგეთში შეძენილმა საინტერესო გამოცდილებამ, ევროპული ცხოვრებითა და განათლების მრავალფეროვნებით, მეოცნებე გოგონა რეალისტად აქცია.
– მარი პარიზამდე და შემდეგ, მოგვიყევი ამ ორ ცხოვრებაზე…
– თუ ჩემს ცხოვრებას ორ ნაწილად გავყოფთ, პირველი ნაწილი ნამდვილად საქართველოდან წამოსვლისას, აეროპორტშივე მთავრდება და მეორე კი თვითმფრინავში იწყება. ზუსტად ერთ წამში გემატება აქამდე წარმოუდგენელი პასუხისმგებლობის გრძნობა, შიში, მღელვარება, მაგრამ ასევე – უდიდესი მოტივაცია და სიახლეების აღმოჩენის სურვილი. საფრანგეთში წამოსვლამდე ძალიან მეოცნებე, სულით ბავშვი და ოპტიმისტი ვიყავი, ვერ ვიტყვი, რომ მეოცნებე აღარ ვარ, მაგრამ უცხო ქვეყანაში მარტო ცხოვრებამ და ოჯახისგან შორს ყოფნამ ჩემი შინაგანი „პიტერ პენი“ ცოტათი ჩააქრო. ბევრად უფრო რეალისტი გავხდი. მე გამიმართლა და მშობლების წყალობით, საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო სკოლაში, ფრანგული და საერთაშორისო განათლება მივიღე, რაც საოცრად დამეხმარა უცხო ქვეყანასთან ადაპტირებაში. დღევანდელი მარიამი პარიზში ბევრად უფრო მონდომებული და იმედიანია მომავალთან მიმართებაში, ისევ მეოცნებე, მაგრამ აღჭურვილი სწორი ინსტრუმენტებით, რომ უკეთესი მომავალი უზრუნველყოს არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის – ირგვლივ ყველასთვის, სადამდეც ხელი მიუწვდება.
– მარი, საფრანგეთში, ევროპის ერთ-ერთ უძველეს და გამორჩეულ უნივერსიტეტში სწავლობ, რატომ აირჩიე ეს ქვეყანა და სასწავლებელი?
– ფრანგულ სკოლაში მეექვსე კლასში შევედი, მანამდე ჩემი ძმა, ნიკოლოზი სწავლობდა იქ (ახლა ისიც პარიზშია, ფიზიკას სწავლობს და ახლა უმაღლესის სკოლის ურთულესი კონკურსისთვის ემზადება). მშობლებმა ნახეს, თუ რამდენად შედეგიანი იყო მისი იქ სწავლა და მეც მომცეს ამის მოტივაცია და შესაძლებლობა. ფრანგული ენა და კულტურა ძალიან შემიყვარდა და სწავლა პარიზში ლოგიკური გაგრძელება იყო. ავირჩიე სორბონის უნივერსიტეტში სოციოლოგიის ფაკულტეტი. სოციოლოგია, სხვა ყველაფერთან ერთად, გვეხმარება, უფრო ობიექტურად შევხედოთ საზოგადოებას. თუ გვინდა, რომ საფუძვლიანად შევცვალოთ საზოგადოება უკეთესობისკენ, აუცილებელია, ის შევისწავლოთ სრულყოფილად. ამიტომაც ავირჩიე ეს კონკრეტული მიმართულება.
– პარიზის უნივერსიტეტში სწავლა იყო ბავშვობის ოცნება?
– უცხო ქალაქში ცხოვრება ნამდვილად იყო ბავშვობის ოცნება, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ სულ პარიზზე ვოცნებობდი. ყოველთვის ვიცოდი, რომ საფრანგეთში გავატარებდი ჩემი ცხოვრების ერთ ნაწილს, მაგრამ კონკრეტულად პარიზს არასოდეს „ვუმიზნებდი“. ბავშვობაში სულ მოგზაურობაზე ვოცნებობდი და ეს ოცნება კიდევ მაქვს.
– მოგვიყევი, როგორია სტუდენტური ცხოვრება? იქ სწავლისას, ყველაზე მეტად რამ მოგხიბლა?
– პარიზში სწავლის საუკეთესო ნაწილი ჩემთვის მრავალფეროვნებაა, ურთიერთობა იმ ადამიანებთან, რომლებიც მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მოდიან. ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანს ხვდები და უამრავ ახალ გამოცდილებას იღებ.
– ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც საფრანგეთმა მოგცა განათლებასთან ერთად, რა არის?
– დამოუკიდებლობასთან ერთად, უკეთესი თვითანალიზის და ინტროსპექციის საშუალება მომეცა, რასაც, მგონია, რომ საქართველოში დარჩენით ვერ მივაღწევდი. აკადემიურ განათლებათან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანი პერსონალური და სოციალური განათლება მივიღე.
– ახალ გარემოსთან ადაპტირება ბევრ ახალგაზრდას უჭირს, ბევრი ვერც უძლებს ახალ გამოწვევებს… თავდაპირველად, თუ გაგიჭირდა საფრანგეთთან შეგუება და რა დაგეხმარა სიძნელეების დაძლევაში?
– პარიზული სტუდენტური ცხოვრება პირველ რიგში რთულია. ბევრი წარმოიდგენს, რომ ყოველ დილით ეიფელის კოშკის წინ, ან მონმარტზე მიირთმევ საუზმეს ტიპურ ფრანგულ კაფეში, ბერეტით თავზე და ღვინის ჭიქით ხელში. ნამდვილად არ არის ასე, უძვირესი ქალაქია და თავიდან სტუდენტებს, რომლებიც ვერ პოულობენ სამსახურს და მხოლოდ მშობლებზე არიან დამოკიდებულნი, ძალიან ბევრი სირთულე ხვდებათ წინ. თუ მენტალურად არ ხარ მომზადებული, ფინანსური პრობლემების გარდა, ადვილად შეიძლება, რომ განგივითარდეს მუდმივი შფოთვა ან დეპრესია. ძალიან ბიუროკრატიული ქვეყანაა და ძნელი ადმინისტრაცია აქვთ. საცხოვრებლის პოვნაც კი ძალიან ჭირს სტაბილური შემოსავლის მქონე გარანტორის გარეშე, მაგრამ მთავარია, არ დანებდე.
– მოტივაცია, რომელიც ამ ეტაპზე გამოძრავებს… საით მიდის შენი მიზნები და ოცნებები?
– ჩემი მიზანი ყოველთვის მაქსიმალური თვითრელიზაცია იყო, რაც დამეხმარება და ასევე მოტივაციას მომცემს, მსოფლიოს გაუმჯობესებაში რაღაც მცირე წვლილი შევიტანო. ეს, ჩემი აზრით, არ უნდა იყოს ოცნება, უნდა იყოს ნებისმიერის მიზანი. დღეს გვაქვს შესაძლებლობა, მივიღოთ საუკეთესო განათლება ონლაინ, ხანდახან უფასოდაც კი, მთავარია მონდომება და მოთმინება. ძალიან მინდა, ვიმოგზაურო და უფრო მეტი ვისწავლო და შევიმეცნო.
– შენი მომავალი უკავშირდება საქართველოს?
– რასაკვირველია, საქართველოში ჩემს მომავალს ვხედავ, ოღონდ – ოდნავ შორეულ მომავალში, როცა მივიჩნევ, რომ დაგროვილი მაქვს საკმარისი ცოდნა და გამოცდილება. ამ ეტაპზე საქართველოში ვთანამშრომლობ ერთ გამომცემლობასთან, რომელიც „ნიუ იორკ თაიმსის“ ლიცენზირებულ მედიაპროექტებზე მუშაობს. მე ინგლისურენოვან განყოფილებას ვუძღვები. შარშან მთელი წელი ონლაინ ვმუშაობდი ამ პროექტზე და ნიუ იორკსა და ვაშინგტონშიც მე მომიხდა ამ გამოცემის წარდგენა, სარედაქციო ჯგუფთან ერთად. ეს საუკეთესო გამოცდილება იყო: კონგრესში და ნიუ იორკ ტაიმსის ოფისში, სადაც წარდგენას ვუძღვებოდი, დიდი იყო ინტერესი საქართველოს მიმართ, მაგრამ, სამწუხაროდ, მწირი ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის შესახებ. ამას საფრანგეთშიც ბევრგან ვაწყდები და სულ ვცდილობ, მეტი მოვყვე საქართველოს შესახებ – მაქსიმალურად ობიექტური ვარ ამ დროს, არასოდეს ვალამაზებ იმ რეალობას, რაც ცვლილებებს ითხოვს და არა – შელამაზებას.
– საქართველოდან და ოჯახიდან შორს ცხოვრება გიწევს, რაც მარტივი არ იქნება ალბათ. როგორ ივსებ ამ სიცარიელეს, ნოსტალგია ხშირად გაქვს? რა გენატრება ყველაზე ხშირად?
– რა თქმა უნდა, ძალიან მენატრება ჩემი ოჯახი და ახლობლები, რომლებსაც ოჯახის წევრებად მივიჩნევ. ინტერნეტ კომუნიკაცია ამარტივებს ამ სიცარიელის შევსებას, მაგრამ ყოველთვის არის გარკვეული უკმარისობის გრძნობა. ნოსტალგია ხშირად მაქვს, მაგრამ ძალიან დამეხმარნენ ჩემი ქართველი მეგობრები და ნაცნობები ამ სირთულეების დაძლევაში. პარიზში ჩამოსვლიდან მეორე წელს უკვე ჩემმა ძმამაც აქ გააგრძელა სწავლა. ერთად არ ვცხოვრობთ – ის ინტერნატშია, მაგრამ მთავარია, რომ აქ ერთმანეთი გვეგულება.
– ადამიანი ან ადამიანები, ვინც შენი ცხოვრება შეცვალეს, ახდენენ გავლენას (თუნდაც პედაგოგები), ასევე თუ ყოფილა მოვლენა ან მაგალითები, რამაც გიბიძგა, უკეთესი გამხდარიყავი?
– ჩემს ცხოვრებას ყოველდღე ვიღაც ცვლის, ხანდახან ეს არის ადამიანი, რომელსაც წლებია, ვიცნობ, ხანდახან კი სრულიად უცნობია: მეგობარი, რომელიც აღუდგა უსამართლობას, უცხო, რომელმაც უანაგარო სიკეთე გამოიჩინა, კაცმა, რომელსაც აშკარად ეჩქარებოდა, მაგრამ კარი მაინც დამიჭირა… წლების მანძილზე ამ ჯაჭვის გამო ვარ ის მარიამი, რომელიც ახლა გესაუბრებათ.
– საფრანგეთმა გაპოვნინა სიყვარულიც…
– საფრანგეთმა, პირველ რიგში, ჩემი თავის სიყვარული და ფასი მაპოვნინა, რაც, ჩემი აზრით, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. სიყვარული კი ამ ყველაფრის შემდეგ დამსახურებული და სასიამოვნო ბონუსია.
– პანდემიამ და ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა უამრავი ადამიანის ცხოვრება შეცვალა, ბევრის ცხოვრების მიზნები, ოცნებები, გეგმები მთლიანად ამოატრიალა… შენს შემთხვევაში რა შეცვალა სამყაროს დაპაუზებამ? ახალ აღმოჩენებში თუ დაგეხმარა?
– 2020 წელი ძალიან ჰგავს დისტოპიური რომანის ერთ-ერთ თავს, სადაც გგონია, რომ ეს ყველაფერი მალე დამთარდება, მაგრამ ყოველ ახალ გვერდზე უარესი სიახლე გხვდება. კოვიდ 19-მა ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და არ მგონია სამართლიანი იყოს, დავიწყო წუწუნი ჩემს არშემდგარ გეგმებზე. ნამდვილად ძალიან ბევრის ცხოვრება შეიცვალა – ძირითადად უარესობისკენ, მაგრამ ყველა ვცდილობთ, ჩვენებურად მოვერგოთ დღევანდელ სიტუაციას. აქ საკმაოდ პოპულარულია ფრანგი სლემ-პოეტი, ფაბიენ მარსო – მეტსახელით Grands Corps Malade (დიდი ხეიბარი სხეული). მისი ტექსტები ყოველთვის აქტუალურ პრობლემებს ეხება. კარანტინისას ვთარგმნე, უფრო სწორად, ბწკარედი გავაკეთე მისი ერთ-ერთი ბალადის, რომელშიც, ჩემი აზრით, ძალიან ზუსტად არის დანახული ის რეალობა, რაც კოვიდმა დაგვანახა. შემოგთავაზებთ ამონარიდებს ამ ტექსტიდან:
„…ხანდახან კარგია, დავუბრუნდეთ ფიქრს, მაშინაც კი, როდესაც ეს არ არის ჩვენი არჩევანი… …. ნიღაბსა და ხელთათმანებს შორის, შიშსა და სიბრაზეს შორის ვუყურებთ, ლიდერები როგორ გიჟდებიან თავიანთ დაბნეულ მენეჯმენტში… … როგორც იქნა, ნება მივეცით დედამიწას, აღადგინოს ის, რაც მისგან ავიღეთ. ბუნება ქმნის თავის კანონს. თავისი უფლებების უკან დაბრუნებით შურს იძიებს ჩვენი ქედმაღლობის და ზიზღის გამო.. ნეტავ დამთხვევაა, რომ ეს საშინელი ვირუსი არ ესხმის თავს ახალგაზრდებს, არ აღწევს ბავშვებამდე?!. ის თავს ესხმის უფროსებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ სამყაროზე… … ეს ზრდასრულების სამყარო ისეთი არაჯანსაღი გახდა…კარგი იქნებოდა, ამ ვირუსს იმის ძალაც ჰქონოდა, დაებრუნებინა მოგონებები ჩვენს ამბიციების მიღმა დავიწყებული ფასეულობების შესახებ… …უცებ აღმოვჩნდით ყველა ერთსა და იმავე ნავში… სხვა სურათი იყო სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლაში, არასოლიდარულები ვიყავით აკვარიუსთან (აკვარიუსი ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების სამაშველო გემია) შესახვედრად… ამ ვირუსს რომ უზარმაზარი ნიჭი ჰქონდეს, შეგვახსენებდა იმას, რაც მართლა საარსებოა, რომ მოგზაურობა, გართობა, ფული აღარ არის ნორმა. ჩვენი ფანჯრებიდან თავიდან ვსწავლობთ ცის ყურებას, გვაქვს დრო ოჯახისთვის, ვაძლიერებთ კავშირებს, ვანახლებთ ჩვენს რიტუალებს… ….ყოველდღე მოვიკითხავთ უფროსებს… .. ასე რომ, როდესაც ეს ვირუსი წავა. როგორც მოვიდა. რა დარჩება ამ ყველა გვერდითი მოვლენისგან. რას მოვიგებთ იმ ყველაფრით, რაც დავკარგეთ“…
– ქართველი სტუდენტის გზავნილი პარიზიდან – მოდი იმ თანატოლებს ურჩიე, ვისაც მომავალში მსგავსი გზის გავლა მოუწევთ…
– რჩევა, ალბათ, ნაკლებად გამომივა, მაგრამ ერთს კი ვიტყოდი: არ შეგეშინდეთ ცვლილებების. ისიც სრულიად ნორმალურია, თუ ხანდახან დარწმუნებულები არ ხართ საკუთარ გადაწყვეტილებებში, ისწავლეთ საკუთარ შეცდომებზე და შეძლებისდაგვარად ბევრი იმოგზაურეთ. მოითხოვეთ დახმარება, თუ გესაჭიროებათ – გახსოვდეთ, რომ ყველაფერი გამოგივათ!
ავტორი: ანანო ლებანიძე