9 ქართველი მეზღვაური 21-დღიანი ტყვეობის შემდეგ თავისუფალია
30 აპრილს მეკობრეების მიერ გატაცებული 9 ქართველი მეზღვაური რამდენიმე დღეში სპეციალური რეისით ნიგერიიდან საქართველოში დაბრუნდება.
„ჩვენს მეზღვაურებს ვულოცავთ გათავისუფლებას და მადლობას ვუხდით გატაცებული მეზღვაურების ოჯახის წევრებს, რომლებმაც ამ მძიმე სიტუაციაში იჩენენ სამაგალითო სიმშვიდეს, რითიც მნიშვნელოვნად გვიწყობენ ხელს მუშაობაში, სახელმწიფომ გემთმფლობელთან ერთად ყველა ბერკეტი გამოიყენა და მეზღვაურები 21 -დღიანი ტყვეობის შემდეგ თავისუფლები არიან. უკვე საქართველოშია მეკობრეების ტყვეობას გადარჩენილი 4 მეზღვაური, რომელთა ქალაქ ლომედან წამოყვანისათვის საჭირო ნებართვების მისაღებად სახელმწიფო სტრუქტურებმა უპრეცენდენტო მოლაპარაკებები აწარმოეს ტოგოს ხელისუფლებასთან”,- აცხადებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.
გარდა ამისა, უახლოეს დღეებში სამშობლოში თურქეთიდან 5 ქართველ მეზღვაურსაც დააბრუნებენ. თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მათი შეყვანისა და შემდგომ სამშობლოში დაბრუნების მიზნით მოლაპარაკებებს საქართველოს საელჩო აწარმოებდა.