მთიან აჭარას ახალი ტურისტული მიმართულება შეემატება
მთიან აჭარას ახალი ტურისტული მიმართულება შეემატება – ჩირუხის მთის განვითარებაზე მუშაობა დაწყებულია. მთიან აჭარაში ტურისტული პროდუქტების განვითარება გრძელდება. ამჯერად, ახალი ტურისტული პროდუქტისა და ინფრასტრუქტურის შექმნაზე მუშაობა ჩირუხის მთაზე მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო პროექტით შუახევის მუნიციპალიტეტში ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრის შექმნას გეგმავს.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ პირველი სამუშაო შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და პროექტზე მომუშავე კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ჩირუხის მთაზე გამართა, სადაც არსებული ტურისტული პოტენციალი და პროდუქტის განვითარების კონცეფციები განიხილეს.
ამ ეტაპზე, ჩირუხის მთის ტურისტული განვითარების კონცეფციის დამუშავება მიმდინარეობს, რომლის შემდეგაც ტურისტული პროდუქტის ინფრასტრუქტურული პროექტი, ასევე მისი მართვისა და მენეჯმენტის გეგმა მომზადდება.
ჩირუხის მთა ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარეობს, საიდანაც იალაღებსა და პატარა ტბებზე ულამაზესი ხედები იშლება. მთას სხვადასხვა ტურისტული ბილიკი უკავშირდება, რომელიც განსხვავებული ტურისტული პროდუქტების განვითარების საშუალებას იძლევა.