ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებს წლის ბოლომდე უფასოდ უმასპინძლებს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, 11 მაისიდან, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებს წლის ბოლომდე უფასოდ უმასპინძლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება, შიდა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით მიიღეს.
“მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით, მთავრობამ შეიმუშავა ანტიკრიზისული გეგმა. ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი არის ქალაქის სავიზიტო ბარათი და ჩვენ, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შიდა ტურიზმის განვითარებას”- აღნიშნა ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი გაშენებულია გასულ საუკუნეში, დადიანების სასახლესთან, როგორც მთავრის რეზიდენციის დეკორატიული ბაღი.