რაგბი გურულად – სააღდგომო ლელობურთი შუხუთში
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე გურიაში, სოფელ შუხუთში, ზემოურები და ქვემოურები ლელობურთში ეჯიბრებიან ერთმანეთს. ამ უძველეს ეროვნულ თამაშს ორასწლოვანი ისტორია აქვს.
გადმოცემის მიხედვით, ამ მიდამოებში, 1854 წლის მაისში, გურულების მცირე რაზმმა თურქთა სარდლის სელიმ ფაშას დიდძალი ჯარი ამოხოცა, მათ შორის მოღალატე ჰასან-ბეგ თავდგირიძე და შუხუთფერდის სახელით ცნობილ ბრძოლაში ისტორიული გამარჯვება იზეიმა. მას მერე, აქ ურთიერთობას ლელოს გატანაში ზემოურები და ქვემოურები არკვევენ.
შუხუთის ლელოს წესებით, ლელოსბურთი 16-დან 18 კილომდე უნდა იწონიდეს, ის საქონლის ტყავისგან იკერება , შემდეგ გრიგოლეთის სილითა და ნახერხით ივსება. უწინ მოკერვამდე, ბურთში მეღვინეობის ქართული წარმართული ღვთაების – აგუნას წვენს ასხამდნენ. მოგვიანებით, ის, ალადასტურის ღვინომ ჩაანაცვლა.
ადრე, თამაშის დაწყების, ანუ სოფლის ცენტრში თოფის გასროლისა და ლელოს აგდების პატივი უხუცეს მოთამაშეებს ჰქონდათ. ბოლო წლებში, ამ რიტუალს სოფლის მღვდელი ატარებს.
ლელობურთის არეალი შუხუთის ცენტრიდან, აქეთ-იქეთ, 400-400 მეტრს მოიცავს, რომლებსაც ღელეები კეტავენ. გამარჯვებული ის არის, ვინც ფუთიან ბურთს ღელის იქეთ გადაიტანს.