გოგებაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებმა მეზობლებს კორპუსის კედელზე კინოჩვენება მოუწყვეს

ორი დღეა, რაც გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის კედელი კინოეკრანად იქცა. ამ ქუჩაზე მაცხოვრებელებმა, თინათიმ ბრეგვაძემ და გივიკო აზაურაშვილმა, თვითიზოლირებულ სამეზობლოს კინოჩვენება მოუწყვეს.

“ჩემი სახლის წინ ამოაშენეს დიდი კორპუსი, ჩემი ფანჯრები და აივანი რასაც უყურებს, არის ყრუ კედელი, რომელიც საშინლად მიშლის ნერვებს. ხვალ შესრულდება ორი კვირა, რაც ფაქტობრივად სახლიდან არ გავსულვარ, ამ კედელს კიდევ უფრო დიდხანს ვუყურებ, ვიდრე მანამდე. მე თვითონაც საქმე ისეთი მაქვს, რომ სულ რაღაც პროექტებზე ვფიქრობ და გამახსენდა, რომ მამაჩემმა ჩემთან შესანახად მოიტანა პროექტორი. გუშინ ღამის 11 საათი იყო, რომ გადმოვიღე. ჩემი ქმარი მეუბნებოდა, რომ არ მისწვდებოდა იმ კედლამდე და მეხუმრებოდა, დღეს დამარცხდებიო, მერე, რომ მიხვდა, რომ სწვდებოდა, იდეა მოეწონა. კინოჩვენებისთვის შერჩეული პირველი ფილმი ცისფერი მთები იყო: “ისეთი ფილმია, თავისი მუსიკით, შინაარსით, ცოტა სიურრეალისტური, რომ ამ მდგომარეობაში ყველასთვის გასაგები იქნებოდა. რამე მძაფრსიუჟეტიანი რომ ჩაგვერთო, შეიძლება ყველას არ მოსწონებოდა. მერე ჩარლი ჩაპლინი ჩავრთეთ, რომ მეზობლები ხმით არ შეგვეწუხებინა. პროექტორს როცა ვასწორებდით, ქვემოდან გვეძახდა ვიღაც, რომ ცოტა მარცხნივ გაწიეთო. ფილმებსაც გვთავაზობდნენ”.

დღევანდელი დღე იტალიას მიეძღვნა. ჯერ იტალიის დროშა მიანათეს კედელს, შემდეგ – ჰიმნი გაუშვეს, ბოლოს კი ყველაფერი იტალიური მუსიკით დასრულდა.

ხვალინდელი დღე კი ესპანეთის მხარდაჭერას ისახავს მიზნად” – ამბობს ON.ge-სთან საუბარში თინათიბ ბრეგვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები