ბიბლიოთეკა მარტოკაცებისთვის – ეკვილიბრიუმი მთის ამბების პროექტს უერთდება
ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა ეკვილიბრიუმი მთის ამბების პროექტს უერთდება, რომლის ერთ – ერთი რუბრიკა მთაში სოფლად მარტო მცხოვრები ადამიანების შესახებ მოგვითხრობს. ეკვილიბრიუმი ამ ადამიანებს, მათი ინტერესების და მოთხოვნების გათვალისწინებით, ახალი წიგნებით, პერიოდიკით და სხვა საჭირო ნივთებით მოამარაგებს.
მოძრაობა ეკვილიბრიუმი უკვე წლებია სოფლის ბიბლიოთეკებს ეხმარება წიგნებით, აფუძნებს ახალ ბიბლიოთეკებს, ატარებს საგანმანათლებლო შეხვედრებს და ამით ხელს უწყობს წიგნიერების პოპულარიზაციას საქართველოში.
„მორიგი ძალიან დიდი ამბავი: ალბათ ბევრმა იცის ,,მთის ამბების” ფანტასტიკური პროექტის შესახებ, რომელიც მთაში სოფლად მარტო მცხოვრები ადამიანების შესახებ მოგვითხრობს. დამებადა იდეა და ახლა მოვილაპარაკე გელა მთივლიშვილთან – ჩვენი საგანმანათლებლო მოძრაობა დაიწყებს ახალ მიმართულებას – ,,ბიბლიოთეკა მარტოკაცებისთვის” (ცხადია, გენდერულად მხოლოდ მამაკაცები არ იგულისხმებიან) – ახალი ჟურნალები, წიგნები და ყველაფერი, რაც მათ წინასწარ შეთანხმების შედეგად დააინტერესებთ” – წერს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მოძრაობა ეკვილიბრიუმის დამფუძნებელი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.