”მაშინვე გადავწყვიტეთ ჩვენი როიალი საჩუქრად გადაგვეცა კონსერვატორიისთვის…’’

კონსერვატორიაში ძველი როიალების ახლით ჩანაცვლების მიმდინარე პროცესში კერძო პირებიც არიან ჩართულები. მათ შორის არის კონსერვატორიის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტი ვალერი მჭედლიძე დედასთან – ნინო სილაგაძესთან ერთად.

მათ საკუთარი როიალი საჩუქრად გადასცეს კონსერვატორიას. ახალმა როიალმა ბინა საოპერო სტუდიის აუდიტორიაში დაიდო.

„ჩემთვის, როგორც კონსერვატორიის სტუდენტისთვის, ძალიან გასახარი იყო, როდესაც ინფორმაცია როიალების პრობლემის შესახებ საყოველთაოდ გაჟღერდა. ეს მოხდა ნოემბერში, საოპერო სტუდიის საპრემიერო სპექტაკლზე „ქეთო და კოტე“;  წარმოდგენის დაწყებამდე კონსერვატორიის რექტორმა, ქალბატონმა ნანა შარიქაძემ აუდიტორიას და სრულიად საზოგადოებას მოუწოდა გაერთიანებისკენ, რათა ერთობლივი ძალისხმევით კონსერვატორიაში არსებული ამორტიზებული როიალები ნელ – ნელა ჩანაცვლდეს ახლით. ისიც გავიგეთ, რომ საოპერო სტუდიის მიმდინარე სეზონის სამივე სპექტაკლის გაყიდული ბილეთების შედეგად შემოსული თანხა როიალების შესაძენად გადაირიცხებოდა, ხოლო ბატონმა გოგი ჭიჭინაძემ გამოაცხადა პირველი კერძო შემოწირულობის შესახებ, რომელიც მან გაიღო საზღვარგარეთ დაგეგმილი კონცერტის ჰონორარიდან.

ეს იყო სტიმული ჩემთვის და დედისთვის. მაშინვე გადავწყვიტეთ ჩვენი როიალი საჩუქრად გადაგვეცა კონსერვატორიისთვის.’’ – წერს ვალერი მჭედლიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები