“შექსპირი საქართველოში” – ღონისძიება ოქსფორდის უნივერსიტეტში გაიმართა
21 იანვარს, დიდ ბრიტანეთში, ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლის ბიბლიოთეკაში ღონისძიება “შექსპირი საქართველოში” გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში გამართულ გამოფენაზე, სემინარსა და კინოჩვენებაზე წარმოდგენილი იყო ქართული შექსპირიანას შესახებ უორდროპების კოლექციაში დაცული უნიკალური ხელნაწერები, წერილები და წიგნები, აგრეთვე საქართველოში გამოცემული ალბომები, წიგნები, ლიტერატურული ჟურნალები, სამეცნიერო კრებულები, რუსთაველის თეატრის მუზეუმში დაცული უნიკალური აფიშები, პროგრამები და ფოტო მასალა. ღონისძიების დასასრულს ყველა ექსპონატი ბოდლის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადაეცა.
კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, საქართველოს ელჩმა დიდ ბრიტანეთში, თამარ ბერუჩაშვილმა, ქეთრიონა ქენონმა ბოდლის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ, ჯილიან ივისონმა, დან ჰილიმ და დავით მაზიაშვილმა. ელჩმა, თამარ ბერუჩაშვილმა ისაუბრა შექსპირის უნიკალურ შემოქმედებაზე და მის გავლენაზე ქართულ ლიტერატურასა და ხელოვნებაზე, ასევე საქართველოსა და ბრიტანეთს შორის კულტურის სფეროში არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზე.
კონფერენციაზე ნაჩვენები იყო გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ სამხატვრო ხელმძღვანელის, მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფიული წარმოდგენა „შექსპირი სიყვარული”, რომელიც 2016 წელს რუსთაველის თეატრში დაიდგა და შექსპირის გარდაცვალებიდან 400 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა.
ღონისძიების დასასრულს იდეის ავტორმა და ორგანიზატორმა, დავით მაზიაშვილმა ცნობილი ბრიტანელი პროდიუსერისა და მსახიობის თელმა ჰოლტის ექსკლუზიური ვიდეო ინტერვიუ წარმოადგინა, რომელიც 1980 წელს რუსთაველის თეატრის ლეგენდარული სპექტაკლის „რიჩარდ მესამე“ ლონდონში ისტორიული გასტროლის შესახებ მსახიობის მოგონებებზე დაყრდნობით შეიქმნა „Conversation with Thelma Holt Georgian Richard III On My Mind“.
ღონისძიება „შექსპირი საქართველოში“ არის 2020 წელს დიდი ბრიტანეთში მიმდინარე პროექტის, “ქართული სეზონის“ ნაწილი.