სულგუნი“ – უძველესი, ტრადიციული ყველის სახეობა, რომლის წარმოება სამეგრელოსა და სვანეთიდან გავრცელდა

სულგუნის ტიპის, წელვადი გადაზელილი ყველი ევროპაში ცნობილია ჩედერიზებული ყველის სახელით. სულგუნი შეიძლება იყოს ჭყინტი, მშრალი, დავარგებული და შებოლილი. ის მზადდება ძროხის, კამეჩის, ან თხის რძისგან, ან მათი ნარევისგან. ის ცალსახად რძის პროდუქტია, თუმცა არომატიზების მიზნით შეიძლება დაემატოს სხვადასხვა ინგრედიენტები და შეზავდეს პიტნით, ტარხუნით, ქონდრით, სხვა მწვანილებითა და სანელებლებით, ასევე, მზადდება აჯიკის საკმაზით, თაფლით, ღვინოში დავარგებით, ჭაჭით, თხილის, კაკლის და ნუშის მინარევებით.

მის გამორჩეულ გემოვნურ თვისებებს ისიც ემატება, რომ აქვს ელასტიკური კონსისტენცია, გლუვი ზედაპირი და ფურცლოვანი ფენები, რომლებიც ერთმანეთისგან ადვილად ცალკევდება. სულგუნი არ უნდა იგლისებოდეს პირში, არ უნდა ჰქონდეს ნასვრეტები. დასაშვებია მხოლოდ ღრუსებრი სიცარიელე ფენებს შორის, ისიც მცირედ.

ფორმების მხრივაც გამორჩეულად მრავალფეროვანია სულგუნი. სხვადასხვა რაიონში სუფრებზე, ოჯახებში, თუ საწარმოში, განსხვავებული ვიზუალის სულგუნს აღმოაჩენთ. ის შეიძლება იყოს მთლიანი თავი ან დაჭრილი, სფერული ფორმის ზემოდან კვანძით, დაწნული, ზონრის, ჩხირების, ფირფიტის ფორმის და ა. შ.

სულხან-საბა ორბელიანის (XVII ს.) და დავით ჩუბინაშვილის (XIX ს) წერილობითი წყაროების, ასევე ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული კრებულის მიხედვით, სულგუნი ერთ-ერთი უძველესი, ტრადიციული ყველის სახეობაა, რომლის წარმოების კულტურა სამეგრელოსა და სვანეთიდან გავრცელდა. საქპატენტში, როგორც ადგილწარმოშობის დასახელება რეგისტრირებულია „მეგრული სულგუნიც“ და „სვანური სულგუნიც“. ტრადიციული ცოდნა დროთა განმავლობაში თაობიდან თაობას გადაეცემოდა, გაფართოვდა სულგუნის დამზადების არეალი და, საბოლოოდ, სულგუნი საქართველოს სხვა რეგიონებშიც გავრცელდა. უმეტესად დასავლეთის მხარეში. საქპატენტში რეგისტრაციის შემდეგ, დადგენილი წესების თანახმად, სულგუნის გავრცელების გეოგრაფიული არეალი არის მთელი საქართველო.

გეოგრაფიული აღნიშვნა „სულგუნი“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2012 წლის 24 იანვარს. დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე.

წყარო: საქპატენტი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები