გენო პეტრიაშვილმა ევროპის ჩემპიონატი ვერცხლის მედლით დაასრულა, მირიან მაისურაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბუქარესტის ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი დღე მედლებით დაასრულა.

ოლიმპიური თამაშების ვერცხლის და ბრინჯაოს, მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონი ქართველი მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი ასპარეზობას მერვედფინალიდან შეუდგა.  იოლად – 9-0 დაამარცხა ავსტრიელი იოჰან ლუდეშერი. ასევე მარტივად გაუმკლავდა ბულგარელ ალან ხუბულოვს (10-4), ნეიტრალური ქვეყნის სახელით მოასპარეზე ბელორუს დენის ხრომენკოს (10-0) და ევროპის ჩემპიონატებზე მისთვის მეშვიდე ფინალში ასპარეზობის უფლებაც მოიპოვა.

ქართველი მძიმეწონოსანი მესამე ევროპული ოქროს მედლის მოპოვებას ევროპის ცხრაგზის ჩემპიონ  თურქ ტაჰა აკგულთან შეეცადა, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია და ჩემპიონატი ვერცხლის მედლით დაასრულა.

ჩვენს გუნდს თავისი წილი მედალი შემატა მირიან მაისურაძემ (92 კგ), რომელმაც მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მოლდაველ მეტოქეს მოუგო.

ერთი დღით ადრე ჩემპიონობა მოიპოვა გივი მაჭარაშვილმა (97 კგ). ჩემპიონობამდე ნაბიჯი დააკლდა აკაკი ქემერტელიძეს (70 კგ), ავთანდილ კენჭაძემ (79 კგ) და რობერტ დინგაშვილმა (57 კგ) კი ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს.

საქართველოს თავისუფალი სტილოთ მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები