კახა ბენდუქიძის კამპუსში პროფესორი პიტერ მაკმილანის საჯარო ლექცია და ვორქშოფები გაიმართება

1 და 2 დეკემბერს იაპონიის საერთაშორისო თანაშრომლობისა (JICA) და თავისუფალი უნივერსიტეტის ორგანიზებით კახა ბენდუქიძის კამპუსში პროფესორი პიტერ მაკმილანის საჯარო ლექცია და ვორქშოფები გაიმართება.

“1 დეკემბერს, 14:30 საათზე(აუდიტორია #322),პიტერ მაკმილანი წაიკითხავს ლექციას თემაზე: “იაპონური ლიტერატურის გამოყენება ტურიზმისა და რეგიონული ეკონომიკის განვითარებაში და მისი გადმოტანის ალბათობა ქართულ რეალობაში”. ლექციაში ასევე მონაწილეობს იაპონელი ენათმეცნიერი, ქართველოლოგი, კავკასიოლოგი და მთარგმნელი, იასუჰირო კოჯიმა.

ასევე, პიტერ მაკმილანი გამართავს ორ ვორქშოფს:

  • “იაპონური სტუმარმასპინძლობა” – 1 დეკემბერი, 10:00 საათი, აუდიტორია #408, სამუშაო ენა – იაპონური;
  • “მაცუო ბაშო” – 2 დეკემბერი, 10:00 საათი, აუდიტორია #224), სამუშაო ენა – ინგლისური“, – ნათქვამია თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პიტერ მაკმილანი არის მთარგმნელი და პოეტი, კომპანია Tsukinofune Co.-ის დამფუძნებელი და დირექტორი, იაპონური ტელეარხის, NHK World-ის, გადაცემის “ჯადოსნური იაპონური ენა“ წამყვანი.

ის სხვადასხვა პერიოდში საქმიანობდა ტოკიოს, კიორინის და ტოკიოს ქალთა ქრისტიანულ უნივერსიტეტებში. მიღებული აქვს ჯილდოები მთარგმნელობითი საქმიანობისთვის იაპონიასა და აშშ-ში.

პიტერ მაკმილანის თარგმანებს განეკუთვნება: “ჰიაკუნინ იშუ”, კლასიკური იაპონური კრებულის თარგმანი, “ისე მონოგატარი”, “ასი პოეტის ერთი პოემა”. მისი უახლესი წიგნია “მოგზაურობა მაცუო ბაშოს პოეზიაში”. მის უკანასკნელ პუბლიკაციებში შედის “იაპონური კლასიკის კითხვა ინგლისურ ენაზე” და “მანიოშუ ინგლისურად”. ასევე მისი ავტორობით “ვარსკვლავების ტყის” სათაურით სერიულად ქვეყნდება პუბლიკაციები იაპონურ გაზეთ “ასაჰიში”. ის ფლობს მაგისტრის ხარისხს ფილოსოფიაში და დოქტორის ხარისხს ინგლისურ ლიტერატურაში. ის ასევე მოღვაწეობს ტრადიციული იაპონური მხატვრობის მიმართულებით “სეისაის” ფსევდონიმით.

პიტერ მაკმილანის ლექცია და ვორქშოფები იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მიერ ორგანიზებული სალექციო კურსის ფარგლებში ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები