„მთავარია ემიგრაციის პირველ ეტაპს გაუძლო, მერე კი ისე ეჩვევი შეცვლილ ცხოვრებას, რომ უჩვეულო დღეები უკან რჩება…“

იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის – ხათუნა შარაძის ნამდვილი ამბავი

“ყოველთვის მინდოდა თხრობა ასე დამეწყო. ნამდვილი ამბების თხრობა. ამბების, რომელსაც მე დავაგროვებდი. ნამდვილი ამბების ძიებაში თავი ემიგრაციაში ამოვყავი, სამხრეთ იტალიის ქალაქ კასტელანა გროტეში, Via Pietro Giorgo-ს ქუჩაზე.

გადამწყვეტ მომენტში, ცხოვრება ავწონეთ, ბარგში ჩავალაგეთ და სხვა ქვეყანაში გადავსახლდით!  ჩვენი გოგონა 4 წლის იყო. ჩვენ თავისუფლება გვსურდა და უკეთესი ცხოვრება, სწორად დაგეგმილი მომავალი.

ქალაქის ისტორიულ უბანში, ქვაფენიალიან ქუჩაზე და განის ნაცვლად სიმაღლეში ამოყვანილ სახლში დავსახლდით. სახლივით ვერტიკალური გვქონდა ფიქრებიც. თუმცა, იმის გაფიქრება, რომ სახლი უკვე გვქონდა მშვენიერი ამბავი იყო, იმდენად მშვენიერი რომ ცხოვრების გაგრძელების იმედს იძლეოდა.

ამ სახლიდან დაიწყო ჩვენი ემიგრანტული ცხოვრების ნათლობა და ხელახლა წამოდგომის მარათონი. რაც შეეხება სახლს, მსგავსი არქიტექტურა იყოს მიწის გადასახადის შეღავათი და იტალიელმა ხალხმაც სახლები „ცად აზიდეს“.

სამზარეულო ბოლო სართულზე ჰქონდათ, რადგან პასტისა და პომიდვრის ოხშივარი მთელ სახლს არ მოსდებოდა. სამზარეულოდან ტერასაზე გადიხარ. ყველა მსგავს სახლს აქვს თავისუფლების შეგრძნების ღია სივრცე და სამყაროსთან კავშირის კუთვნილი ტერიტორია. მეორე სართულზე საძინებელი ოთახია, ხოლო პირველი სართული მისაღები ადგილი. ასეთი სახლები მთლიანად ქვისგან არის ნაგები. არ აქვს ფანჯრები და გამუდმებით ცივა.

ასეთ სახლში ვცხოვრობდით და ჩვენი ცხოვრების ახალ ისტორიას ვწერდით. ისტორიულ სახლში ცხოვრება არც ისე ადვილია, უცნაურ, შინაგან პასუხისმგებლობას გრძნობ.

ვინაიდან ჩემს იტალიურ ქალაქში და ზოგადად სხვა ქალაქებში ემიგრანტებს არ აქვთ, თუნდაც ქირით სახლის ქონის ფუფუნება, სხვისი სახლებით სარგებლობენ – დღეში ორი საათით და კვირაში ერთი სრული დღით. ემიგრაცია უცნაური ფენომენია, ცხოვრობ თანამედროვეობის ეპიცენტრში და მნიშვნელოვნად ჩამორჩები თანამედროვეობას. ემიგრანტი სრულიად განსხვავებული არაფორმალური წესებით ცხოვრობს.

ვინაიდან „ჩემი“ სახლი უკვე მქონდა და ვიაზრებდი ემიგრანტების მდგომარეობას, სახლის კარი რაც შეიძლება ფართოდ გავაღე და ყოველ დღე, 17:00 საათიდან 19:00 საათამდე ჩემთან ემიგრანტი ქალები მოდიოდნენ. ერთი მეორეს მიყოლებით ირეკებოდა კარებზე ზარი და შვიდ საფეხურიან კიბეს მძიმედ ამოაბიჯებდნენ. ორი საათი გვქონდა ყველაფრის თქმის ლიმიტად. ორ საათში ვატევდით საქართველოს ამბებს, იტალიის წესებს, მოხუცების ჩვევებს, კანონების განხილვას, ხელფასს და საქართველოში განსახორციელებელ ოცნებებზე საუბარს. გადასატან დღეებში ვეხმარებოდით ერთმანეთს. მათთან მორიგეობით ვტოვებდი მარიამს. ერთი თმას უწნავდა, მეორე ხაჭაპურს უკეთებდა, მესამეს ბაღიდან გამოჰყავდა, მე კი, მე ხან ერთ სახლს ვალაგებდი და ხან მეორეს, ვგვიდი სადარბაზოებს, ვრეცხავდი ჭურჭელს და ვოცნებობდი ორმოდან ამოსვლაზე, რომელშიც ძალიან ბნელოდა.

ჩვენი გეგმები ასეთი იყო: ირმას სახლის ყიდვა უნდოდა. სამ შვილზე იზრუნა და ახლა მისი ჯერი დადგა. ქეთი, შვილების სწავლის დაფინანსების დასაგროვებლად ჩამოვიდა იტალიაში. ანას მომავლის გეგმები ჰქონდა, მიზნისკენ მტკიცედ მიიწევდა. თეამ შვილები ჩამოიყვანა, სამნი ადვილად დავძლევთ ჩვენს გამოწვევებსო.

ორ საათში ჩატეული ამბებით და შეკოწიწებული დღეებით, ყველამ შევძელით პირველი ნაბიჯების გადადგმა. თურმე, მთავარია ემიგრაციის პირველ ეტაპს გაუძლო, მერე კი ეჩვევი, ისე ეჩვევი შეცვლილ ცხოვრებას, რომ უჩვეულო დღეები უკან რჩება.

ირმამ საქართველოს ბანკში ანგარიში გახსნა, საკუთარ თავთან აგზავნიდა თანხას რია გზავნილით. დაცული  ანგარიში ჰქონდა და ზუსტად იცოდა როგორ გაენაწილებინა საკუთარი ხელებით მონაპოვარი, ისე, რომ არავის ჰქონოდა წვდომა მის ფინანსებთან. უხერხული სიტუაციიდან გამოსვლის ერთადერთი საშუალება იყო. ხშირად გვესმოდა, ემიგრაციაში დაკარგული წლების შესახებ, როგორ გაუნიავეს მინდობილობით მინიჭებული სტატუსის მქონე “ახლობლებმა“ ადამიანებს საკუთარი ნაშრომი. ასე რომ, ეს საუკეთესო გამოსავალი იყო.

თეამ ბიჭები ჩამოიყვანა, ქეთიმ შვილებს ასწავლა და ახლა, ახალი გეგმები აქვს. ანამ, ირმას გამოცდილება გამოიყენა და საქართველოს ბანკში ანაბრის გახსნა გადაწყვიტა, საკუთარ ოცნებას მიჰყვა. აქ ასეა, ერთმანეთის გამოცდილებას ვსესხულობთ და ვცდილობთ ნაკლები შეცდომები დავუშვათ.

მე, მარიამი და კოტე ისევ აქ ვართ და საქართველოში დაბრუნების გეგმაზე ვმუშაობთ. რაც შეეხება მარიამს, გვინდა ანაბარი გავუხსნათ, ჩვენი ყველაზე დიდი ინვესტიცია მისი განათლებაა!!! ახლა ჩვენი აწმყო ემიგრაციაა, ხოლო მარიამის მომავალი საქართველოა! ჩვენ უნდა დავბრუნდეთ!

რაც შეეხება ძველ სახლს, სახლი შევიცვალეთ, დიდ და ნათელ ბინაში გადავედით, ემიგრაციასაც შევეჩვიეთ და ჩვენი სახლის კარები ისევ ფართოდ ღიაა.

ხათუნა შარაძე. 2023 წელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები