ვატიკანში ქართული დამწერლობისთვის მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
20-21 აპრილს, ვატიკანში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ქართული დამწერლობისთვის მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც „დანტე ალიგიერის საზოგადოებამ“ მის სათავო ოფისში, ფლორენციის სასახლის ისტორიულ შენობაში უმასპინძლა.
ღონისძიების პირველი ნაწილი ქართული ენისა და ანბანის შესახებ პრეზენტაციას დაეთმო. დამსწრე საზოგადოებას ქართული დამწერლობის სამი სახეობა გააცნო ქართველმა მეცნიერმა, ფილოლოგმა, მთარგმნელმა, ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტ „ლ’ორიენტალეს“ ქართული ენისა და ლიტერატურის პროფესორმა გაგა შურღაიამ.
პარალელურად ქართველი მხატვრისა და კალიგრაფის გიორგი სისაურის გამოფენა გაიმართა.
ღონისძიების დასასრულს გაიმართა გიორგი სისაურის მასტერკლასი და მიღება, რომელზედაც დამსწრე საზოგადოებას ქართული ღვინისა და კერძების დაგემოვნების შესაძლებლობა მიეცა.