ეროვნულ ბიბლიოთეკას ისტორიკოსების, აკაკი და პაატა სურგულაძეების პირადი ბიბლიოთეკა გადაეცა

რამდენიმე ასეული წიგნი, რომელთა შორის არის ავტოგრაფიანი გამოცემებიც, უკვე ეროვნულ ბიბლიოთეკაშია. წიგნები დამუშავდება, შეიქმნება ელექტრონული კატალოგი, რომელსაც აკაკი და პაატა სურგულაძეების კოლექცია დაერქმევა, თავად ბიბლიოთეკა კი გადაეცემა ფონდს, სადაც უსაფრთხოდ და ყველა პირობის დაცვით იქნება შენახული.

„ბევრი ვიფიქრე, სანამ მამის და ჩემს პირად ბიბლიოთეკას ეროვნულ ბიბლიოთეკას გადავცემდი. გადაწყვეტილების მიღება გამიადვილა იმანაც, რომ ჩემმა ვაჟმა სხვა პროფესია აირჩია. მამამ, ისტორიკოსმა, პროფესორმა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა აკაკი სურგულაძემ მთელი ცხოვრება მეცნიერებას მიუძღვნა. ის სტუდენტობიდან შეუდგა ბიბლიოთეკის შექმნას და საკმაოდ ბევრი გამოცემა დაუგროვდა, რომელთა შორისაა ავტოგრაფიანი წიგნებიც. მას წიგნისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა, რაც მეც მასწავლა. წიგნებს თავისი ბედი აქვს. თითოეული მათგანის გამოცემაში კი დიდი შრომაა ჩადებული, რაც ძალიან დასაფასებელია. მეც მეცნიერებას მივუძღვენი მთელი ცხოვრება და სერიოზული ბიბლიოთეკა შევქმენი. ახლა კი ეს გამოცემები ეროვნულ ბიბლიოთეკაშია და რაც მეტი ადამიანი წაიკითხავს მათ, მით მეტად ცოცხლობს წიგნიც და ავტორიც. რაც მთავარია, წიგნები ეროვნულ ბიბლიოთეკაში უსაფრთხოდ იქნება დაცული და მოვლილი, რაც ასევე მნიშვნელოვანია. მადლობას ვუხდი ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობას და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ გამოცემების დამუშავებაში და დაბინავებაში მიიღებს მონაწილეობას. აქვე სხვა მეცნიერების ოჯახებსაც მივმართავ და ვურჩევ, მათაც გადასცენ თავიანთი ბიბლიოთეკები ეროვნულ ბიბლიოთეკას“, – განაცხადა ისტორიკოსმა, პროფესორმა პაატა სურგულაძემ.

„მივმართავთ მეცნიერებს, მათ ოჯახებს, მოიტანონ თავიანთი არქივები, დოკუმენტები, წიგნები ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ამით გამდიდრდება ფონდიც და ელექტრონული ბაზებიც. ასევე დავეხმარებით რეგიონების, ქალაქების, სოფლების ბიბლიოთეკებს და მათ ფონდებსაც შევავსებთ. უკვე წლებია, ეროვნული ბიბლიოთეკა სოფლის ბიბლიოთეკების განახლებაზე ზრუნავს“, – აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები