თსუ-სა და დასავლელი მეცნიერების ერთობლივი არქეოლოგიური პროექტი ომანში

„ველზე დილის 6 საათიდან შუადღის 2 საათამდე ვმუშაობთ. გათხრებისას ველის 3D მოდელისთვის ფოტოგრამეტრიას ვაკეთებთ, შემდეგ კი მუშაობას სახლში ვაგრძელებთ: მოპოვებულ მასალას ვწმენდთ და ვახარისხებთ, ვამზადებთ ჩანახატებს, ვიწყებთ ფლოტაციას – ნიადაგიდან ბოტანიკურ მასალას გამოვარჩევთ არქეობოტანიკური ანალიზებისთვის,“- ამ ჩანაწერის ავტორი  ვლადიმერ ქენქაძეა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსელი. ვლადიმერი ახლა ომანში იმყოფება და თსუ არქეოლოგთა ექსპედიციის სხვა წევრებთან ერთად, სასანიდური პერიოდის არქეოლოგიურ ძეგლს იკვლევს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგები ომანში არქეოლოგიურ გათხრებს, თანამედროვე და ინოვაციური ტექნოლოგიების მეშვეობით, ფრანგ, კანადელ, ბრიტანელ და ირლანდიელ კოლეგებთან ერთად ახორციელებენ.

თსუ დოქტორანტი დავით ნასყიდაშვილი პროექტში თანამედროვე ტექნოლოგიურ მიმართულებას ხელმძღვანელობს, რაც არქეოლოგიური ძეგლის სამგანზომილებიან ფიქსაციას, აღმოჩენილი ექსპონატების თანამედროვე ფიქსაციასა და აღრიცხვას გულისხმობს. დავითი ომანში თსუ სტუდენტებთან ვლადიმერ ქენქაძესთან და თათია მამალაშვილთან ერთად იმყოფება.

„თსუ-ს წიაღში უკვე 16 წელიწადია სხვადასხვა როლში ვარ, დაწყებული სტუდენტობიდან, დამთავრებული პროფესორის ასისტენტობით. ომანში პირველად 2016 წელს მოვხვდი და  დღეს უკვე Fulayj Fort Project – ში ვარ ჩართული. ძალიან საინტერესო ძეგლზე გვიწევს მუშაობა, ერთი შეხედვით მასშტაბური ციხესიმაგრე არაა, მაგრამ იგი არაბეთის ნახევრკუნძულის მეტად მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენას უკავშირდება. პერიოდს, როდესაც სპარსული სასანური იმეპრიის გავლენა სუსტდება და ჩნდება ისლამი. შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნულ ძეგლზე კარგად არის ასახული ეს მნიშვნელოვანი ისტორიული ცვლილებები,“- გვეუბნება დავით ნასყიდაშვილი.

დავით ნასყიდაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სასწავლო კურსს „არქეოლოგია და თანამედროვე ტექნოლოგიები“ კითხულობს. მისი თქმით, მიმდინარე წელს დასავლელ მეცნიერებთან ერთად ომანში დაგეგმილ არქეოლოგიურ ექსპედიციაში თსუ-ს არქეოლოგიის საბაკალავრო პროგრამიდან ორი, უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე, სტუდენტის ჩართვა გახდა შესაძლებელი. სწორედ ასე მოხვდნენ ომანში ვლადიმერი და თათია.

„აღმოჩნდა, რომ ციფრული პლატფორმების მეშვეობით გადაცემული ინფორმაცია ეფექტურად აითვისეს აწ უკვე ჩემმა ყოფილმა სტუდენტებმა და წარმატებით ართმევენ თავს ყველა დავალებას. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მათ, როგორც თსუ-ს არქეოლოგთა ექსპედიციის წევრებს, უკვე გავლილი აქვთ გრაკლიანისა და კვირპოსის არქეოლოგიური „სკოლა“, რაც თავის მხრივ აიოლებს მათ ინტეგრაციას დასავლურ არქეოლოგიურ ექსპედიციებში,“- გვეუბნება დავითი.

მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ ანგლოომანური საზოგადოებისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და მულტიდისციპლინარულ პროექტში თსუ უკვე 4 სტუდენტით იქნება წარმოდგენილი.
„ცხადია, აუცილებელია როტაციის პრიციპი და, ამ შემთხვევაშიც, უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები შეირჩევიან,“- ამბობს დავით ნასყიდაშვილი.

თსუ-სა და დასავლელი მეცნიერების ერთობლივი პროექტი ომანში 2022 წლის პირველ ნახევარში დასრულდება. თუმცა, როგორც თსუ მეცნიერები ამბობენ, ძეგლის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ შეუსწავლელია.
„ჩვენი აღმოჩენებიდან გამომდინარე, პროექტს განვითარების დიდი გზა აქვს,“- ამბობს თათია მამალაშვილი და განაგრძობს,- „ჩვენ ვმუშაობთ როგორც კერამიკაზე, ასევე ველზე, პრეპარაციაზე, ვაკეთებთ ფლოტაციას, აღრიცხვას, ჩახატვასა და ჩახაზვას. მუშაობის პროცესი აქ განსხვავებულია, შესაბამისად, ჩემთვის ძალიან საინტერესო და შემეცნებითია. თითოეულ ასეთ ექსპედიციაში დიდ გამოცდილებას ვიღებ,“- აღნიშნავს თათია.

როგორც თათია და ვლადიმერი გვეუბნებიან, ომანში მიღებული გამოცდილების მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოელ კოლეგებს და მათ მიერ ცოდნის გაზიარებას უკავშირდება.

„ჩვენ ჩართული ვართ მუშაობის თითქმის ყველა ეტაპში. ჩემთვის ყველაზე საინტერესოა უცხოელი მეცნიერების მიდგომა საქმისადმი. ბავშვობიდანვე ძალიან მიზიდავდა დაკარგული განძის, ძველი ნივთებისა და ნაგებობების პოვნის იდეა. თსუ-ს არაერთი ექსპედიცია აქვს არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთ, ასევე თანამშრომლობს ბევრ უნივერსიტეტთან, ამიტომ გადავწყვიტე ჩემი ინტერესი თსუ-ში არქეოლოგიაზე ჩაბარებით განმევითარებინა და, ვფიქრობ, რომ აქ მნიშვნელოვან გამოცდილებას და ცოდნას მივიღებ,“- ამბობს ვლადიმერ ქენქაძე.

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები