“ნუ დამწუხრდებით, მე არასოდეს მიყვარდა მწუხარება”…სვიმონ დადიანის წერილი დას – ბაბო დადიანს

ქართველი მხატვრისა და მოქანდაკის – სვიმონ დადიანის წერილი დას – ბაბო დადიანს

„გეხვევი მაგრად ჩემო მუდამ სანატრელო ბაბოშკა – ეს ესაა მიშას წერილი მივიღე სადაც მწერს, რომ შენი და ბონდოს გრძელი წერილი მიიღო. ამოვისუნთქე – ისე ვღელავდი ამდენი ხანი არაფერი ვიცოდი თქვენს შესახებ….. ჩემი რა მოგწერო – ვმუშაობ ბევრს ეს ოთხი თვე ჩემი ნახატები ნელ-ნელა იყიდება . თუმცა ჩემი ოცნება არის ბევრი ნამუშევარი მოვაგროვო და პარიზში გამოფენა მოვაწყო. ერთ-ერთი სურათი რომ დავამთავრე ცალკე გადავდე შენთვის – სულ იასამანის (მუქი) ფერებია ,რაც სხვათა შორის ძნელი დასახატია , მე მგონია კარგად გამოვიდა. როგორც კი მოვახერხებ სურათებს გადავიღებ, შენ მგონი ამის იმედი ცოტა დაკარგე, გთხოვ ბოლომდე ნუ დაკარგავ ამას საჩქაროდ გწერ რომ დაგარწმუნო ნაქებარი ძაღლივით არა ვარ, დედასი არაფერი ვიცი …. გეხვევით ყველას ცალ-ცალკე და შენ კიდევ ერთხელ მაგრად დაგიკოცნი ცხვირის ბოლოს.

შენი ცუცნა”

მხატვარი და მოქანდაკე, Სვიმონ კოკის ძე დადიანი 1975 წელს 27 თებერვალს, სან ფრანცისკოში, სისხლის მძიმე სნეულებით გარდაიცვალა.

დაკრძალულია სან -ფრანცისკოს Wood Lawn-ის სასაფლაოს სამხედრო სექტორში. თავისი ავადმყოფობა ახლობლებისთვის არ გაუმხელია. მისი უკანასკნელი საიდუმლო მხოლოდ ერთმა მეგობარმა ქალმა – ბეტსიმ იცოდა… გამოსათხოვარ წერილში სიმონიკა ნათესავებს სწერდა: “არასოდეს უსაყვედუროთ ბეტსის, რომ მან ის საიდუმლო შეინახა, რომელიც მე დავაფიცე. არ ჰქონდა აზრი. წლების მანძილზე უნდა დამემძიმებინეთ დარდით, რომელთანაც უძლურნი იქნებოდით. ჩემი ადვოკატი შეგატყობინებთ, სად არის შენახული ჩემი ნამუშევრები და თქვენ თანდათან შესძლებთ მიიღოთ ისინი. ჩემი ერთადერთი სურვილია, რომ არ ვიყო უსაზღვრო მწუხარების მიზეზი… ნუ დამწუხრდებით, მე არასოდეს მიყვარდა მწუხარება”…

წყარო:  Académie géorgienne-française ჟან შარდენის ქართულ-ფრანგული აკადემია

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები