ვის უწოდებენ ქართველები ისრაელში „დოქტორ ივრითს“ ანუ როგორ უნდა „შემოგესწავლოთ“ ივრითული

კარგად ვიცით რა სირთულეების გადალახვა უწევთ უცხოეთში სამუშაოდ ჩასულ ქართველ ემიგრანტებს, რათა ახალ გარემოში ნორმალურად დამკვიდრდნენ. მათთვის ძირითადი პრობლემა ენის ბარიერია, რადგან კომუნიკაციის გარეშე სამსახურის პოვნა რთული, ზოგჯერ, შეუძლებელიცაა. მით უმეტეს, თუკი საუბარი ისეთ ქვეყანაზეა, როგორიცაა, ისრაელი. იქ ჩასული ქართველები იძულებული არიან ივრითული ენის შემსწავლელ კურსებზე ჩაეწერონ, მაგრამ ამას ხშირად სასურველი შედეგი არ მოაქვს, რადგან ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ადგილობრივმა მასწავლებელმა ხშირად ქართული ენა არ იცის…

ასეთ სიტუაციაში, ლიკა დავიდ დიღმელაშვილის ენის შემსწავლელი ონლაინ კურსები ჩვენი ემიგრანტებისთვის ხსნა და ერთადერთი გამოსავალია. თანაც, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებასაც, რომ ქალბატონ ლიკას ენის გამარტივებულად სწავლის სპეციალური მეთოდი აქვს შემუშავებული.  პირველ ეტაპს მასთან ექვს თვეში გადიან. კურსის ხანგრძლივობა შვიდთვენახევარია. რაც მთავარია, მსურველებს, თავის ცოდნას ქართულ ენაზე და მისაღებ ფასად გადასცემს. ყველაფერ ამის გამო ისრაელში მყოფი ქართველები მას „დოქტორ ივრითს“ ეძახიან. ამ ეტაპზე ქალბატონი ლიკა წერს წიგნს, რომელიც ხუთ ენაზე გამოვა და ამდენად, „დოქტორ ივრითი“ საერთაშორისო ბრენდი გახდება. თუ რაში მდგომარეობს ენის სწავლის მისეული მეთოდი, ამაზე თავად მოგვახსენებს. გზადაგზა ჩვენი ემიგრანტების მოსაზრებებსაც გაგაცნობთ.

– ქალბატონო ლიკა, რამდენადაც ვიცი, ათი წლის იყავით, როცა საქართველოდან ისრაელში ჩახვედით და ქართულ ენასთან კავშირი დღემდე არ გაგიწყვეტიათ, რა მოგონებები გაგყვათ აქედან?

– საქართველო ჩემი სიყვარულია, რადგან ბავშვობის ლამაზი მოგონებები მასთანაა დაკავშირებული. თბილისში, მთაწმინდის უბანში ვცხოვრობდით. კარგად მახსოვს ჩვენი ძველი ლოცვა-სინაგოგა, რომელიც ლესელიძის ქუჩაზეა. მეზობლები ერთმანეთთან ხშირად გადავდიოდით, რადგან ერთად ყოფნა ცხოვრებას გვიმსუბუქებდა. საქართველოში მიმდინარე ომმა და მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ იძულებული გაგვხადა იქაურობა დაგვეტოვებინა და ისრაელში ჩამოვსულიყავით.

– როდის გადაწყვიტეთ, რომ ქართველ ემიგრანტებს ივრითული შეასწავლოთ და სწავლების თქვენეული მეთოდის უპირატესობა რაში მდგომარეობს?

– მოგეხსენებათ, ქართველი ემიგრანტების უმრავლესობა ისრაელში სამუშაოდაა ჩამოსული. მიუხედავად იმისა, რომ აქ საკმაო ხანი იმყოფებიან, ივრითულის სწავლას მაინც ვერ ახერხებენ. არადა, ენის ცოდნის გარეშე აქ ცხოვრება საშინლად ძნელია. ამიტომ ერთ დღესაც გადავწყვიტე, რომ ივრითული ჩემ მიერ შემუშავებული, გამარტივებული მეთოდით ვასწავლო. ამ დროს სასწავლო წიგნებსა და სახელმძღვანელოებს არ ვიყენებ. ენის გრამატიკას, რომელსაც სხვადასხვა სკოლებში თვეების განმავლობაში ასწავლიან, მე, გაადვილებული სახით, რამდენიმე გაკვეთილში ვასწავლი.

ლიკა დავიდ დიღმელაშვილის მოსწავლე – ნატალი, 35 წლის, ქუთაისიდან: „ისრაელში უკვე რვა წელია ვარ, მაგრამ ივრითული ვერაფრით ვისწავლე. ქართველებისგან გავიგე მასწავლებელზე, რომელიც ხალხს ამ ენას გაადვილებული მეთოდით ასწავლის. ამის მერე, ქალბატონ ლიკას  კურსებზე ჩავეწერე. ახლა, მთელი დღის მანძილზე, თან ვმუშაობ და თან ყურსასმენებში მის გაკვეთილებს ვუსმენ. როცა სახლში მივდივარ, ჩემს გონებაში უკვე ბევრი უცხო, ახალი სიტყვაა. ეს ენის სწავლის ძალიან მოსახერხებელი მეთოდია და შეიძლება ითქვას, რომ მისი საშუალებით, ივრითული თავისთავად შემომესწავლა“.

– ქალბატონო ლიკა, როდესაც სწავლების ვიდეო-ფორმატზე გადახვედით, ამ ნაბიჯმა თუ გაამართლა?

– საკმაოდ გაამართლა. გაკვეთილის ვიდეო-ფორმატი იმითაა მოსახერხებელი, რომ ამ დროს, მასწავლებელი მუდამ „თქვენთანაა“ და მას, გადახვევის რეჟიმით შეგიძლიათ იმდენჯერ მოუსმინოთ, რამდენჯერაც მოისურვებთ და მისი ნათქვამიდან არაფერი გამოგრჩებათ. თანაც, უცხო სიტყვები თქვენს მეხსიერებაში კარგად ჩაჯდება. გადაჭარბების გარეშე გეტყვით, რომ არა ვიდეოგაკვეთილები, ივრითულს ძალიან ბევრი ვერ ისწავლიდა.

– არის კატეგორია, რომელსაც ენის სრულფასოვანი ცოდნა არ სჭირდება…

– სწორედ მათთვის, ვისაც არ სჭირდება ივრითულის სრულყოფილი ცოდნა, პირველი ეტაპის, ანუ გამარტივებული ივრითის სასწავლო პროგრამა მოვიფიქრე, დანარჩენ კურსებში ენას სამ ეტაპად ვასწავლი. იმ დღეს სოციალურ ქსელებში ვიკითხე: ვინ მეტყვის, როგორ იქნება ივრითულად შუადღე მშვიდობისა? აღმოჩნდა, რომ ხალხი, რომელიც ისრაელში 5-6 წელი ცხოვრობს, ასეთი ელემენტარული რამ არ იცის. სხვათა შორის, სწორი პასუხი მარტო ჩემმა მოსწავლეებმა მომწერეს.

– როგორ ჩანს, ცოცხალ გაკვეთილთან შედარებით ვიდეოგაკვეთილის უპირატესობას აღიარებთ…

– დიახ, ასეა. რაც უფრო ხშირად გავიმეორებთ უცნობ სიტყვებს და ფრაზებს უცხო ენაზე, უფრო ადვილად და კარგად დავიმახსოვრებთ. ყველას ჰქონია შემთხვევა, როცა გაკვეთილზე მჯდარა, მასწავლებელს უსმენდა, მაგრამ 40 წუთის მერე, ბევრი რამ აღარ ახსოვდა. სწორედ მათ დაეხმარება ჩემი ვიდეოგაკვეთილები. ენის სწავლას, ჩემთან, ასევე ბევრად აადვილებს ის გარემოებაც, რომ კურსი ქართულ ენაზე ტარდება. რადგან ებრაული ენა სრულიად განსხვავდება ქართულისგან, საჭიროა, რომ ენის გრამატიკული ფორმები სწორედ ავხსნათ. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს ზუსტად ვასწავლოთ სიტყვების წარმოთქმა, ანუ ისინი ივრითული აქცენტით გავახმოვანოთ.

მარინა გაბედავა, 45 წლის, თბილისელი: ემიგრანტები ისრაელში იმდენს ვმუშაობთ, რომ დრო არ გვაქვს, ივრითული ენა ინდივიდუალურად შევისწავლოთ ან მის შესასწავლად ულპანში, ადგილობრივ კურსებზე  ვიაროთ. თავიდან ვერაფრით ვიჯერებდი, რომ ჩემს ასაკში უცხო ენის ასე მოკლე დროში შესწავლა შესაძლებელია, მაგრამ ეს ეჭვი ამ ადამიანმა გამიფანტა. ქართველ ემიგრანტებს მინდა კეთილი რჩევა მივცე: არ დაკარგოთ დრო და ენის სწავლა პირდაპირ ლიკა დიღმელაშვილის მეთოდით დაიწყეთ. დამიჯერეთ, მასთან ყველაფერს მალე და ადვილად აითვისებთ.“

– ვიცი, რომ თქვენი სასწავლო კურსი ყველასთვის ხელმისაწვდომია, მაგრამ როდესაც ენის შესწავლაზე თავს იკავებენ, აქ სხვა სახის პრობლემასთან გაქვთ საქმე?

– დიახ, საქმე ისაა, რომ ჩემი ქართველი მოსწავლეების უმრავლესობა აღიარებს, რომ მათ უფრო ფსიქოლოგიური ხასიათის პრობლემა აქვთ.  რადგან საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებათ, ფიქრობენ, რომ ივრითულს ვერ აითვისებენ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ჩემი კურსის დროს მათ ეს პრობლემა მოეხსნებათ.

– ამ ეტაპზე ვიცი, რომ წიგნზე მუშაობთ, ქართულის გარდა რომელ ენაზე გამოვა ის?   

– დიახ, ამჟამად ვმუშაობ წიგნზე, რომელსაც ქართულენოვანი საზოგადოებისთვის ვქმნი და ის ხუთ ენაზე გადაითარგმნება. წიგნი, რომელიც მოიცავს სწავლის დაწყებით ეტაპს მის სრულფასოვან ფლობამდე, მაქსიმუმ, თვე-ნახევარში იქნება მზად. ეს იქნება: ივრითულ-ქართული, ქართულ-ივრითული, რუსულ-ივრითული, ივრითულ-რუსული ენის სასწავლო წიგნები. მოგვიანებით, ინგლისურ და უკრაინულ ენებზეც გამოვა, სამომავლოდ, ესპანურზეც ვფიქრობ.

– თქვენი მეთოდით ივრითული ენის სწავლა დაახლოებით რამდენ ხანშია შესაძლებელი?

– თუ მოსწავლე თვეში რვა გაკვეთილს გაივლის, მაშინ კურსს შვიდ-ნახევარი  თვეში აითვისებს. ადრე ეს კურსი უფრო მოკლე იყო, ამ წელს მთელი 12 გაკვეთილი დავუმატე. სწავლის სრული კურსი 60-90 – -წუთიან 62 გაკვეთილს მოიცავს. კარგია, თუკი ყოველ საღამოს, 30 წუთი წაიმეცადინებთ, სასურველი შედეგის მისაღწევად ეს საკმარისი იქნება.

–  გაკვეთილის დროს რა სახის თემებს ირჩევთ სასაუბროდ?

ენის სწავლის დროს, გაკვეთილებისთვის პრაქტიკულ, ცხოვრებისეულ თემებს ვირჩევ, რადგან ტვინს უჭირს ენის, ასე ვთქვათ, „მშრალად” ათვისება. ცნობილია, რომ სწავლას გაცილებით აადვილებს წარმოსახვები, საინტერესო მოთხრობები და სხვადასხვა კონტექსტის შემცველი დიალოგები, რაც გონებას იმაში ეხმარება, რომ ყველაფერი ადვილად დაიმახსოვროს. ამ შემთხვევაში, უფრო მეტი შანსია, რომ სწავლას გულს დაუდებთ. ჩემი აზრით, საქმე, რომელიც სიამოვნებას გვანიჭებს და რასაც სიხარულით ვაკეთებთ, საუკეთესო შედეგის მომტანია.

ლალი კვარაცხელია, 56 წლის: „ქალბატონ ლიკას გაკვეთილები იმდენად მარტივია, რომ ენას ადვილად ვითვისებ. უბრალოდ, უნდა უსმინო და ყველაფერს ისე უცებ და თავისთავად შეისწავლი, რომ შედეგით გაოცდები. მან გაითვალისწინა ემიგრანტების ცხოვრების რთული რეჟიმი და ის, რომ თავისუფალი დრო საერთოდ არ გვაქვს. ივრითულის სწავლის მისეული მეთოდი ისრაელში ცხოვრებას და საქმიანობას ძალიან მიადვილებს.“

 

– ქალბატონო ლიკა, ამბობენ, ცოდნა ყველაზე დიდი კაპიტალ-დაბანდებააო, ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

– დიახ, ვეთანხმები ასეთ მოსაზრებას. ცოდნა, მით უმეტეს, უცხო ენის ცოდნა, საკუთარ თავში დაბანდებული ყველაზე მომგებიანი ინვესტიციაა. ენა  იარაღია, რომლითაც საკუთარ თავსაც დავიცავთ, რომლის დახმარებით თავს უფრო ძლიერად იგრძნობთ. მახსოვს, ერთ დაწესებულებაში შესვლის წინ, როდესაც შემოწმებას გავდიოდი, დაცვამ მკითხა: რაიმე ბასრი ხომ არ გაქვთო? მე ვუპასუხე: დიახ, ჩემი ენა მეთქი… ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, მაგრამ თუ დავფიქრდებით, ენა ჩვენი მართლა ყველაზე მძლავრი და საიმედო იარაღია, მასზეა დამოკიდებული რამდენად უსაფრთხო იქნება ჩვენი ცხოვრება, ურთიერთობები კი-კომფორტული…

მასალა მოამზადა თეონა გოგნიაშვილმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები