„ჩემმა შვილმა, პირველ ადგილზე სამშობლოს სიყვარული დააყენა და კიდეც შეეწირა მას..“

როსტომ ქობელაშვილი დაიბადა 1967 წელს. დაამთავრა თბილისის 85-ე საშუალო სკოლა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში – აფხაზეთში იყო “ავღანელთა” ბატალიონის შემადგენლობაში. 1993 წლის 25 სექტემბერს, სოხუმის სატელევიზიო ანძაზე შეტევის დროს, გმირულად დაიღუპა.

ვალიდა ქობულაშვილი, როსტომ ქობელაშვილის დედა: „ჩუმი, წყნარი, პატიოსანი ვაჟკაცი მყავდა. მის დაოჯახებაზე ვოცნებობდი, საცოლეც ჰყავდა, თავდავიწყებით უყვარდა, როცა უნდა დაოჯახებულიყო, აფხაზეთის ომი დაიწყო და ჩემმა შვილმა, პირველ ადგილზე, სამშობლოს სიყვარული დააყენა და კიდეც შეეწირა მას… ჩემმა ვაჟკაცმა ჩემთან ერთად დატოვა აცრემლებული სიყვარული…“

შოთა ქობელაშვილი, როსტომ ქობელაშვილის თანამებრძოლი: „როსტომი ჩემი ბიძაშვილი იყო, 2 წლით ჩემზე უფროსი. ერთ სკოლაში ვსწავლობდით, ახლოს ვცხოვრობდით და ფაქტობრივად, ერთად ვიზრდებოდით. ვაჟკაცი ბიჭი იყო ყოველთვის, მისაბაძი, მაგალითის მიმცემი. ომშიც ერთად წავედით. ‘’ავღანელთა’’ ბატალიონის რიგებში ერთი წელი ვიბრძოდით; მონაწილეობა მივიღეთ ყველა გადამწყვეტ ბრძოლაში, რომელიც აფხაზეთის ომის დროს იყო.

1993 წლის 25 სექტემბერს ვაჟკაცურად დაიღუპა. სოხუმის ანძაზე შეტევა განვახორციელეთ, რადგან ანძა უკვე აღებული იყო… დიდი წინააღმდეგობა გაგვიწიეს, ჩვენი ინფორმაციით, მოწინააღმდეგე მხარემ 300 კაციანი დესანტი გადმოსხა. ამ შეტევის დროს დაიღუპა როსტომი.ყუმბარის ანასხლეტი მოხვდა თავში და ადგილზე გარდაიცვალა… ქვეყნის წინაშე ვალმოხდილი წავიდა, როგორც ნამდვილ ვაჟკაცს და ღირსეულ ქართველს შეეფერება.’’

გოგი ოსიტაშვილი, როსტომ ქობელაშვილის თანამებრძოლი: „ როსტომი ძალიან ვაჟკაცი, კარგი მებრძოლი და ერთგული, უღალატო მეგობარი იყო. მხოლოდ მეგობრებმა და ოჯახმა კი არა, საქართველომ დაკარგა ერთგული, გამორჩეული კაცი! ჩვენი ხელით ჩამოვასვენეთ აფხაზეთიდან… ყოველთვის სიყვარულით და სიამაყით ვიხსენებ მას… ბევრი ღირსეული ვაჟკაცი შეიწირა ომმა, მაგრამ ისინი მუდამ არიან და იქნებიან ჩვენს ხსოვნაში…“

როსტომ ქობელაშვილი დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით (სიკვდილის შემდეგ). 2015 წლის 16 ივნისს, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ერთობლივი ძალისხმევით, ისნის რაიონში, ციხისძირის I შესახვევს, აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის, როსტომ ქობელაშვილის სახელი მიენიჭა.

 

წყარო: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები