“წმინდა მიწა არცერთ სხვა ხალხს არ შეუყვარებია ისე, როგორც იბერიელებს…”

საქართველოს ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანია: 1999 წელს, მაცხოვრის საფლავზე სააღდგომო მსახურების დაწყების წინ, მე და დავით ცისკარიშვილი ისრაელში მცხოვრებ ქართველებთან ერთად, ამ ისტორიული წმინდა ტაძრის კომპლექსში არსებულ, ჩვენ წინაპართა მიერ ნაამაგებ ადგილებს ვათვალიერებდით. გოლგოთის ძირში, ელენე დედოფლის მიერ მაცხოვრის ცხოველმყოფელი ჯვარის პოვნის ადგილზე ჩასულები, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ჩვენთვის გამოგზავნილ, სააღდგომო ეპისტოლეს ვკითხულობდით. ფილიპინელი, ფრანცისკანული ორდენის ბერი – პადრე ანგელო მოგვიახლოვდა და ღიმილიანი, საოცრად თბილი, მეგობრული გამომეტყველებით მითხრა: “სასიამოვნოა, რომ ამ კედლებში კვლავ გაისმა ქართული. თქვენი წინაპრები იერუსალიმსა და ამ ტაძარში მრავლად იყვნენ და დიდი ამაგიც აქვთ გაწეული. სახელმწიფოებრიობის გაუქმებამ გააქრო ქართველები წმინდა მიწიდან… როგორც ჩანს, დრო მოვიდა”… შეჩერდა, თვალი თვალში გამისწორა, გაიღიმა და განაგრძო: “დაბრუნების… მე თავად თქვენს ყოფილ იოანე ღვთისმეტყველის, ახლა უკვე ფრანცისკანული სანტ სავიორის მონასტრის წევრი ვარ და იქ ბიბლიოთეკაზე ვარ პასუხისმგებელი. უძველესი ქართული არტეფაქტები გვაქვს. მობრძანდით, ცოტა მეტს მოგიყვებით წმინდა მიწის მამაც ქართველებზე”…

23 წლის თავზე, წუხელ, მაცხოვრის საფლავზე, იერუსალიმის უნეტარესი პატრიარქი თეოფილეს მსახურებისას, ისრაელში მცხოვრებ ჩემ ძმებს – ქართველ ვაჟკაცებს, შემოსილებს, რომ ვუყურებდი, პადრე ანჯელო წარმოვიდგინე – მოშორებით, მარიამ მაგდალინელის მიერ აღდგომილი მაცხოვრის ხილვის სავარაუდო ადგილთან თავმდაბლად იდგა, დაბლა ჩამოშვებული ხელები ერთმანეთში ჩაეჭდებინა, ორივე თვალის კეთილად მოჭუტვის და თავის მოკლე, სწრაფი დაწევა-აწევის ჟესტიკულაციით, თითქოს დიდი ხნის წინ ნათქვამის ჯერ კიდევ ჩანასახში არსებობის, მაგრამ, მაინც აღსრულებას მიმოწმებდა.

წუხელ, ისეთი გრძნობა მქონდა, რომ იერუსალიმში მოღვაწე ჩვენი დიდი ცნობილიც, პატივდებულიც, ჩვენგან მივიწყებულიც და უცნობი წინაპრები გარშემო ევლებოდნენ, “წმინდა საფლავს მდგომი, მლოცველი საბრალო“ მონაზონი მართა დედასავით ლოცავდა მსახურებაში სტიქაროსნებად მონაწილე, ჩვენი გენის იერუსალიმურ მომავალს – Dimitri Beriashvili , Irakli Berdzenishvili, @GiGAGiGashvili, იოანე ხურციძე, @ბიძინახურცილავა.

ტყუილად არ წერდა იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ ჟურნალში 1921 წელს არქიდიაკონი, შემდგომში, მიტროპოლიტი კლეოპა კიკილიდისი:”დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ წმინდა მიწა არცერთ სხვა ხალხს არ შეუყვარებია ისე, როგორც იბერიელებს, და არც უმუშაკნია მისი წმინდა სალოცავების გადასარჩენად და დასაცავად, როდესაც ისინი პოლიტიკურად ძლიერნი იყვნენ”.

აღდგომა წარსულის და მომავლის აწმყოსთან გაერთიანებაა; პირობის აღსრულების ბეჭედია; სიკეთის დღესასწაული და იმედის ზეიმია!

იერუსალიმიდან გლოცავთ და გილოცავთ მრავალეროვანო საქართველო და სამშობლოს გარეთ მცხოვრებო ქართველებო! ქ რ ი ს ტ ე   ა ღ დ გ ა !

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები