კალათბურთელთა გუნდმა “საქართველო 2008” ევროპის ახალგაზრდული ლიგის სუპერფინალი წარმატებით დაიწყო

14-წლამდელი მოთამაშეებით დაკომპლექტებული კალათბურთელთა გუნდი “საქართველო 2008” ევროპის ახალგაზრდული ლიგის სუპერფინალის სათამაშოდ ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაემგზავრა და წარმომადგენლობით ტურნირში ასპარეზობა წარმატებით დაიწყო. დასკვნითი ტურნირის პირველ დღეს ქართველებმა ორივე თამაში მოიგეს და პლეი ოფის საგზური ფაქტობრივად გაინაღდეს.

14-წლამელთა შორის ევროპის ლიგა გასული წლის ოქტომბერში დაიწყო და რეგულარული ჩემპიონატის ფარგლებში 3 წრე, ჯამში 15 ტური ჩატარდა. ამროსი ორმოცაძის გაწვრთნილმა გუნდმა 10 მატჩი მოიგო, 5 კი დათმო და მე-5 ადგილი დაიკავა. ორგანიზატორებმა ამ სეზონში ფორმატი შეცვალეს და ჩემპიონ-პრიზიორთა გამოსავლენ დასკვნით ტურნირში, რომელსაც სუპერფინალი ჰქვია, 12 გუნდი მიიწვიეს.

„სუპერფინალის მონაწილეები 3 ჯგუფში გადანაწილდნენ: “საქართველო 2008” ჯგუფში ლატვიურ DSN-თან, ირლანდიურ “ატლანტიკთან” და პოლონურ “კომოროვთან” მოხვდა. ჯგუფის ფავორიტი ლატვიური კლუბი გახლდათ, რომელმაც რეგულარულ ჩემპიონატში 15-დან 14 მატჩი მოიგო და რაკი სუპერფინალის მასპინძელი გახლდათ, საჩემპიონო ამბიციაც გააჩნდა. სწორედ DSN-ს მოუგო “საქართველო 2008”-მ დღეს, მანამდე კი ირლანდიურ “ატლანტიკსაც” იოლად სძლია და ჯგუფიდან გასვლის უპირობო კანდიდატია “, – ნათქვამია საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რიგაში იმყოფება საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მთავარი მწვრთნელის, ილიას ზუროსის თანაშემწე მილოშ გლიგორიევიჩი, რომელიც ასაკობრივი ნაკრებების კოორდინატორია და პერსპექტიული მოთამაშეები მოძიებასა და დაოსტატებაში მთავარ როლს თამაშობს.

“საქართველო 2008” რიგაში შემდეგი შემადგენლობით იმყოფება: ლუკა ბებია, ლაშა ხუნდაძე, ბაჩო ბლიაძე, ნუგზარ ონიანი, ნიკოლოზ ქურასბედიანი, გიორგი მუშკუდიანი, დემეტრე ალიმბარაშვილი, საბა ჟღენტი, დიანისი გრიგორიანი, დაჩი გომურაშვილი, ნიკოლოზ კორძაძე, მათე ყავლაშვილი, მათე ხატიაშვილი, სანდრო ლოლაძე

მთავარი მწვრთნელი – ამროსი ორმოცაძე, მწვრთნელის ასისტენტი – მილოშ გლიგორიევიჩი, თორნიკე გოგიჩაიშვილი – ექიმი და შალვა ონიანი – მენეჯერი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები