როგორ გაერთიანდნენ პურმერენდის თეატრის სცენაზე ქართველი ემიგრანტები – პრემიერა უკრაინის მხარდასაჭერად

ვიდეობლოგის სტუმრები დები ნათია და ბაია ახვლედიანები არიან, რომლებიც უკვე წლებია ნიდერლანდებში ცხოვრობენ და საქმიანობენ. გოგოები ქალაქ პურმერენდში ქართულ საქმეს ემსახურებიან – ემიგრანტებისგან შემდგარ სამოყვარულო თეატრალურ დასს ,,ათინათს” ხელმძღვანელობენ და ქართული კულტურის და თეატრის პოპულარიზაციას ახდენენ.

,,ათინათი” პირველი ქართული სამოყვარულო თეატრის დასია ნიდერლანდების სამეფოში, პანდემიის დასაწყისში გოგონების დედამ თინათინ ახვლედიანმა ჩამოაყალიბა. შეკრიბა ერთმანეთისგან განსხვავებული, სხვადასხვა ასაკის და პროფესიის ადამიანები, რომლებსაც აერთიანებდათ თეატრის სიყვარული. თინათინ ახვლედიანის გარდაცვალების შემდეგ, საქმე შვილებმა განაგრძეს. დასი 7 მაისს ,,De Purmaryn’’ თეატრში პრემიერას მართავს. პირველად ნიდერლანდების სამეფოში, თეატრის სცენაზე ქართველი ემიგრანტები ერთიანდებიან. საღამო ეძღვნება უკრაინის ომში რუსეთის აგრესიის გამო დაზარალებულ და იძულებით გადაადგილებულ პირებს. ბილეთებიდან შემოსული თანხა მთლიანად  მოხმარდება უკრაინიდან  დევნილთა დახმარების ფონდს ნიდერლანდების სამეფოში.

დებ ახვლედიანებს მეორე საყვარელი საქმეც აქვთ – ხელნაკეთი ნივთები, ხატვა, ხელოვნება ყოველთვის აინტერესებდათ. ერთ დღესაც გადაწყვიტეს ჰობი საქმედ ექციათ და ასე დაიწყეს სასიამოვნოს და სასარგებლოს შეთავსება… ჰორეკას სექტორში, კერძოდ სასტუმროს მართვის და მენეჯმენტის კუთხით მუშაობდნენ, დედის გარდაცვალების შემდეგ კი, გადავწყვიტეს საკუთარი ცხოვრება მთლიანად შეეცვალათ და ეკეთებინათ ძალიან განსხვავებული, განსაკუთრებული საქმე, რომელიც სხვა ადამიანებსაც დიდ სიხარულს და ბედნიერებას მიანიჭებდა.

2022 წლის სექტემბერში ოფიციალურად დაარეგისტრირეს საკუთარი კომპანია, იქირავეს ფართი, შეიძინეს ტექნიკა, მოიმარაგეს საჭირო მასალები და დაიწყეს საკუთარი ფანტაზიით ხელნაკეთი ნივთების შექმნა. როგორც თავად ამბობენ, ყველა ნივთი დიდი სიყვარულისა და შრომის შედეგია…

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები