თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნა

გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნა.

სკოლა როგორც ქართულ, ისე უკრაინულ სექტორზე ჩარიცხულ მოსწავლეებს უსაფრთხო და პოზიტიურ სასწავლო გარემოში შესთავაზებს საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, სამედიცინო და ფსიქოლოგიურ მომსახურებას. უკრაინელ მოსწავლეებს სკოლაში დახვდათ უკრაინული ენისა და ლიტერატურის კაბინეტი, რომელიც აღჭურვილია საბავშვო და საყმაწვილო უკრაინული ლიტერატურით.

მიხეილ გრუშევსკის სახელობის 41-ე საჯარო სკოლის უკრაინულენოვანი სექტორის სასკოლო სასწავლო გეგმა შედგენილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის N40/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე. მოსწავლეები ისწავლიან როგორც სავალდებულო, ისე – ფაკულტატიურ საგნებს ფორმალური კურიკულუმის ფარგლებში. ასევე, დაიგეგმება აქტივობები აღმზრდელობითი და  არაფორმალური განათლების მიმართულებით.

უკრაინულენოვანი სექტორის მოსწავლეები შეისწავლიან ქართულ ენასა და ლიტერატურას და საგანს „ჩემი საქართველო”. მოსწავლეებს, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსებშიც მიიღონ მონაწილეობა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ყველა მოსწავლე სწავლისთვის საჭირო სასკოლო სახელმძღვანელოებითა და ბუკებით უზრუნველყო. უკრაინელი მოსწავლეები ისარგებლებენ მობილური ინტერნეტ პაკეტის შეღავათიანი პირობებით სამინისტროსა და მობილურ ოპერატორებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.

თბილისის 41-ე საჯარო სკოლის უკრაინულენოვან სექტორზე სწავლის სურვილი დღეისათვის 130-მა მოსწავლემ გამოთქვა. მათი რაოდენობა ყოველდღიურად მზარდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები