საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის U20 ჩემპიონატის B ჯგუფში მოხვდა

15-24 ივლისს, თბილისი ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონს უმასპინძლებს. თბილისში სერბეთის, ლატვიასა და საქართველოსთან ერთად 20 ქვეყნის ნაკრები მოიყრის თავს. შეიქმნა 5 გუნდისგან შემდგარი 4 ჯგუფი. თითოეული ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო გავა, რომლებიც საუკეთესო სამეულში მოსახვედრად ბრძოლას მეოთხედფინალიდან გააგრძელებენ. სწორედ 3 საუკეთესო ნაკრებს ერგება ევროპის ჩემპიონატის ელიტარული  A დივიზიონის საგზური.

15 თებერვალს, გერმანიის ქალაქ ფრეზინგში წილისყრა გაიმართა, სადაც 20-წლამდელებთან ერთად საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების მეტოქე გაირკვა.

„საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები B ჯგუფში მოხვდა შვედეთთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან, კოსოვოსთან და ავსტრიასთან ერთად.

ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონი რუმინეთის ქალაქ ორადეაში 2020 წლის 29 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. საქართველოს ნაკრები B ჯგუფში ნიდერლანდებთან, ბოსნია-ჰერცოგოვინასთან, ბულგარეთთან, ნორვეგიასთან და კოსოვოსთან ერთად მოხვდა. ამ ასაკობრივ ჩემპიონატში B დივიზიონში 24 გუნდი ასპარეზობს, რომლებიც 4 ჯგუფში გადანაწილდნენ. აქედანაც 2-2 საუკეთესო გავა მერვედფინალში და A დივიზიონში გადასასვლელი საპრიზო ადგილებისთვის იბრძოლებს.

16-წლამდელთა B დივიზიონი 11-20 აგვისტოს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ჩატარდება. აქაც 24 ქვეყნის ნაკრები შეიკრიბება და გათამაშების ფორმატიც სხვა ასაკობრივი პირველობების ანალოგიური იქნება. D ჯგუფში მოხვედრილი საქართველოს მეტოქეები იქნებიან ესტონეთი, ბელგია, უნგრეთი, კვიპროსი და ავსტრია.

ვაჟებთან ერთად ჩატარდა გოგონათა ევროპირველობათა კენჭისყრაც. საქართველოს ნაკრები 18 და 20-წლამდელთა ჩემპიონატებში ასპარეზობს.

18-წლამდელთა ნაკრები C დივიზიონში იასპარეზებს, რომელსაც 26-31 ივლისს ანდორა უმასპინძლებს. ჩვენი ნაკრების მეტოეები ჯგუფში იქნებიან გიბრალტარისა და მოლდოვას გუნდები.

რაც შეეხებათ 20-წლამდელ გოგონებს, B დივიზიონი ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ აკოპიეში გაიმართება და მასში 19 ქვეყნის ნაკრები იასპარეზებს. საქართველო B ჯგუფში გერმანიია, ისრაელის., ისლანდიისა და სომხეთის ნაკრებებთან იასპარეზებს“, – ნათქვამია საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები