„აი, პაპა, მოგიტანე შენი საყვარელი იები! ღმერთო, ნუ მომიშლი ამ იმედს..“

ქართველი მწერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი გოდერძი ჩოხელი მთელი ცხოვრება დაატარებდა იმ “ადამიანთა სევდას” რომელთა შესახებაც წერდა… მისი განუმეორებელი პერსონაჟები ნაწარმოებებსა და კინოფილმებში მკითხველსა და მაყურებელს მუდამ აფიქრებს იმაზე თუ რა არის სიცოცხლე – “სიცოცხლე სევდაა, ადამიანად ყოფნის სევდა” რა არის სიკვდილი? “სიკვდილიც სევდაა, ადამიანად არ ყოფნის სევდა”… გთავაზობთ ნაწყვეტს მისი წერილიდან, სადაც ავტორი საქართველოს მომავალ თაობაზე წერს.

“იმედი მაქვს, ჩემს შვილიშვილს საქართველოს უახლოეს ისტორიას სიმართლით ასწავლიან და ის და მისი ტოლები ალბათ ბევრ რამეს გვაპატიებენ. გვაპატიებენ, როგორ დავუკარგეთ საქართველოს ულამაზესი კუთხეები და მერე ბრძნულად გავიძახოდით: – ჩვენ არა! ჩვენ არა! ჩვენმა მომავალმა თაობამ უნდა დაიბრუნოს, რაც დავკარგეთო.

გვაპატიებენ, ჩვენი შვილიშვილები, ბევრ რამეს გვაპატიებენ. ყვავილებსაც მოგვიტანენ და საფლავის ქვაზე დაგვიწყობენ; აი, მე ხომ ახლავე ვხედავ, როგორ მოაქვს ოცდახუთი წლის მერე ჩემს შვილიშვილს იების კონა. ღმერთო, მაპატიე, რატომღაც სურვილი მაქვს, რომ ოცდახუთი წლის მერე, ჩემს საფლავზე მოსულ შვილიშვილს უხაროდეს, რომ მე პაპამისი ვარ, მე, რომელიც ასეთ საქართველოს ვუტოვებ მას?!!

ის კი იებით მოდის ჩემს საფლავზე და მეუბნება:

– აი, პაპა, მოგიტანე შენი საყვარელი იები!

იქნებ, ჰგონია რომ მაგარი ვიყავი? ეს არის სიმაგრე?

ვხედავ და ვერაფერს ვამბობ.

მესმის, რაც ხდება და ყრუ ვარ, თითქოს არაფერი არ მესმოდეს. მეშინია. შიში განაგებს ჩემს არსებობას, საქართველოს კი დაახლოებით ასე გამგებლობენ:

– ეს ქალაქი ვისია?

– ჩემ და ჩემი ძმისია!

– კიდევ, კიდევ ვისია?

– ჩემი შვილებისია!

– კიდევ, კიდევ ვისია?

– ჩემი ძმიშვილისია!

– კიდევ, კიდევ ვისია?

– ჩემი მძახლებისია!

– კიდევ, კიდევ ვისია?

– ჩემი კლანებისია!

– საქართველო ვისია?

– ალაგ-ალაგ სხვისია,

დანარჩენი, ბიძიაჩემისა და ჩემი ძმისია მეტი არავისია ჩვენ გვეკუთვნის ნისიად! ეს მართალი კი არ გეგონოთ, ეს “ქალაქობანას” თამაშია, ასე თამაშობენ ზოგიერთი “მოქალაქეები” საქართველოში ორი ათას წელს და თამაშ-თამაშით ეგებებიან მესამე ათასწლეულს. ვხედავ და მესმის, ცელის შრიალით, როგორ მიახლოვდება სიკვდილი. მეშინია.

სიკვდილისა კი არა, იმისი მეშინია, ვაითუ ისე წავიდე ამ ქვეყნიდან, ჩემს შვილიშვილს ისე გავუპარტახო საქართველო, იის ძირ-თესლიც კი გავუწყვიტო და ორი ათას ოცდახუთ წელს, სხვა ქვეყანაში საყიდელი გავუხადო იების თაიგული. მეშინია და თან იმედს ვიტოვებ, რადგან აქედან ვხედავ როგორი გაღიმებული და ბედნიერი მოდის ჩემს საფლავთან ჩემი შვილიშვილი. საფლავზე ახალდამშრალ მზორეში მოკრეფილ იების კონას დადებს და მეუბნება: – აი, პაპა, მოგიტანე შენი საყვარელი იები! ღმერთო, ნუ მომიშლი ამ იმედს!“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები