ვინ არიან „წიგნობანას“ მოზარდი ბლოგერები

„წიგნობანა“ კომპანია „ქოლგას“ მორიგი სოციალური პროექტია, რომელიც, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით,  სულ მალე დაიწყება და მოზარდებს მსოფლიო ლიტერატურის ირგვლივ გააერთიანებს. საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროექტის მიზანი ახალგაზრდებში წიგნის პოპულარიზაციაა.

„წიგნობანას“ ფარგლებში, ბავშვები წაიკითხავენ და იმსჯელებენ სხვადასხვა წიგნსა თუ პერსონაჟზე, მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ღონისძიებაში და პირადად შეხვდებიან მწერლებს, პოეტებსა და საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს.

პროექტის ფარგლებში, მოზარდებისთვის უზრუნველყოფილი იქნება როგორც მეტყველების, პოზიციონირებისა და სპიკერის უნარ-ჩვევების მართვის, ასევე კლასგარეშე ლიტერატურის შემეცნებითი და საგანმანათლებლო ლექციები, რაშიც მათ მსახიობი მაკა შალიკაშვილი და ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი დაეხმარებიან.

გარდა ამისა, ის წიგნები, რომლებსაც პროექტის ფარგლებში მოზარდები წაიკითხავენ, ხმოვან ფორმატში ჩაიწერება და აუდიოწიგნად გამოიცემა.

მიუხედავად იმისა, რომ „წიგნობანას“ შესახებ ინფორმაცია სულ ახლახან გავრცელდა, მან უკვე გამოიწვია ახალგაზრდების დაინტერესება. პროექტის პოპულარიზაციის მიზნით, ნინი იმნაძისა და ელენე სანდაძის ინიციატივით, მოზარდ ბლოგერთა ჯგუფი ჩამოყალიბდა. როგორც თავად ბავშვებმა გაგვიმხილეს, პროექტის შესახებ „ფეისბუქის“ გვერდიდან შეიტყვეს, შემდეგ კი, ბლოგერობის იდეის და მიზნობრიობის შესახებ „ქოლგას“ დამფუძნებელს, ანა ჩანგიანს მისწერეს. შეხვედრა წარმატებით დასრულდა და 4 სხვადასხვა ასაკის მოზარდი ბლოგერის ფუნქცია-მოვალეობებიც გადანაწილდა. ასე რომ, ბავშვები თანატოლებს თვითონ გააცნობენ ხოლმე ინფორმაციას ღონისძიებასთან დაკავშირებული საინტერსეო დეტალების შესახებ, თავად კი, პროექტს ასე აფასებენ:


ნინი იმნაძე – 17 წლის

-„წიგნობანა”, ეს არის პროექტი, რომელიც ემსახურება ახალგაზრდების ინტერესის გაღვივებას კლასიკურსა და თანამედროვე ლიტერატურაში. ის დაგვეხმარება შევხვდეთ და გავიგოთ უამრავი სხვადასხვა, საინტერესო ადამიანის აზრი. მისი საშუალებით, შეგვეძლება დავინახოთ ჩვენთვის თუნდაც უკვე ნაცნობი ლიტერატურა ახალი, განსხვავებული და, რა თქმა უნდა, საინტერესო ჭრილით. პროექტი დაეხმარება ადამიანების ცნობიერს, განვითარდეს და შეიძინოს სიახლისა და ზოგადი განათლების ახალი საზღვრები, რაც, დამეთანხმებით, უმნიშვნელოვანესია. რიჩარდ ფეინმანის თანახმადაც, „რაც მეტს ვიგებთ, მით უფრო ფართოვდება საზღვრები იმისა, რაც უნდა გავიგოთ”. „წიგნობანა“ მუდმივი ძიებისა და განვითარების შემზღუდავი საზღვრებისგან თავისუფალი პროექტია. მისი მიზანი კი მხოლოდ ერთი – საინტერესო, განათლებული და ყველასგან განსხვავებული ახალი თაობის ჩამოყალიბებაა.

ელენე სანდაძე – 14 წლის

-ანას დიდი ხანია ვიცნობ და მის პროექტებშიც მიმიღია მონაწილეობა. ჩემთვის ძალიან საინტერესოა მასთან ურთიერთობა, ამიტომაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩვენს იდეას სრული სერიოზულობით მიუდგებოდა და ასეც მოხდა. რაც შეეხება „წიგნობანას, ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო პროექტია, რომელიც ბევრ ბავშვს გააცნობს უამრავ საჭირო და სახალისო წიგნს. მისი მეშვეობით, მოზარდები დაინტერესდებიან კლასიკური თუ თანამედროვე წიგნებით, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, შეუყვარდებათ.

ელენე და ნინი

ნიტა სანდაძე – 13 წლის

-მიხარია, რომ ამ პროექტს ჩვენი გუნდი დაეხმარება და ბავშვებს ჩვენს ენაზე გავაცნობთ ბევრ საინტერესო ამბავს. „წიგნობანა“ არის პროექტი, რომელიც ბავშვებს აძლევს საშუალებას განვითარდნენ და მეტი შეიტყონ ლიტერატურაზე. ეს პროექტი ბევრს დაეხმარება და შეაყვარებს წიგნებს, ამიტომაც ვთვლი, რომ ის შემეცნებითი და ძალიან საინტერესოა, განსაკუთრებით კი, ახალი თაობისთვის.

ბაბი იმნაძე -12 წლის

„წიგნობანა“ არის ძალიან საინტერესო და გასართობი პროექტი, სადაც ბავშვები იღებენ ახალ ინფორმაციას, აქვთ შეხება საინტერესო ადამიანებთან. მე პირადად, ძალიან მიხარია, რომ ასეთი პროექტი იწყება. ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა შეიცვალონ წიგნის მიმართ დამოკიდებულება და ჩვენ ამის თანამონაწილე ვიქნებით.

ნიტა და ბაბი

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, ასაკობრივი ჯგუფები: 6-დან 8-მდე;  9-დან 12-მდე  და 13-დან 16 წლამდე მოზარდებით დაკომპლექტდება. თითოეულ ჯგუფში 12 ბავშვი გაერთიანდება.

„წიგნობანას“ საორგანიზაციო გუნდი დაინტერესებული პირებისთვის, დამატებითი ინფორმაციის გასავრცელებლად, ღია კარის დღის გამართვას 6 თებერვალს გეგმავს. შემოქმედებითი სალექციო კურსი კი 10 თებერვლიდან დაიწყება.

დაინტერესების შემთხვევაში, გადადით ბმულზე და დარეგისტრირდით: https://forms.gle/Qboo7SjHwQBcdjqq9

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები