სვანური ქუდი – ნამუსის ქუდი

სვანი კაცის ავთენტურობის ერთ-ერთი ნიშანი სწორედ სვანური ქუდია. სვანური ქუდი არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც უბრალო თავსაბურავი, მასში იგულისხმება სვანი კაცის  ვაჟკაცური ბუნება, სინდის-ნამუსი, ერთგულება და პირმტკიცობა, რაც მრავალი ფრაზეოლოგიზმით დასტურდება.

თუ  ვაჟკაცი, რაიმე მიუღებელ ქმედებას ჩაიდენს, მასზე იტყვიან „ისგე ფაყვ გიმს უ ხავხა“ – შენი ქუდი მიწას დაენარცხოსო; თუ კი ვაჟკაცი სახელოვან საქმეს გააკეთებს, მასზე იტყვიან „ოქრეშ ფაყვ ხარ“ – ოქროს ქუდი ხურავსო, ამდენად ქუდი სვანი კაცის ცნობიერებაში სიმბოლურ დატვირთვასაც ატარებს, ამიტომ არის რომ სვანური ქუდის დახურვა ქალს ეკრძალება.

სვანური ქუდის დამზადება ძველად ყველა ქალმა იცოდა, ეს აუცილებელი მოთხოვნა იყო.

სვანური ქუდი სამი ფერისაა:

შავი ფერი – ქვესკნელი, ანუ გარდაცვალებულთა სულები;

თეთრი – ზესკნელი, ანუ ანგელოზები, წმინდანები;

ნაცრისფერი. ანუ წუთისოფელი, რომლის მკვიდრიც ვართ ჩვენ ცოცხალი ადამიანები.

სვანური ქუდის ამ ისტორიას ყველაზე ხშირად მოისმენთ: – “სვანური ქუდის პირველი წრე ქალის მიერ მიცემულ ახალ აღთქმას ნიშნავს, ხოლო მეორე წრე ჯვრის ტვირთვას, ჯვარცმას გოლგოთის მთაზე, რომელიც ნიშნავს ,,თხემის ადგილს“, აგრეთვე, თავის არე, რომელსაც ეს ქუდი ფარავს, არის თხემის ადგილი, სადაც გადაიკვეთება ქუდზე ჯვარი. მამაკაცი დახურვისა და მოხდის დროს ჯვრის შუა ადგილს ეხება, ჯვრის გადაკვეთის ადგილას არის ჯვარზედ გაკრული მაცხოვრის თავი. სვანური ქუდი არის მძივი მარგალიტის, მდოგვის მარცვლისოდენი რწმენის სიმბოლოდ არის გაკეთებული გრეხილ ძაფზედ. ხოლო უსუპის სიმბოლო ფოჩი – დიდებულების სიმბოლო, მიანიშნებს იმაზე, რომ მამაკაცი არის მაკურთხებელი, წყლის კურთხევის ანუ იესო ქრისტეს ღმერთად განცხადების, მისი ჩასვლით იორდანეში, წყლით მონათვლისა და სხურების. სვანური ქუდი მთელი მისი გარეგნული ფორმით ლამპარს ჰგავს, ეს მაშინ, როდესაც მამაკაცი ქუდს მოიხდის და ფოჩს ამოაბრუნებს, რათა ამ ძაფით ქუდი ჩამოკიდოს.”

სვანური ქუდის დამზადებისთვის საჭიროა ცხვრის მატყლი.

მატყლს ადრე გაზაფხულსა და გვიან შემოდგომაზე კრეჭენ, შემდეგ კარგად გარეცხავენ,  გააშრობენ და დაპენტავენ.

საქუდე, დაპენტილი მატყლი, რომ კარგად გასუფთავდეს ხიჭვებისაგან კიდევ ერთხელ პენტავენ ხის წკნელზე გადაჭიმულ წვრილ თოკზე, რომელსაც  მშვილდის ფორმა აქვს.

ასე მატყლს საჩეჩელზე დაჩეჩავენ თანაბარ სისქეზე, სველ ტილოზე, სედაც სველ ტილოს გადააფენენ და სპეციალურად გამოთლილ მსხვილ ჯოხზე გადაახვევენ, ამ გრაგნილს დიდხანს აგორებენ  ზევით-ქვევით, როდესაც ტილო შეშრება კვლავ  დაასველებენ და მანამ იმეორებენ ამ პროცედურას სანამ მატყლი მკვრივად არ მოეჭიდება ერთმანეთს და არ შეითელება.

ასე მოთელილ მატყლისაგან მიიღება საქუდე ნაბადი, რომელსაც ჩამოაცმევენ სპეციალურად გამოთლილ, საქუდე  ყალიბზე, ყალიბი სხვადასხვა ზომისაა, მის დიამეტრი დამოკიდებულია, იმაზე თუ რა ზომის ქუდის გაკეთება სურთ ( ძირითადად საშუალო ქუდის დიამეტრი 36 სმ).

ყალიბზე ხდება ქუდის სიმაღლის განსაზღვრა, რა სიმაღლის ქუდის მიღებაც სურს მკეთებელს, იმ სიმაღლეზე გადაუჭერს თოკს, დანარჩენ, ზედმეტ მასალას შემოაჭრის.

ასე დატოვებენ მანამ სანამ ნაბადი არ გაშრება და ფორმას არ მიიღებს.

3-4 დღის შემდეგ მოხსნიან ყალიბიდან და დაიწყებენ მის მოპირკეთებას. ქვედა გადანაჭრევ ადგილს შემოკერავენ და დაამაგრებენ წინასწარ დაგრეხილ მატყლის წვრილ თასმას, შემდეგ დაახლოებით ხუთი სანტიმეტრით მაღლა აკერებენ ისევ თასმას, საიდანაც ამ მთელ ქუდზე გადაატარებენ თასმას ჯვრის ფორმით.

ქუდი ძირითადად რუხი ფერისაა, ბავშვებისთვის კი თეთრ ქუდს აკეთებენ. რუხი ფერის მისაღებად თეთრსა და შავ მატყლს ურევენ და ერთად თელავენ.

კარგ ქუდად  ითვლება ის ქუდი, რომელიც მკვრივია, მისის სიმკვრივის განსაზღვრისათვის არსებობს ერთი ხერხი, წყალს ჩაასხამენ და თუ კარგად შეკეთდა წყალს არ გაატარებს.

სვანურ ქუდს ერთი საოცარი თვისება აქვს, წყალს არ ატარებს ხოლო არაყს ადვილად ატარებს. ასევე სვანურ ქუდს სამკურნალო თვისებებსაც აწერენ, ამბობენ თავის ტკივილს აყუჩებსო.

ამრიგად ამ საოცარი ქუდის  დამზადება  საკმაოდ შრომატევადი საქმეა, ის დიდ სიზუსტის დაცვას მოითხოვს.

წყარო: sofelifari.blogspot.com

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები