ჭაბუკა ამირანაშვილი – საინტერესოა, როდესაც მსოფლიო შენს შემოქმედებას უსმენს

გერმანიაში ჭაბუკა ამირანაშვილის მეორე სოლო ალბომი „LE  MURMURE  DE DUDUK“ ჩაიწერა. ალბომის დაბეჭდვა პროდიუსერმა და რედაქტორმა  მემო რეინმა ითავა. სწორედ მასთან თანამშრომლობით გამოიცა გერმანიაში ჭაბუკას პირველი სოლო ალბომი “ჰორიზონტის მისტიკა“ და „შარას“ ორი დისკი. „ქართული კვირა“ მუსიკოსს ჭაბუკა ამირანაშვილს დაუკავშირდა და გაესაუბრა.

„მემო რეინი(Memo Rhein) ჩემი პარტნიორია გერმანიიდან, პროდიუსერი, რედაქტორი, რომელიც სერიოზულად არის ჩაბმული ონლაინ რედაქტირებაში. აქვს თავისი მუსიკალური გვერდები, სადაც  აქტიურად არეკლამებს მუსიკოსებს და იცავს მათ საავტორო უფლებებს.

მემო ჩემი ჯგუფის „შარას” მხარდამჭერია. მისი დახმარებით „შარამ“ ორი CD დაბეჭდა გერმანიაში, ასევე მან გამოსცა გერმანიაში ჩემი პირველი და მეორე დისკიც, რომელიც ონლაინ მაღაზიებში, მთელ მსოფლიოს მასშტაბით იყიდება. მემო მეგობრობდა ისეთ მუსიკოსებთან როგორებიც იყვნენ ჯანსუღ კახიძე,  გია ყანჩელი და მთელ მსოფლიოს აწვდის  მათ მუსიკას. აგრეთვე თანამშრომლობს ვატო კახიძესთანაც.  მას კავშირი აქვს უამრავ მუსიკოსთან , კომპოზიტორთან, ირჩევს მათ შემოქმედებას და ეხმარება თავიანთი ხელოვნების რეალიზაციაში.

ამჟამად მემოს დახმარებით მექსიკელ და კუბელ მუსიკოსებთან და „შარასთან“ ერთად ვამზადებთ ახალ პროექტს (თუ პანდემია დაგვაცდის), მოკლედ, მუშაობა დუღს  და  ძალიან საინტერესოა, როდესაც მსოფლიო შენს შემოქმედებას უსმენს.

რაც შეეხება დუდუკის დისკს, მასში 14 კომპოზიციაა შესული. მალე ამ მუსიკაზეც მზად იქნება ვიდეოები და სხვა ხასიათით მივაწოდებთ მსმენელს.“ – აღნიშნა ჭაბუკა ამირანაშვილმა “ქართულ კვირასთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები