აჭარის გამორჩეული ტურისტული სეზონი

ექსტრემალური ველობილიკი, კანიონინგი უჩხოში, ტურისტული თავშესაფრები და საპიკნიკე ზონები ჯვარიმინდორზე მცირე ჩამონათვალია იმ პროექტებისა, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა მიმდინარე წელს განახორციელა.

მიმდინარე წელი აჭარისთვის გამორჩეული იყო საერთაშორისო მიღწევების კუთხითაც. ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომ 2023 წელს აჭარა ტურიზმის საერთაშორისო დაჯილდოებას “World Travel Awards” უმასპინძლებს. წელს, ბათუმს UNESCO-ს მუსიკის ქალაქის წოდება მიენიჭა, აჭარის სამმა ეროვნულმა პარკმა კი UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიიღო.

მთიან აჭარაში შეიქმნა ახალი ტურისტული პროდუქტები კანიონინგის, ექსტრემალური ველობილიკის, ტურისტული თავშესაფრების, საპიკნიკე ზონებისა და ახალი ტურისტული მარშრუტების სახით. 2022 წელს, კი აღნიშნულ პროექტებს ქობულეთის ტორფნარებზე ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა და ხიხანზე ასასვლელი ველობილიკი შეემატება.

წელი გამორჩეული იყო სერვისის გაუმჯობესების კუთხითაც.

აჭარის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია მიმდინარეობდა ისეთ საერთაშორისო მედიაპლატფორმებზე, როგორებიცაა EURONEWS, National Geographic Traveller Food, National Geographic Traveller, Dailymail, Travelmagazine, Cultural Voyager. შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით კი ხორციელდება კრეატიული კამპანია „გაიცანი აჭარა ანბანით“, რომლის ფარგლებშიც 33 საიმიჯო ვიდეორგოლი მომზადდა.

„საერთაშორისო და შიდა მედიაში აჭარის შესახებ სტატიების, რეპორტაჟებისა და გადაცემების მომზადების მიზნით, ასევე რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით აჭარას მედიისა და ტურისტული კომპანიების 196 წარმომადგენელი სტუმრობდა (76 ჟურნალისტი და 120 ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი). რეგიონის პოპულარიზაცია დუბაის, მადრიდისა და ბარსელონას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე განხორციელდა.

რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების წარმოჩენის მიზნით განახლდა საიმიჯო ფოტობაზა, რომლის ფარგლებშიც  რეგიონს 60 სარეკლამო ფოტო შეემატა“, – ნათქვამია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მიუხედავად პანდემიისა, ბოლო ორი წლის განმავლობაში აჭარაში 100-მდე ახალი ტურისტული ობიექტი გაიხსნა. მათ შორისაა სასტუმროები, რესტორნები, გლემფინგები და კოტეჯები მთიან აჭარაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები