დანიის სამეფოში გიორგი თავართქილაძის ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება გაიმართა

დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოში გაიმართა ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის, გიორგი თავართქილაძის ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმის – „ცუდი ხალხი“-სა და „ერთი საათი“-ს ჩვენება. ეს უკანასკნელი, 2021 წლის აგვისტოში, ოდენსეს ფილმის ფესტივალზე (OFF) წარდგენილი 3000-ზე მეტი ფილმიდან, საბოლოო პროგრამაში, 122 რჩეულ ფილმს შორის მოხვდა.

„ღონისძიების ფარგლებში შეკრებილ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა დანიის სამეფოში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, კახაბერ შიშნიაშვილმა, რომელმაც ხაზი გაუსვა ორივე ფილმის მდიდარ შინაარსობრივ დატვირთვას. ვიდეო ჩართვის საშუალებით მაყურებელს ესაუბრა თავად რეჟისორი, გიორგი თავართქილაძე, რომელმაც მოკლედ მიმოიხილა ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმის შექმნის ისტორია და ყურადღება გაამახვილა შინაარსობრივ თავისებურებებზე“, – ნათქვამია დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფილმების ჩვენების შემდეგ გაიმართა მცირე მიღება, რომელზე დამსწრე საზოგადოებასაც შესაძლებლობა ქონდა, დააგემოვნებინა ქართული ღვინო, კერძები და ერთმანეთისთვის გაეზიარებინა ფილმებით მიღებული შთაბეჭდილებები და ემოციები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები