თამარის ნაკვალევი და ერისთავების მინდა ციხე

რაჭაში ერთ-ერთი გამორჩეული ლუხუნის ხეობაა, სადაც  გზის ქვედა მხარეს  „საფუტკრიას“ ნასოფლარი მდებარეობს, ხოლო შემდეგ სოფელი ლიხეთი.

სოფელ ლიხეთში ყოფილი მონასტრის, წმინდა გიორგის მეჭვრეთის ნანგრევებს შეხვდებით, რომელიც VIII-IX საუკუნეებს განეკუთვნება და ერთ–ერთი უძველესია რაჭაში.  გადმოცემით აქ დედათა მონასტერი ყოფილა. 1929 წელს ეკლესია დაუნგრევიათ და მასალა ლიხეთის სკოლის ასაშენებლად გამოუყენებიათ.

ლეგენდის თანახმად, თამარ მეფე ოთხ წლამდე მეჭვრეთისა და სორის წმინდა გიორგის უგუმბათო ტაძარში იზრდებოდა და მის სახელს უკავშირდება შუა საუკუნოვანი ციხესიმაგრის, მინდა ციხის აგება.

ლიხეთისა და სორისაკენ მიმავალი გზების შესაყართან, მდ. რიონის მარჯვენა და მდ. ლუხუნის მარცხენა სანაპიროებს შორის არსებულ მაღალ კლდოვან კონცხზე, თამარს უბრძანებია „აი, აქ მინდა ციხე“.

რაჭის რეგიონში ციხე – სიმაგრე მინდა ყველაზე დიდია. ციხე მდებარეობს მთის მწვერვალზე ისე, რომ ძალიან რთულია იქ ასვლა. ის სპეციალურადაა აგებული მიუწვდომელ ადგილას და ითვლებოდა ხალხის თავშესაფრად. ის ეკუთნოდა რაჭის ერისთავებს. მინდა ციხე კახაბერისძეთა მთავარ ციხესიმაგრეს წარმოადგენდა.

აი, რას წერს მის შესახებ ვახუშტი ბაგრატიონი: „ლუხუნის აღმოსავლით კიდის მაღალს კლდის გორასა ზედა და რიონს ჩდილოთ არს ციხე მინდა, მაგარი და აუღებელი მტრისაგან, და ვის უპყრავს ციხე ესე, არს ერისთავი რაჭისა. ამ ციხისავე ძირს კოშკი დგას ლუხუნის კიდესა ზედა მცველად წყლისათვის“.

მინდა ციხე რაჭის საერისთავოს მნიშვნელოვანი ციხე იყო. მასზე გადიოდა ონიდან ქვემო რაჭაში და ქვემო სვანეთიდან რაჭაში მიმავალი გზები. შედიოდა იმერეთის სამეფოს მესამე სადროშოში. XIII-XIV სს-ში მინდა ციხე სამეფო ხელისუფლებას ეკუთვნოდა. იმერეთის მეფე ბაგრატ III-მ ის რაჭის ერისთავს გადასცა. 1769 წელს რაჭის ერისთავის დასჯის შემდეგ სოლომონ I-მა მინდა ციხე თავის საკუთრებად გამოაცხადა. სოლომონ II-მ ციხე სოლომონ ლიონიძეს გადასცა, ხოლო იმერეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ ის რუსეთის ხელისუფლებამ როსტომ ერისთავის შთამომავლებს დაუბრუნა.

მინდა ციხე არქეოლოგიურად შეუსწავლელია. შემორჩენილია გალავანი და სამი კოშკი, რომელთაგან დასავლეთისა ცილინდრულია, ჩრდილოეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთის – ოთხკუთხა. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ციხის აღმოსავლეთით ადრე შუა საუკუნეების მცირე ზომის დაზიანებული ეკლესიაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები