„მეტი დეველოპმენტი“ „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულ 680 ოჯახს დააკმაყოფილებს

კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული ოჯახები წლების განმავლობაში კუთვნილ ბინებს უშედეგოდ ელოდებოდნენ, თუმცა კერძო სექტორისა და დედაქალაქის ხელმძღვანელობის ჩართულობით, აღნიშნული საკითხი უახლოეს მომავალში სრულად მოგვარდება. თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე დღის განაცხადა, რომ მთელი ქალაქის მასშტაბით, 179 ასეთი დაუსრულებელი შენობა-ნაგებობაა იდენტიფიცირებული.

„აქ არიან ისეთი კომპანიები, რომლებიც უკვე ათეული წლებია, პრობლემას წარმოადგენენ კონკრეტული ოჯახებისთვის და ადამიანებისთვის. ისინი, ალბათ, ბოლო თეთრებს ადებდნენ ერთმანეთზე, რათა საცხოვრებელი ბინები ეყიდათ, შემდეგ კი უთხრეს, რომ მათი კორპუსი არ და ვერ აშენდება, რადგან კომპანია ვერ ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებას. ეს პრობლემები ათეული წლებია არსებობს. მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილებები,  გვაქვს კონკრეტული შემთხვევები, სადაც პრობლემები მოგვარებულია. ასეთია სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული ოჯახები, სადაც უკვე უშუალოდ მშენებლობებია დაწყებული. იგივეა „ოლიმპიურ ვარსკვლავთან“ მიმართებით. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული „აქსისთან“ მიმართებითაც. „ცენტრ პოინტთან“ დაკავშირებით კი, ჯერ არ მინდა გამოვაცხადო ჩვენი გადაწყვეტილება. უახლოეს მომავალში ეს საკითხი მთლიანად მოგვარდება. დიდი და მასშტაბური პრობლემაა. საუბარია 6 ათასზე მეტ ოჯახზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საბედნიეროდ, დაზარალებულები ამ პრობლემის წინაშე მარტო არ დარჩნენ. კომპანია, რომელიც მათ დიდი ხანია გვერდში უდგას, „მეტი დეველოპმენტია“. ეს კომპანია სწორედ „ცენტრ პოინტის“ (და არამხოლოდ) დაუსრულებელ მშენებლობებზე მუშაობს.

ზოგადად, „მეტი დეველოპმენტის“ ნიშა დაუსრულებელი მშენებლობების დასრულებაა.

როგორც კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, პაპუნა ხაზალია „ქართულ კვირასთან“ საუბრისას აღნიშნავს, „მეტი დეველოპმენტმა“ რამდენიმეწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში, ასობით მსგავსი ოჯახი დააკმაყოფილა. მას და მის გუნდს მიაჩნია, რომ გამოუვალი სიტუაციები არ არსებობს და ყველა პრობლემა მოგვარდება, თუ საქმეს პასუხისმგებლობით და პროფესიონალიზმით მიუდგები. ბინადაკარგული ადამიანების დახმარება კი, „მეტი დეველოპმენტის“ ერთ-ერთი მთავარი პასუხისმგებლობაა, რომელიც კომპანიას ქალაქის და ზოგადად, ქვეყნის წინაშე აქვს აღებული.

პაპუნა ხაზალია

„ჩვენ ამ საქმეს მე-8 წელია ვემსახურებით და დაუსრულებელ შენობა-ნაგებობებს ვიბარებთ. ის, რაც თავის დროზე ჩვენი კეთილი ნება იყო, დღეს უკვე ბიზნეს-მოდელად იქცა არამხოლოდ „მეტი დეველოპმენტისთვის“. ვაკვირდებით სამშენებლო ბაზარს და ვხედავთ, რომ დეველოპერები ამ ტენდენციით ინტერესდებიან. ჩვენ ეს ბიზნეს ნიშა დიდი ხანია დავიკავეთ. 304 ოჯახი უკვე შესახლებული გვყავს, ხოლო 680 ოჯახს ამჟამად ვუშენებთ საკუთარ საცხოვრებელ ბინებს. ჩვენი სექტორი და სახელმწიფო, ერთიანი ძალებით,  უკეთ შევძლებთ ჩვენი მისიის შესრულებას – შეუქმნას ყველა ოჯახს ბედნიერების კუთხე და უსაფრთხო გარემო.

ჩვენი სახელი – „მეტი დეველოპმენტი“ – ზუსტად პასუხობს ჩვენს მისიას და ღირებულებებს. ჩვენს ყველა ფიქრსა და ქმედებაში უნდა იგრძნობოდეს მეტი ზრუნვა და მეტი პასუხისმგებლობა ადამიანებზე, რომლებმაც თავის დროზე დაკარგეს ნუგეში და ნდობა ამ სექტორისადმი. ამიტომ, დაუსრულებელი მშენებლობების ათვისება ჩვენთვის ორმაგი პასუხისმგებლობაა – ჩვენ უნდა გავამართლოთ ჩვენი კლიენტების იმედი და, ამასთანავე, გავაბათილოთ ის უარყოფითი ემოციები და დამოკიდებულება, რომელიც დაზარალებულ მობინადრეებს წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე ჩამოუყალიბდათ.

დაუსრულებელი მშენებლობების ათვისება არანაკლებ მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის თვალსაზრისითაც, რადგან ჩვენ ვასრულებთ სხვის მიერ დაწყებულ სამუშაოს და შესაბამისად, ნაკლებ ზიანს ვაყენებთ ბუნებას შენების პროცესში. მეტიც, ვაუმჯობესებთ გარემოს და მწვანე არქიტექტურის პრინციპებზე დაყრდნობით, სარეკრეაციო ზონებს ვქმნით.“ – აცხადებს პაპუნა ხაზალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები