ჭაბუკთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 6 მედალი მოიპოვა

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 6 მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში მე-2 ადგილი დაიკავა.

„აჩიკო ბოლქვაძის (80 კგ) და ანრი ფუტკარაძის (65 კგ) მიერ 19 ივნისს მოპოვებულ ოქროსა და ვერცხლის მედლებს, 20 ივნისს, თამაზ ღლონტმა (51 კგ) ვერცხლი მიამატა. ანრი ხოზრევანიძემ (45 კგ), რატი ხოზრევანიძემ (60 კგ) და გორ აივაზიანმა (92 კგ) კი ბრინჯაოები.

გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა 132 ქულა დააგროვა და 22 ქულით გაუსწრო უახლოეს მდევარს – უკრაინას.“ – ნათქვამია ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჭაბუკებში, 2021 წლის სეზონის უმთავრესი შეჯიბრება, მსოფლიოს ჩემპიონატი ერთ თვეში (19-25 ივლისს), ბუდაპეშტში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები