ელენე წერეთელი – მსოფლიო დონის ექსპერტი, რომელმაც ქართული გალობა კიდევ ერთხელ გააცნო ევროპას

„…ჩვენ, ქართველები, ვეკუთვნით განათლებულ ერს. ჩვენი წარსული ბრწყინვალეა, თუ ეს მსოფლიოში საყოფად (საკმაოდ) ცნობილი არ იყო, ეს ისტორიული მოვლენების გამო… მაშასადამე , ჩვენ უნდა ვიზრუნოთ და გავაცნოთ ჩვენი კულტურა ისეთი გზით ყველას, როგორც საქართველოს ეკუთვნის, უმოქმედობა დიდი შეურაცხყოფაა საქართველოს წინაშე და მისი წარსულის წინაშე,“ – ეს სიტყვები ელენე წერეთელს ეკუთვნის, რომელმაც მთელი ცხოვრება ქართული მუსიკის შესწავლას, ევროპაში მის პროპაგანდასა და პოპულარიზაციას მიუძღვნა.

ელენე წერეთლის ოჯახი წარმოშობით ზემო იმერეთის სოფელ სვერიდან იყო. ბაბუა –ვლადიმერ (ლადი) წერეთელი ჭიათურაში მანგანუმის მომპოვებელი და გადამამუშავებელი კონცესიის ერთ–ერთი ხელმძღვანელი, ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა საბჭოს გამგეობისა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, ცნობილი მეცენატი და საზოგადო მოღვაწე იყო. მამა – ვასილ (ვასო) წერეთელი სამთო ინჟინერი გახლდათ და ბევრს მოგზაურობდა. 1911 წელს მეუღლესთან, ლიზასთან, ერთად ავსტრიაში იმყოფებოდა და აქვე ქალაქ ლობენში შეეძინათ ქალიშვილი ელენე, რომლის დაბადების შემდეგაც მალევე დაბრუნდნენ თბილისში. ელენე და მისი და – მერი მცირეწლოვნები იყვენენ, როდესაც მამა სახადით გარდაეცვალათ. მოგვიანებით 1923 წელს დედა ლიზა წერეთელი ცოლად გაჰყვა ჭიათურის მანგანუმის შეძლებულ ბელგიელ მრეწველსა და ინჟინერს ოგიუსტ მუსლს, რომელთანაც რობერტი და როზ–მარი მუსლები შეეძინა.

თბილისში ელენე წერეთელმა დაამთავრა კერძო ფრანგული ლიცეუმი, მეექვსე კლასამდე სწავლობდა მე-8 შრომის სკოლაში. 1925 წელს ოჯახი იძულებული გახდა, საქართველო დაეტოვებინა, რადგანაც ბოლშევიკების მხრიდან საფრთხე დაემუქრა საქართველოს ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიურ მხარდამჭერს ოგიუსტ მუსლს. მან გამგზავრებამდე მოახერხა ჭიათურაში მანგანუმის აქციების განაღდება და აღებული თანხით დიდი მამული შეიძინა ბელგიის ქალაქ სურბროდში.

ბელგიაში ელენე წერეთელი მიაბარეს ერთ–ერთ პრესტიჟულ სასწავლებელში – ლიეჟის მონაზონთა სკოლაში, რომელიც 1929 წელს დაამთავრა. შემდეგ შეისწავლა სამედიცინო ტანვარჯიში – კინეზოთერაპია და 1964 წლამდე მოღვაწეობდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ბრიუსელის ლაზარეთში, სადაც კინეზოთერაპიის კაბინეტს ხელმძღვანელობდა. იგი ამ დარგის აღიარებული სპეციალისტი და კინეზოთერაპიის ბელგიური საზოგადოების წევრი იყო.

ელენე წერეთლი დაინტერესებული იყო ქართული მწერლობით და მუსიკით. 1930 წლიდან მოყოლებული ინტენსიურად სწავლობდა ძველი ქართული ხელოვნებისა და მუსიკალური კულტურის ისტორიას, ცალკეულ ჰიმნოგრაფიულ თხზულებებს. სწორედ ამ სფეროთი დაინტერესებამ განაპირობა, რომ ელენე წერეთელი 1964 წელს 53 წლის ასაკში ჩაირიცხა ბრიუსელის უნივერსიტეტში ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე მუსიკათმცოდნეობის განხრით. 1968 წელს ბრიუსელის უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე იგი აირჩიეს ბელგიის მუსიკისმცოდნეობის სამეფო საზოგადოების ნამდვილ წევრად, მოგვიანებით კი –  პარიზის  ეთნომუსიკის შემსწავლელი  საზოგადოების წევრად. 1950-75 წლებში ელენე წერეთელი  ქართულ ემიგრანტულ გამოცემებსა ( „ბედი ქართლისა“ და „კავკასიონი“) და უცხოურ პრესაში აქვეყნებდა როგორც მუსიკათმცოდნეობის ხასიათის ნაშრომებს ასევე მხატვრულ თარგმანებსა (გრიგოლ ორბელიანის „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“) და მიმოხილვითი  ხასიათის წერილებს. მისი ნაშრომები ძირითადად ეძღვნება ძველი ქართული მუსიკალური სისტემების თავისებურებებსა და ქართული ჰიმნოგრაფიული ძეგლების შესწავლას.

1968 წელს ელენე წერეთელმა თარგმნა და ჟურნალ“ბედი ქართლისაში“ გამოაქვეყნა ცნობილი მუსიკათმცოდნისა და ორიენტალისტის ვაჟა გვახარიას გამოკვლევა „რადამისტრო, ოპერა ჰენდელისა, ქართული ისტორიული თემით“. 1974 წელს ფრანგულ ენაზე თარგმნა და საკუთარი კომენტარებით გამოსაცემად მოამზადა ვაჟა გვხარიას მეორე ნაშრომი თამარ მეფის დროინდელ მუსიკაზე, თუმცა სამწუხაროდ მისი გამოქვეყნება ვეღარ მოასწრო.

ნაყოფიერი იყო ელენე წერეთლის თანამშრომლობა იუნესკოსთან, რომელმაც 1969-1974 წლებში გამოსცა ელენეს მიერ მომზადებული საგალობლების სამი ფირფიტა.

ელენე წერეთელს მუდმივად იწვევდნენ პრესტიჟულ სამეცნიერო ფორუმებსა და ფესტივალებში მონაწილეობის მისაღებად. იგი გახლდათ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ხალხთა ძველი მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის (ბიდგო, პოლონეთი, 1969), პარიზის ეთნომუსიკის შემსწავლელი საზოგადოების ყრილობის (1973), წმ. ნიკოლოზ–ვააზის საზოგადოების ყრილობის (1974) და სხვა ფორუმების მომხსენებელი. 1968-1975 წლებში საჯარო ლექციებს კითხულობდა ბრიუსელისა და ლუვენის უნივერსიტეტებში; ივეტ გრიმოს მიწვევთ სორბონის უნივერსიტეტში წაიკითხა ლექცია შუა საუკუნეების ქართულ მუსიკალურ კულტურაზე. ანალოგიური ლექციები ჰქონდა ბრიუსელის კონსერვატორიაში მუსიკის ისტორიკოს პროფესორ ვანდერლინდენის მიწვევით. ფალიაშვილის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით პარიზისა და ლიეჟის უნივერსიტეტებში უნივერსიტეტებში წაიკითხრა ლექციები.

ელენე წერეთელი იყო საერთო ევროპული მასშტაბით აღიარებული და წამყვანი ექსპერტი ქართული და ზოგადად მართლმადიდებლური საგალობლების დარგში. 1974 წელს ელენე წერეთლისა და მისი ბელგიელი კოლეგების ძალისხმევით ბრიუსელის წმ. მიხეილის საკათედრო ტაძარში შესრულდა მიქაელ მოდრეკილის „ჟამთა და წელთა“, რამაც დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

ელენე წერეთელი 1975 წლის 29 ნოემბერს გარდაიცვალა. დაკრძალულია „რუროფის“ საგვარეულო სასაფლაოზე. 

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები