,,იღბლიანი ვარ, ყოველთვის საინტერესო პროექტებზე მიწევს მუშაობა“ – როგორ აცოცხლებს ისტორიას და ქმნის შედევრებს გოჩა ლაღიძე

მასზე მსოფლიო პრესა ბევრს წერს… როგორ აცოცხლებს გამორჩეული ნიჭით, რკინის ნერვებითა და ქართული გენით ისტორიას და ქმნის შედევრებს – ,,მედიატორის“ სტუმარი ნიდერლანდებში მოღვაწე ცნობილი მხატვარ-რესტავრატორი, მეიარაღე ბატონი გოჩა ლაღიძეა. მის სახელს არაერთი ცნობილი ისტორიული სიძველის რესტავრაცია უკავშირდება, გოჩა ლაღიძის ნამუშევრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმებს და კერძო კოლექციებს ამშვენებს. მან ქართულ იარაღსა და აბჯარს უცხო ქვეყანაში გაუთქვა სახელი. მივიწყებულ და გაყინულ პროფესიას კი, თავიდან შთაბერა სული.

მისი პირველი ნამუშევარი ხევსურული საჭურველი იყო, რასაც სხვა საინტერესო შემოთავაზებები მოჰყვა. მის სახელს უკავშირდება მეფე ერეკლე II-ის ხმლის საავტორო ასლი, ეროვნულ მუზუმში უნიკალური ექსპონატების რესტავრაცია, იარაღის ფონდიდან ბაგრატიონების სამეფო ოჯახის გორდა ხმლების, “გველისპირულის”, უქარქაშო საბრძოლო ხმლების, მოოქროვილი დამბაჩის რესტავრაცია და სხვა.

1994 წელს ოჯახთან ერთად, ნიდერლანდებში გაემგზავრა და 26 წელია, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული მესაჭურვლეა. ნიდერლანდების სამეფოს სამხედრო მუზეუმი, 10 წლის მანძილზე წარუმატებლად ეძებდა ისეთ ოსტატს, რომელიც ჭედვის ტექნიკის სათანადო ცოდნით პრინც მაურიც ორანელის, ნიდერლანდების მმართველის 1590 წლის რკინის საბრძოლო აბჯრის ასლს გამოჭედავდა. ეს მხოლოდ გოჩა ლაღიძემ შეძლო (დღემდე პრინცის ერთადერთი აბჯარი ვენის ხელოვნების მუზეუმშია დაცული). მაქსიმილიანის სამეფო ჯავშანი, შუბოსნების აბჯრები, არაერთი საბრძოლო იარაღი და მოოქროვილი, კლასიკური მუზარადების საავტორო ასლები მისი ხელით იქმნება.

,,როდესაც ნამუშევარს ვქმნი, მარტო ჩემი გადმოსახედიდან არ ვუყურებ, ვაკვირდები ბევრი ადამიანის თვალით. ხალხის აზრი, შეფასება მნიშვნელოვანია. ისეთი გამოსხივება აქვს დადებითად გმუხტავს და უარყოფითად განწყობილ ადამიანსაც კი პოზიტიურად მოატრიალებსო – თქვა ჩემს ნამუშევრებზე ადრე ჰოლანდიის სამეფო მუზეუმის მთავარმა კურატორმა, ეს დიდი კომპლიმენტია ჩემთვის.“

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები