“ჩვენი სიმღერა არასდროს დასრულდება…”

დღეს გიამბობთ ერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმის შესახებ, რომელიც სოფელ გრემში (კახეთი) არსებულ თემს ეხება, სადაც სხვადსხვა გამოცდილების და შესაძლებლობების 70-მდე ადამიანი ცხოვრობს და მუშაობს. ცხოვრება თემში ადამიანების თანასწორობის რწმენაზეა დაფუძნებული.

თემი, გრემის მონასტრიდან სულ რაღაც ორ კილომეტრში მდებარეობს. ღვინის გზის რამდენიმე მაჩვენებელი თქვენ მათთან მოგიყვანთ, სადაც შემოგთავაზებენ ქვევრის ორგანულ ღვინოს, გემრიელ ქართულ კერძებს, ხილის წვენებს, სხვადასხვა საკვებს და ხელნაკეთ ნივთებს.

თემს ხშირად სტუმრობენ მოხალისეები არამარტო საქართველოდან  არამედ უცხოეთიდან, მაგრამ საქართველოში ბევრმა არ იცის ამ ადგილის არსებობის შესახებ და ამიტომ, ერთ დღეს, ფილმის პროდიუსერებმა აჩიკო ჭოტაშვილმა და რეზო მესხიამ გადაწყვიტეს პატარა სარეკლამო – საინფორმაციო რგოლი გადაეღოთ, რაშიც მათ ესტონელები დაეხმარნენ.

არჩილ ჭოტაშვილი: თემი 30 წელია არსებობს, თემში ყოველ წელს მოდიან მოხალისეები, მათ შორის, გერმანიიდანაც. ახლა თემის განვითარებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ესტონეთის მთავრობის პროექტი, რომელიც ფინანსდება ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, ,,განვითარების, თანამშრომლობისა და ჰუმანიტარული დახმარების ფონდის მეშვეობით. პროექტის მენეჯერი, ესტონეთის მხრიდან, თემის დიდი მეგობარი, მარგიტ ცარია, „Peipsi Center for Transboundary Cooperation“- დან. ამ პროექტის ერთ – ერთი შემადგენელი ნაწილი იყო ვიდეორგოლის გადაღება, რომლის მიზანი იყო საქველმოქმედო კავშირი თემის ბიო პროდუქციის პოპულარიზაცია. სინამდვილეში პატარა ფილმი გამოვიდა. მე გახლავართ ფილმის პროდიუსერი, რეზო მესხია არის ფინანსური მენეჯერი, რეჟისორი და სცენარის ავტორი გიორგი ცხვედიანია, მსახიობები გიორგი მეგრელიშვილი, ფატი თურმანიძე, ასევე მონაწილეობენ ლევან ბატიაშვილი (თემის ერთ – ერთი დამფუძნებელი), თინათინ შილდელაშვილი, გერმანელი მოხალისეები და სხვები.

რეჟისორი გიორგი ცხვედიანი: მე და აჩიკო ჭოტაშვილი დიდი ხნის მეგობრები ვართ, მან შემომთავაზა იდეა, რომ თემის შესახებ 2 წუთიანი სარეკლამო – საინფორმაციო რგლი გადამეღო. მერე წამიყვანა გრემში და იქაურობა დამათვალიერებინა. მომიყვა რას საქმიანობს საქველმოქმედო ორგანიზაცია, გამაცნო იქაურობის ხელმძღვანელი, ბატონი ნიკა  კვაშალი და ის კოლექტივი, ვინც უვლის შშმ პირებს. თავიდან არ მქონდა გადაწყვეტილი ამ საქმისთვის მომეკიდა ხელი, მაგრამ თემში რომ მოვხვდი, იქაურობამ ძალიან იმოქმედა ჩემზე, სულიერად შემძრა იმ საქმიანობამ, რასაც  ეს ხალხი  ეწევა. ფანტასტიური გარემოა, გამეფებულია სიმშვიდე, სიწყნარე სუფევს, თითქოს იქ ღმერთი ცხოვრობს… სულიერი კავშირი ვიგრძენი გარემოსთან. ბოლოს, მე თვითონაც გადავწყვიტე, რომ  მიმეღო მონაწილეობა იმ სიკეთეში, რასაც ეს ხალხი  წლების განმავლობაში ახორციელებს და მათ დავხმარებოდი. ბევრმა ქართველმა არ იცი ამ საქველმოქმედო ორგანიზაციის შესახებ, რას აკეთებენ და რა უნიკალურ პროდუქტს აწარმოებენ. ამან მიბიძგა იმისკენ, რომ 2 წუთიანი რგოლი კი არა, სრულყოფილი ფილმი გადამეღო, რომელიც იქაურობას და ამ ორგანიზაციას უფრო ახლოს გააცნობდა საზოგადოებას. აი, ასე დაიბადა ეს იდეა, დაიწერა სცენარი და მერე გადავიღეთ ფილმი.

როცა იქ ჩავედით, ჩვენთვის მთავარი იყო კარგ განათებაში გადაგვეღო ფილმი, ამინდზე და განათებაზე დიდად ვიყავით დამოკიდებული. ჩვენდა სასიკეთოდ ბევრი ფაქტორი დაემთხვა და ფილმი პრაქტიკულად რეკორდულ დროში, ერთ დღეში გადავიღეთ, 15 საათი ვიმუშავეთ უწყვეტ რეჟიმში…

ფანტასტიური დამდგმელი ოპერატორი გვყავდა კახა ბუხრაშვილი, უნიჭიერესი და დაუღალავი ადამიანი, ასევე საუკეთესო ხმის ოპერატორი თორნიკე ბუხრაშვილი,  მხატვრის ფუნქცია მე შევითავსე, არაჩვეულებრივი მუსიკა კი აჩიკო ჭოტაშვილის არის, რომლის არანჟირება მისმა მეგობარმა აჩიკო ბურჭულაძემ გააკეთა და მათივე სტუდიაში, “FLASH Home Studio”- ში ჯგუფმა FLASH-მა ჩაწერა.

-როგორც ვიცი პროფესიონალი მსახიობების გვერდით ფილმში არაპროფესიონალები მონაწილეობენ…

გერმანელმა ბავშვებმა გაგვიმართლეს, ვიზუალურად და სამსახიობო ოსტატობითაც ძალიან დამაჯერებლები და ბუნებრივები არიან. მე ყველა მომწონს, მაგრამ განსაკუთრებულად გამოვყოფ კლარას შვილის და ანიკას, თარჯიმნის როლის შემსრულებელს, ხოლო რაც შეეხება მსახიობებს,  გიორგი მეგრელიშვილთან მუშაობა დიდი კომფორტია, სუპერ პროფესიონალია, ზუსტად იგებს დავალებას და ფანტასტიურად ასრულებს. მასზე დიდად იყო დამოკიდებული ფილმის წარმატება და ამ იდეის განხორციელება. ფატი თურმანიძემ კი მე გამაოცა თავისი დიდი პროფესიონალიზმით და იმედი მაქვს მომავალშიც ვითანამშრომლებ მასთან.

მსახიობი ფატი თურმანიძე: როგორც იცით, ამ ფილმის პროდიუსერია არჩილ ჭოტაშვილი, რომელიც რეჟისორთან ერთად ფილმის ტიპაჟებს არჩევდა და  სწორედ მან შესთავაზა ჩემი კანდიდატურა ბატონ გიორგის, რომელმაც ამარჩია ამ როლზე, რისთვისაც დიდი მადლობა მათ. როცა ერთმანეთს შევხვდით, აღმოჩნდა, რომ საჭირო იყო გერმანული ენის ცოდნა, ბატონმა გიორგიმ შემაგულიანა – ისწავლე ტექსტი, გადავიღოთ და თუ კარგი არ გამოვა მერე გერმანელი გაგახმოვანებსო, მაგრამ საბოლოო ჯამში, გერმანელებს მოეწონათ ჩემი საუბარი, ბავარიული გერმანულით საუბრობსო…

არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩემი პარტნიორის გიორგი მეგრელიშვილის თავდაუზოგავი შრომა, არაჩვეულებრივი პარტნიორი იყო გადაღების  დროს, ასევე გერმანელი ბავშვები, ჩვენი ანტონი და კლარა, რომელთაც გამოცდილება საეროდ არ ჰქონდათ, სრულიად ბუნებრივად გამოიყურებიან ფილმში. ყველას უდიდესი მადლობას ვუხდი, მთელმა ჯგუფმა კარგად ვიმუშავეთ, ამის ყველაფრის თავი და თავი კი იყო რეჟისორი, რომელმაც არაჩვეულებრივი ატმოსფერო შექმნა,  რამაც ფილმის წარმატება განაპირობა.

-ფატი ადრე თუ იყავით ამ თემში ნამყოფი?

-თემში ადრე არ ვიყავი ნამყოფი, ეს ადგილი არის მთებში ჩაფლული, სასწაული აურის და გარემოს მატარებელი, იქ მაცხოვრებელმა ადამიანებმა აღმაფრთოვანეს – მათმა დახვედრამ, სტუმართმოყვარეობამ. საერთოდ სხვა სამყაროში მოვხვდი. გამიკვირდა რომ არაფერი ვიცოდი ამ თემის არსებობის შესახებ და მე ყველას ვურჩევ, რომ როდესაც მოხვდება ამ დალოცვილ კუთხეში, კახეთში, გრემში, აუცილებლად შეიარონ და ნახონ ეს ადგილები, მითუმეტეს იქ ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ განმარტოვდე, განიმუხტო, სხვა ენერგიით აივსო. მაგნიტი აქვს რაღაც, რაც გიზიდავს და მე როგორც კი მომეცემა საშუალება აუცილებლად კიდევ ჩავალ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები