გიორგი ტალახაძე – პოლიციის კაპიტანი მსოფლიო რეკორდსმენთა რიგებში და საქართველოს უძლიერესი მამაკაცების მორიგი წარმატება

რამდენიმე დღის წინ ქართველი სთრონგმენების მსოფლიო რეკორდმა არა მხოლოდ საქართველო აალაპარაკა – ქვეყნის უძლიერესმა მამაკაცებმა ჯამში 105 ტონა მასის მქონე 7 ტრაილერი არცრ მეტი და არც ნაკლები საკუთარი ხელებით დაძრეს და დაახლოებით 7 მეტრით გადააადგილეს, რითაც უკრაინის ნაკრების შედეგსაც აჯობეს და საკუთარი, ღირსეული და კუთვნილი ადგილი კიდევ უფრო გაიმყარეს მსოფლიოს უძლიერეს მამაკაცთა რიგებში.

სპორტი, რომელიც თანაბრად მოითხოვს გონებრივ და ემოციურ სიძლიერეს, გუნდურ და ინდივიდუალურ მუშაობას, რა თქმა უნდა, ბევრ შრომასა და ცხოვრების წესად ქცეულ ვარჯიშს, საქართველოში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. რაშიც, ისევე როგორც, მსოფლიო რეკორდის გადაწერაში, საკუთარი არც თუ მცირე წვლილი ბორჯომელ სპორტსმენს, გიორგი ტალახაძეს მიუძღვის – 30 წლის პოლიციის კაპიტანს, რომელმაც ბორჯომში საკუთარი ფინანსებით სავარჯიშო სივრცეც მოაწყო და ახლა სხვებს ეხმარება, მასავით ძლიერი და ჩემპიონი თუ ვერა, მინიმუმ, ჯანსაღი ცხოვრების ქომაგი გახდეს.

თავად ვარჯიში ბავშვობიდან დაიწყო, დაუღალავი შრომით ჩემპიონობამდე მოვიდა და რასაკვირველია, ჯერ გაჩერებას არ აპირებს:

“ბორჯომში დავიბადე და გავიზარდე, სკოლაც აქ დავამთავრე… ბავშვობიდან ვვარჯიშობდი, ოღონდ არაპროფესიონალურად, ბოლო 5 წელია, რაც პროფესიონალურ სპორტში ჩავერთე და აქტიური მზადება დავიწყე. ყოველთვის მქონდა მონდომება, რომ მევარჯიშა, თუმცა ბორჯომში სპორტდარბაზი არ გვქონდა და ფიზიკურად მოკლებული ვიყავი იმ შესაძლებლობას, რაც დედაქალაქში გადასვლის შემდეგ მომეცა. წლების შემდეგ კი დავბრუნდი მშობლიურ ქალაქში და თავად გავაკეთე სავარჯიშო სივრცე, რათა ჩემი ქალაქის მცხოვრებლებს არ ჰქონოდათ ის დანაკლისი, რაც თავის დროზე მე მქონდა და შეძლებოდათ მეტი ფიზიკური აქტივობა.”

თავდაპირველად ტრენაჟორები პირადი მოხმარებისთვის შეიძინა, შემდეგ გადაწყვიტა, რომ მათი სხვებისათვის გაზიარება სურდა და როგორც თავად ამბობს, შეიძლება ყველა, ვინც ვარჯიშობს, არ გაჰყვეს პროფესიონალურ სპორტს და არ ან ვერ გახდეს ჩემპიონი, თუმცა, თუკი მათ გაუჩნდებათ მეტი მოტივაცია ფიზიკური აქტივობების მიმართ, მოშორდებიან ქუჩას და საკუთარ დროსა და რესურსს ვარჯიშს დაუთმობენ, მისი მიზანიც მიღწეული იქნება.

ვარჯიში, კვება, დასვენება და ძალების აღდგენა – ასე გამოიყურება იმ აუცილებლად შესასრულებელ მოცემულობათა სია, რომლის გარეშეც ამ სპორტში ყოფნა უბრალოდ წარმოუდგენელია.

რა თქმა უნდა, ძალიან დიდ დროსა და რესურს მოითხოვს, იქნება ეს დღეში რამდენიმე საათი ვარჯიში, მინიმუმ ექვსჯერადი კვება თუ დასვენება – ეს უკანასკნელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, აქ ძალების აღდგენა აუცილებელია. ვისაც წინსვლა და წარმატებების მიღწევა სურს, აუცილებლად უნდა გამოყოს დრო. ვფიქრობ, შრომა და მონდომება ყოველთვის მიგვიყვანს შედეგამდე, თუკი თავს არ დავზოგავთ და იმ წინააღმდეგობებს, რომლებიც არც თუ ცოტა იქნება, არ შევუშინდებით, ფარ-ხმალს არ დავყრით.” 

სწორედ ამგვარი დაუღალავი შრომის შედეგად ქართველმა სთრონგმენებმა  მსოფლიო რეკორდიც მოხსნეს:

“ეს გამოსვლა ნამდვილად უმნიშვნელოვანესია ჩემთვის, რადგან ჩემი სახელი მსოფლიო რეკორდსმენებს შორის ჩაიწერა. ბედნიერებაა ამ ტიტულის ტარება და ნაკრების წევრობა – 9 საუკეთესო სპორტსმენს შორის ყოფნა ნამდვილად საპასუხიმგებლო იყო ჩემთვის. პატარა ტრავმა, პატარა შეცდომაც კი ამ საერთო საქმეში ღალატის ტოლფასი იქნებოდა და აუცილებლად ცუდად აისახებოდა შედეგზე, თუმცა, მადლობა ღმერთს, ყველაფერი საჩვენოდ დამთავრდა. როცა ამხელა მასას ეჭიდები, სინქრონულობა და გუნდური მუშაობა გადამწყვეტი ფაქტორია.” 

ერთი შეხედვით მარტივად დაძრული 105 ტონა მასის მიღმა მარტივი შრომა ნამდვილად არ დგას. როგორც სპორტსმენი ამბობს, შედეგის მიღწევაში მათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობის განცდა დაეხმარათ –  ის, რომ შესასრულებელი დავალება იმაზე რთულად აღიქვეს, ვიდრე ეს რეალურად იყო. ამ დიდმა მიღწევამ ძალისმიერი სპორტის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა და ახლა ქართველ უძლიერეს მამაკაცებს კიდევ უფრო მეტი გულშემატკივარი ჰყავთ, თავად გიორგი კი იმედოვნებს, რომ გულშემატკივართა პარალელურად, ძალისმიერი სპორტით დაინტერესებული ახალგაზრდების რაოდენობაც გაიზრდება.

“მიხარია, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა ინტერესდება სპორტით, რასაკვირველია, ყველა მათგანი არ აპირებს სპორტული კარიერის გაკეთებას, თუმცა, ყოველი საათი, რომელსაც ისინი ფიზიკურ აქტივობებს უთმობენ, დადებითად აისახება არა მხოლოდ მათ ფიზიკურ, არამედ სულიერ ჯანმრთელობაზეც. ძველი სიბრძნეა, რომ ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია.

ყველა ჩვენი მიღწევით გვინდა მეტი პოპულარიზება გავუწიოთ სპორტული ცხოვრების წესს. მიხარია, რომ ფედერაცია მუდმივად ჩვენ გვერდითაა ყველა წამოწყებაში და მათგან ნამდვილად დიდ მხარდაჭერას გრძნობს თითოეული სპორტსმენი. ბოლო რეკორდზე კერძო კომპანიების დაინტერესებაც საკმაოდ მაღალი იყო. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო კომპანია “ორიენტ ლოჯიკს”, რომელიც გვერდით დაგვიდგა ამ შედეგის მისაღწევად.  რაც მეტი ყურადღება და ფინანსური რესურსი იქნება მომართული, მით მეტი შედეგების მიღწევაა შესაძლებელი, რისთვისაც არც მე და არც სხვა სპორტსმენები თავს არ დავზოგავთ და კიდევ უფრო მეტ ტიტულს მოვუტანთ საქართველოს.” 

გიორგი ტალახაძის – სპორტსმენის, რომლის კარიერულ მიღ​წევებში საქართველოს ჩემპიონის ტიტულების გვერდით, უკვე მსოფლიო რეკორდსმენობა იკავებს მნიშვნელოვან ადგილს, გეგმებში კვლავ მეტი წარმატებაა. როგორც თავად ამბობს, ის და საქართველოს სხვა უძლიერესი მამაკაცები მორიგი შთამბეჭდავი მსოფლიო რეკორდებით მომავალშიც შეეცდებიან გულშემატკივრების გახარებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები