28 წლის ასაკში ნაპოვნი პროფესია და ახალგაზრდა ქოუჩი, რომელიც რეგიონულ განვითარებაზე ზრუნავს – სოფო შანშაშვილის პორტრეტი 

სოფო შანშაშვილის გზა წარმატებამდე და საკუთარი თავის აღიარებამდე მარტივი არ ყოფილა. დედოფლისწყაროში დაბადებულმა და გაზრდილმა გოგომ ყოველთვის იცოდა, რომ მთელ თავის რესურსსა და მონდომებას სასარგებლო საქმის კეთებას მოახმარდა – მისი ცხოვრების მთავარი საქმე კი 28 წლის ასაკში იპოვა. 

მანამდე იყო უნივერსიტეტი, სამსახურები, ოჯახი და მუდმივი განვითარების, სიახლეების ძებნისა და საკუთარ თავზე დაუღალავი მუშაობის პროცესი, რომელმაც სოფო ქოუჩინგისაკადემიამდე მიიყვანა. ახლა ის წარმატებული ქოუჩია.  სურს, იზრუნოს საკუთარი რეგიონის განვითარებაზე, უჩვენოს ახალგაზრდებს გზა, ქალებსა და ემიგრანტებს კი საკუთარი სიძლიერის პოვნაში დახმარებით აღმოუჩინოს მხარდაჭერა. 

ეს არის ამბავი ახალგაზრდა ძლიერი ქალის შესახებ, რომელიც სხვებსაც უჩვენებს, თუ როგორი ძლიერები არიან ისინი თავად. 

_ სოფო, უპირველეს ყოვლისა, მოგვიყევით თქვენ შესახებ – ვინ არის სოფო შანშაშვილი? 

_ დავიბადე და გავიზარდე დედოფლისწყაროში, თბილისში ტურიზმის ფაკულტეტზე ვსწავლობდი.  მე-3 კურსზე ვიყავი, როცა ფინანსური პასუხიმგებლობის საკუთარ თავზე აღება მომიწია და ასე აღმოვჩნდი საბანკო სექტორში, “TBC” იყო ის ორგანიზაცია, რომლიც მაშინ ნათელ წერილად მომევლინა. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში დაბრუნება მომიწია, სწავლის შეწყვეტაზე არ მიფიქრია, სხადასხვა აპლიკაციების დახმარებით ვახერხებდი, არ ჩამოვრჩენოდისწავლის პროცესს, დედაქალაქში კი მხოლოდ გამოცდების ჩასაბარებლად მევლო. 240-ლარიანი ხელფასიდან 160 ლარს ყოველთვიურად სწავლის გადასახადისათვის გადავდებდი ხოლმე და უზომოდ მიხაროდა, რომ ჩემი შრომით გამომუშავებული ფულით ვიძენდი ყველაზე მნიშვნელოვანს და მიზნისკენ სვლას არ ვწყვეტდი, მიუხედავად ბევრი პრობლემისა.

შემდეგ საქმიანობა სხვა საფინანსო ორგანიზაციაში გავაგრძელე, ამასობაში ოჯახიც შევქმენი და გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ შინაგანად გამოვიფიტე და ამ სფეროში საკუთარი თავი ამოწურული მყავდა. ჩემი ხასიათი და ბუნება კი  ამ შეგრძნებას ვერ ემორჩილებოდა და მუდმივი განვითარება, წინსვლა სურდა. მქონდა დეპრესიული პერიოდებიც  – სამსახური, ორი შვილი, რობოტული ცხოვრების სტილი – საჭირო იყო რაღაც ცვლილება.

_ რა აღმოჩნდა თქვენს ცხოვრებაში გარდამტეხი ცვლილება ? 

_ გადავწყვიტე, კონსულტაცია გამევლო ფსიქოლოგთან, მისი ძებნა კი,  როგორც ხდება ხოლმე, დავიწყე ინტერნეტში  და გადავაწყდი ქოუჩინგს. მაშინვე მიიპყრო ამ სფერომ ჩემი ყურადღება. რადგან საერთოდ არ მსურდა  წარსულში ქექვა, უბრალოდ მინოდა ეს მძიმე პერიოდი უკან მომეტოვებინა და მეტი შემართებით გამეგრძელებინა ცხოვრება, მეტი სიამოვნებით. ქოუჩინგიკი სწორედ ამის შესაძლებლობად მესახებოდა.

_ რატომ გადაწყვიტეთ, თავად დავუფლებოდით ამ პროფესიას?

_ ქოუჩინგის შესწავლა დაახლობით გასულ წელს დავიწყე, მანამდე მხოლოდ საკუთარ თავზე ვმუშაობდი.  ჩემს პიროვნებაშიც ამ დროს დიდი ძვრები მოხდა, მივიღე ჩემთვის წარმოუდგენელი გადაწყვეტილება და ყველაზე რთულ პერიოდში სამსახურიდან წამოვედი. მიუხედავად შიშისა, ეს ნაბიჯი თამამად გადავდგი, რადგან ვგრძნობდი, რომ რაღაც ძალიან ძლიერს, ძალიან ჩემეულს ვეჭიდებოდი.

ვიფიქრე, რომ შევისწავლიდი ამ პროფესიას და შევძლებდი საკუთარი ცხოვრება თავადვე დამებრუნებინა სწორ რელსებზე. ეს იყო ის, რამაც პირველი ნაბიჯი გადამადგმევინა, შემდეგ, სწავლის პროცესში მქონდა შეგრძნება, თითქოს თავიდან დავიბადე და ჩემი ნამდვილი მე გავიცანი. მივხვდი, რომ ეს ის პროფესია იყო, რომელიც თურმე ჩემი იყო, თურმე ჩემთან იყო და იყო პასუხი იმ კითხვაზე, რომელსაც მანამდე ვერასდროს ვპასუხობდი, თუ რისი კეთება მინდოდა რეალურად. ყოველთვის ვცდილობდი, სასარგებლო ვყოფილიყავი სხვა ადამიანებისათვის, უცებ კი დავინახე, რომ მე შემეძლო მათ პიროვნულ განვითარებაზე მეზრუნა, მით უფრო რეგიონში, სადაც წვდომა სხვადასხვა სერვისთან საკმაოდ რთულია.  მინდოდა ვყოფილიყავი მაგალითი ადამიანებისათვის, რომ რეგიონშიც შეიძლება ისწავლო,განვითარდე,საყვარელი საქმე აკეთო ისე, რომ არ მიატოვო შენი წინაპრების დანატოვარი მიწა-წყალი.

28 წლის ასაკში აღმოვაჩინე პროფესია, რომელიც მართლაც ჩემია, რომელსაც თავადაც სიამოვნებით ვაკეთებ და სხვისთვისაც სარგებლის მოტანა შემიძლია. მინდა, ახალგაზრდებს დავეხმარო სწორი მიზნების დასახვასა და სწორი გზის არჩევაში, საკუთარი სურვილებისა და შესაძლებლობების აღიარებაში და რაც მთავარია, საკუთარ თავში ძალისა და რესურსების პოვნაში.

ამ ყველაფრის რეალიზების საშუალება კი ქალბატონ ხათუნა მუზაშვილთან, ქოუჩინგისსაერთაშორისო ასოციაციაში მომეცა. ეს არის უძლიერესი ლექტორებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც ფაქტობრივად ერთი დიდი ოჯახია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მე მომეცა დისტანციურად სწავლის საშუალება, რაც დამატებითი კომფორტია ჩემთვის და რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის. დატვირთული გრაფიკის, სამსახურის, შვილების პარალელურად წარმოუდგენლად რთულია, გამონახო დრო და რესურსი და თბილისში იარო ტრენინგებზე დასასწრებად. რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს ბევრ სერვისზე ხელი არ მიუწვდებათ, ქოუჩინგის სკოლაში კი მე ეს კომფორტიც მქონდა.ხშირად ჩემს შვილებთან ერთად ვესწრებოდი ლექციებს, მათ ყველა ლექტორი იცნობს, თუმცა ეს არ ყოფილა მიზეზი. რომ ჩემს მიზანზე უარი მეთქვა.

_ როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება ქოუჩუნგის სკოლაში სწავლის დაწყების შემდეგ და რამდენად კმაყოფილი ხართ იმით, რასაც ცხოვრებისაგან იღებთ?

_ ამ სფეროში დამწყები ვარ, დიდი გამოცდილება არ მაქვს, თუმცა საკმარისი იმისათვის, რომ ადამიანებთან ურთიერთობის ხიბლი, მათ თვალებში ნაპერწკლების დანახვის სიხარული შევიგრძნო. როცა ვხედავ, როგორ იზრდება ადამიანი ჩემ თვალწინ, როგორ ემატება თავდაჯერებულობა და აღარ ერიდება საკუთარ თავზე კარგის თქმა, როგორ  ისახავს მიზანს და დგამს მისკენ მიმავალ ნაბიჯებს – საოცარი შეგრძნებაა, რომელიც სასიცოცხლო ენერგიით მავსებს.

ამ ეტაპზე მხოლოდ სესიებით შემოვიფარგლები, თუმცა,  გეგმაში მაქვს ტრენინგებიც, რომლებიც სკოლებიდან დაიწყება და შემდეგ ფართო საზოგადოებასაც მოიცავს. მინდა, რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს მაქსიმალურად დავეხმარო, განსაკუთრებით კი ქალებსა და ახალგაზრდებს.  ასევე, ჩემი დიდი სურვილია, შევძლო ემიგრანტების დახმარებაც.

დედა მყავს ემიგრაციაში და ჩემთვის ძალიან ახლო და ნაცნობია ის ტკივილი, რომელსაც სამშობლოსა და ოჯახისაგან შორს მყოფი ადამიანები განიცდიან. არა მხოლოდ ისინი, მათი ოჯახის წევრებიც, რომლებიც უძვირფასეს მომენტებს ვერ უზიარებენ დედას, მეუღლეს, დას, მამას… პირადად მეც მქონდა ასეთი ორმაგი ემოცია, როცა შვილები მეყოლა – ეს იყო, ერთი მხრივ, უდიდესი სიხარული დედად გახდომისა, მეორე მხრივ კი, უდიდესი სევდა, რომ დედაჩემი ამ დროს ჩემ გვერდით ვერ იყო. მგონია, რომ ვიცი, რა სჭირდებათ ამ ადამიანებს და იმედი მაქვს, შევძლებ ოდნავ მაინც შევუმსუბუქო ის საკმაოდ მძიმე ყოველდღიურობა, რომელში ცხოვრებაც მათ უწევთ. დედამ მითხრა – აქ ყოფნისას წლები “დაპაუზებული” მაქვს, თითქოს არც ვცხოვრობო. მინდა, ასეთი წლები ფერადი და ხალისიანი გავუხადო ჩვენს ემიგრანტებს.

_ ქართულ რეალობაში რეგიონში ცხოვრებას, დადებით მხარეებთან ერთად, ბევრი ნეგატიური ფაქტორი ახლავს თან – თქვენ შემთხვევაში რა მიგაჩნიათ უარყოფით მხარედ და როგორც ცდილობთ, ეს ყველაფერი დადებითისაკენ შემოატრიალოთ

_ ბევრი ადამიანისათვის დღემდე არაა მისაღები რეგიონში თუ სოფელში ცხოვრება, პირადად მე მსგავსი დამოკიდებულება არ მქონია, ალბათ იმიტომ, რომ აქ დავიბადე, გავიზარდე და ესაა გარემო, სადაც თავს შინ  ვგრძნობ. თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რამ აკლია რეგიონს, დაწყებული პიროვნული ზრდის შესაძლებლობებიდან თავისუფალი დროის აქტივობებით დამთავრებული.  ეს გარემო ჩემთვის უარყოფითად ვერ შეფასდება, ალბათ, არასრულყოფილსუფრო დავარქმევდი – ვფიქრობ ხოლმე, რა შეიძლება მივცე ჩემს შვილებს, როგორ ვიზრუნო მათ ფიზიკურ თუ სოციალურ აქტივობებზე და ვხვდები, რომ დიდი არჩევანი ნამდვილად არ მაქვს.

სკოლები საკმაოდ კარგ განათლებას აძლევენ ბავშვებს და ძალიან განათლებული თაობა ჰყავს რეგიონებს, თუმცა, ამის მიღმა არაფერი ხდება. ბევრი რამეა გასაკეთებელი და გული მწყდება, რომ მეტ შესაძლებლობებს ვერ ვთავაზობთ ამ ადამიანებს. ჩემთვის ეს არაა იმის მაპროვოცირებელი ფაქტორი, რომ აუცილებლად დედაქალაქში ვიცხოვრო. პირიქით, ეს მმატებს მოტივაციას აქ, ჩემს გარემოში შევქმნა შესაძლებლობები.  ახლო კონტაქტი ბუნებასთან, ჯანსაღი გარემო, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები – რთულია, ამ ყველაფერზე უარი თქვა, უმჯობესია, ის მეტად სრულყოფილი გახადო.

_  თქვენი აზრით, რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს რეგიონის საზოგადოება?

_ ისევე, როგორც განსხვავდება რეგიონში მცხოვრები ხალხის ყოველდღიურობა, განსხვავდება მათი გამოწვევებიც. შედარებით ასაკოვანი ხალხი, როგორც წესი, აგრარული საქმიანობითაა დაკავებული, ახალგაზრდებისათვის კი, სამწუხაროდ, ბევრი არჩევანი არაა, ისინი ან სწავლის გაგრძელების მიზნით ტოვებენ თავიანთ სახლებს, ან ცდილობენ იქვე დასაქმდნენ იმ მცირე სამუშაო ადგილებზე, რომლებსაც მათ რეგიონის გარემო სთავაზობს.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ რეგიონი მოკლებულია შესაძლებლობებს და არა რესურსს – ძალიან ნიჭიერი და განათლებული თაობა მოდის, რომელსაც მეტი გასაქანი სჭირდება. ცხოვრებაში ცვლილების შეტანის სურვილი დიდია, გზები – ძალიან ცოტა. 

_ როგორია საქმიანი ქალის ფენომენი რეგიონში და თქვენ შემთხვევაში, საზოგადოების როგორ დამოკიდებულებას შეეჩეხეთ?

_ ჩემ ირგვლივ ბევრი ფიქრობდა, რომ მე ძლიერი ქალი ვიყავი, რადგან მყავს პატარა შვილები, პარალელურად კი მქონდა სამსახური. სამწუხაროდ, ჰგონიათ, რომ ქალმა თავი შვილები აღზრდას უნდა მიუძღვნას და როცა მათ დამოუკიდებლად ცხოვრებას მიაჩვევს, მხოლოდ შემდეგ შეუძლია საკუთარ კარიერაზე იფიქროს. არადა, თუნდაც რამდენიმეწლიანი დისტანცირება  იწვევს საკუთარ ძალებში დაეჭვებას და შემდეგ გაცილებით რთულია თავი წარმატებულ, საჭირო ადამიანად აღიქვა.

ძალიან ძლიერი ქალები ცხოვრობენ რეგიონებში და მნიშვნელოვანია, მათ დაინახონ, ირწმუნონ თავიანთი ძალა. ჩემი მიზანიც ესაა, თითოეულ მათგანს ვაჩვენო ის ძლიერი ქალი, რომელიც თავადაა. არ ვუთხრა, რომ სადღაც განუსაზღვრელ რეალობაში არსებობენ ძლიერი ქალები, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს. მინდა, ვუთხრა, რომ თავად არიან ქალები, რომლებსაც აქვთ წარმატების ყველანაირი რესურსი.

_ რისთვის იბრძვით თქვენ, რისი შეცვლა გსურთ?

– მინდა ვიყო “სინათლის შუქურა” და სინათლე, ცნობიერება შემოვიტანო,  ვუჩვენო მაგალითი იმისა, რომ ნებისმიერ ასაკში უნდა ჰქონდეთ განვითარების სურვილი. მინდა ვანახო, რომ სირცხვილი სულაც არაა რეგიონში ცხოვრება, პირიქით… და ყველა საქმე, რომელსაც ეს ადამიანები აკეთებენ, უდიდეს პატივისცემას იმსახურებს.  მინდა, სხვა კუთხით დავანახო თავიანთი ცხოვრება და ვაჩვენო, თუ როგორი სასარგებლოები და საჭიროები არიან ისინი ერთმანეთისათვის. 

ავტორი: თამუნა ზარანდია

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები