13 მაისს მედეა ჩახავას, სალომე ყანჩელის და მარინე თბილელისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება

2021 წლის 13 მაისს, 18 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე, ქართული თეატრისა და კინოს სამი დიდი მსახიობის – მედეა ჩახავას, სალომე ყანჩელის და მარინე თბილელის დაბადებიდან 100 წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.

სამივე მათგანის შემოქმედება მჭიდროდაა დაკავშირებული რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრთან. ამ თეატრის ერთ-ერთი საინტერესო პერიოდი, გასული საუკუნის 50-80-იანი წლები, წარმოუდგენელია მედეა ჩახავას, სალომე ყანჩელისა და მარინე თბილელის სამსახიობო შემოქმედების გარეშე.

ღონისძიების იდეის ავტორი და წამყვანი ნიკოლოზ წულუკიძეა.

ქართული თეატრისა და  კინოს  ვარსკვლავები გაიხსენებენ სამ უდიდეს მსახიობს და გაითამაშებენ ეპიზოდებს იმ სპექტაკლებიდან, რომლებშიც ეს სამი ბრწყინვალე მსახიობი ქალი მონაწილეობდა.

საღამოს მუსიკალურ თანხლებას გაუწევენ ქართული მუსიკალური სფეროს ცნობილი წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები