ჩანახატების კონკურსის „წერილები გზიდან“ გამარჯვებული ხათუნა წიქორიძე – „ტახო-ია…“

ტახო-ია…

ელენე ბებია, დედაჩემის დედა, სამ დას შორის უმცროსი იყო, ანუ ორი და ჰყავდა: თამარა ბებო მეზობელ სოფელში იყო გათხოვილი, ხოლო მარგალიტა ბებო – ქუთაისში. სამივე სერაფინე რობაქიძის და ალექსანდრე ჭელიძის შვილები იყვნენ. ალექსანდრე ბაბუა, მე არ მახსოვს, სერაფინემ და ელენემ კი, თუ კი რამე კარგი გამაჩნია, მათ შემასწავლეს. ელენე ბებია დაოჯახებული იყო იოველ გვიტიძეზე… ვანის რაიონიდან იყო იოველი, რადგან ელენე უმცროსი ქალიშვილი იყო, მისი ქმარი ჩამოისიძეს… მერე დედაჩემი გაჩნდა – 1941 წლის 15 თებერვალს.

იმავე წელს, 22 ივნისს დიდი სამამულო ომი დაიწყო, ბაბუა ომში გაიწვიეს და დარჩა ოთხი თვის დედა… ბაბუა ქერჩში დაიღუპა… წაკითხული მაქვს, ფრონტიდან გამოგზავნილი ბაბუას სამკუთხა ბარათები, სადაც წერს: ფუჩქი ჩემს მაგივრად ჩაიხუტეთო.

ელენე ბებია, დედის დედა, ძალიან ლამაზი და სიმპათიური ქალი იყო… უკან გადაწეული თმებით, ქართული სახის სილამაზით. სულ მუდამ შტამბოვკის კოპლებიანი ან ლურჯი თეთრი ზოლებით კაბები ეცვა, თეთრი სამკუთხოვანი მაქმანებიანი საყელოებით.

დედა იტყვის ხოლმე, თურმე ვინ არ ეძლეოდაო ქმრად ახალგაზრდა ლამაზ და ოცდაერთი წლის ქვრივს, მაგრამ გაგონებაც არ უნდოდა გათხოვებისო…

როცა ზაფხულობით სოფელში ვიყავი ხოლმე, ელენე ბებოს სულ თან დავდევდი. მახსოვს, მეგობარი ქალი ჰყავდა მაჟულინა ახალაძე, გოგია ახალაძის მეუღლე. გოგია სასახლეებს ამზადებდა სახლის ქვემოთ(სარდაფისებური დიდი  ერთიანი ფართი იყო)  თითქმის მიწურში. ელენე ბებია როდესაც  მაჟულინასთან საუბრობდა, ჩამოვიპარებოდი ქვემოთ, ვიჭვრიტებოდი ფანჯრიდან… რას მივშტერებოდი იმ კუბოებს არ ვიცი- მეგონა სიკვდილს დავინახავდი…მაინტერესებდა რანაირად ჩაწვებოდა კუბოში.

ხშირად, სადილის შემდეგ გამოვიპრანჭებიდით მე და ბებო და მივდიოდით მაჟულინასთან – მას საოცრად უყვარდა ბებია. საუბრობდნენ ათას რამეზე. მე კი ან წყნარად ვიჯექი, ჟურნალებს ვათვალიერებდი ხოლმე, ან კუბოებს მივჩერებოდი…

მაჟულინას სახლის ზედა მხარეს, ანუ შუბნის მთებისკენ, ღობის საზღვართან, ივანე ახალაძის ეზო იწყებოდა… ეზოში ერთი ხის სახლი იდგა. ამ სახლში ტახო ცხოვრობდა- საშუალო ტანის, ძალიან გამხდარი შავი  ბიჭი.

…მე ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი. თითქმის, ყველაფერი თავისით მედებოდა  და მომდევდა გასაფუჭებლად… ბებიაჩემი იტყოდა- გასაჯავრებლად, რადგან არ მიჯერებ, ტახოიას გაგატანო, ტახოია მოგიტაცებსო…

სადაც დავინახავდი, ვაკვირდებოდი… შავი იყო, გამხდარი, საშუალო ტანის, თან სულ ნაღვლიანი სახით… ტახოიამ კი არაფერი იცოდა. ისეთი საწყალი, კეთილი და პატიოსანი  სახე ჰქონდა, იქეთ იყო მოსატაცებელი…

არაფრით მინდოდა ტახოიას რომ მოვეტაცებინე, რადგან არ მომწონდა. მაშინ, ალბათ, 7-8 წლის ვიქნებოდი…

ცოტა რომ წაიწევდი ჩვენი სახლისკენ, ჯანგავაძეების ოჯახი ცხოვრობდა-  ჯანგავაძეებისს ოჯახი… სამი შვილი ჰყავდა, აქედან ერთი შორენა ჩემი ტოლი იყო – ვმეგობრობდი

მასთან… სანამ ქალები რაღაც ამბებზე საუბრობდნენ, გამოვიქეცი, შორენასთან ვითამაშებთქო… უკან მობრუნებისას გზაში, ტახო შემომხვდა. დაჯექი–ო მიმითითა უკანა სავარძელზე, მიგიყვან მაჟულინასთანო…

არც დავფიქრებულვარ, ისე უცებ დავსკუპდი ველოსიპედზე… რომ გავიარეთ, ალბათ ხუთი მეტრი. უცებ გამახსენდა ბებიაჩემის სიტყვები: ტახოია მოგიტაცებსო…  არიქა-მეთქი, ა, ესაა და მიტაცებს-თქო და რომ გადმოვხტი ზურგულად გაქცეული ველოსიპედიდან, თუ რამე რბილი მქონდა, ყველაფერი დამებეჟა, მაგრამ მუხლები სად გადავიტყავე, არც მაშინ ვიცოდი…

ბებიაჩემს კი აღარ მივაკითხე, დავადე თავი და წავედი სახლში – სერაფინე ბებიასთან, სახლის კარებამდე, ვითმინე და როგორც კი შევედი სახლში, რო მოვრთე ტირილ-კივილი, ისე ვიყავი მტვერში ამოგანგლული, სულ შავი ცრემლები მდიოდა…

გადაირია სერაფინე ბებია, რა დაგემართაო. ტახოია მიტაცებდა და ველოსიპედიდან გადმოვხტი-თქო. იცინა და იტირა სერაფინე ბებიამ ერთდროულად… დამიმუშავა მუხლები სახლში გამოხდილი რახით, ახლაც მახსოვს მისი სუნი და ის ტკივილი. დამიბინტა მუხლები… ვწევარ გაბუსული და გადრუნჩული. აივანზე ხის ტახტი გვედგა… აქედან უტეხად გავყურებ ტახოიას ხის სახლს… – ვერ მოგართვი ბატონო მოტაცება, ხომ გამოგექეცი-თქო! – ვიმეორებ ჩემთვის გულში. იმას კი არ ვფიქრობდი ან რა ვიცოდი მაგდენი, ტახოია მომწონდა თუ არა… ის სახლი კი არა, მე მართალი ბროლის სახლი მინდოდა მქონოდა, ნაწნავს რომ გადმოვაგდებდი ფანჯრიდან და საქმრო ამოყვებოდა – თმები კი მქონდა იცოცხლე…

ტახოიას მისი დაემართა. თავს იდანაშაულებდა: ბავშვი გადმომივარდა, ეს რა დამემართაო, ეგონა თურმე გადმოვარდი… რას იფიქრებდა თუ გადავხტი უკუღმა. დაფეთებული მივარდა თურმე ელენა ბებიასთან ბავშვი – ველოსიპედიდან გადავარდა და სახლში გაიქცაო…

მოვარდა აქოშინებული ელენა ბებია… ზუსტად ის სცენარი გაგახსენდებოდათ (ჭრიჭინა და ორი ბებია), როცა დაფეთებული თავს დამტრიალებდნენ. უკვე ჩაწყნარებული ვარ. დავინახე თუ არა ბებიაჩემი, მოვრთე ტირილ-ყვირილი – სულ შენი ბრალია ყველაფერი-თქო, გუშინ რომ პალტო დავჭერი შენი…

(წინა დღეს კაბარდინის პალტოს კარგა ხელა კალთა გამოვაჭერი. რატომ იცით? ხის აივანზე დილაობით ხშირად გვხვდებოდა ორი გაშლილი მტკაველის ხელა პეპელა – შავ, მუხაპეპელას  ეძახიან იმერეთში. აი, ისეთი პეპელა მინდოდა შემეკერა და შავი მდგრადი ნაჭერისგან, ხომ თავისთავად კარგად შეიკერებოდა)მეგონა, რომ ვაჯავრებდი და მეუბნებოდა ტახოიას გაგატანო. ესაა და, გაბრაზდა და ტახოია დაიბარა ჩემს მოსატაცებლად-თქო. რომ დავინახე ელენე ბებია, უცებ ეს ამომიტივტივდა თავში და თან წამოვიყვირე.

– ტახოიას უთხარი და ატანდი ჩემს თავს-თქო… პალტო უფრო გიყვარს-თქო?

იცინეს… იტირეს… ჩამიხუტეს გულში… მომეფერნენ… უსაყვარლესები იყვნენ, ნათელი დაადგეთ მათ სულს – თაფლი სდიოდათ ხელებიდან და სიტყვებიდან…

კარგა ხნის მერე, ტახოს მოუყვა ბებიამ, ეს, ამბავი, იცინა და იცინა… შენ ჩემი დაია ხარო. მე შვიდი წლის ვიქნებოდი, ის ალბათ თექვსმეტის მაინც…

კარგა ხანს მეშინოდა ტახოიას რომ დავინახავდი – არ მოვეტაცებინე. იმიტომ არ მინდოდა მისი ცოლობა, რომ სახლი არ მომწონდა, ის ხის სახლი – ტახოია რომ არ მომწონდა, იმას კი აღარ ვფიქრობდი…

მას მერე ორმოცდახუთი წელი გავიდა…

ტახომ ისეთი კარგი ოჯახი შექმნა… კარგი ცოლ შვილი ჰყავს…

ტახოია კი არის ახლა შუბანში, მე კი შუაგულ ევროპაში და სიგიჟემდე მენატრება იქაურობა… არა, რას გადმოვხტი, მეც კაი ვინმე ვარ… ხომ ვიქნებოდი ახლა შუბანში…

კარგა ხანს იხსენებდნენ სიცილ-კისკისით, ჩემი მოტაცების ამბავს, მუხლზე კი იარა დღესაც მაქვს…

მენატრება ყველა კუნჭული, ქვა და ყველაფერი, ყველაფერი, რაც შუბანს უკავშირდება…

მენატრება ბავშვობა უსაშველოდ…

მენატრება ის სახლი ბავშვობიდან, ოღონდ იმ კომშის სუნით გაჯერებული კედლებით…

ხათუნა წიქორიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები