კათოლიკური აღდგომა და იტალიელი მოხუცების ზრუნვა ქართველ ემიგრანტზე” –  წერილი იტალიიდან

“რთულია, როცა მარტოსული, გადმოხვეწილი, ყველაფრისგან დაცლილი და დაღლილი, მოვალე ხარ გაიღიმო, მაშინაც კი, როცა ტირილი გინდა,უ ნდა გაიღიმო ქალბატონო! აქ სხვაგვარად შეუძლებელია, მოეწონო ვინმეს, ცხვიჩამოშვებული და ცრემლიანი, მოხუცებს შენი სიყვარული სჭირდებათ და თანადგომა და არა ოხვრა და გოდება … გაიღიმო, მაშინ როცა გაღიმების და სიხარულის მიზეზი გაგიჩნდება, ეს საუკეთესო ფაქტია. აქ, იტალიაში აღდგომის დღესასწაული მართლმადიდებლურ აღდგომასთან შედარებით წელს საკმაოდ ადრე დაემთხვა… საუკეთესო წესი აქვთ იტალიელებს ყოველ კვირა დღეს და მითუმეტესდღესასწაულზე, მარტო არ ტოვებენ მოხუც მშობლებს და ერთად, მხიარულად აღნიშნავენ ხოლმე… თუ დავრჩები, ჩემთვისაც მაგიდასთან დაიდება ჭურჭელი და გამზადდება ჩემი წილი კერძი, მაგრამ რატომღაც აღდგომის დღესასწაულზე გარეთ გასვლა გადავწყვიტე. მიუხედავად წითელი ზონისა და ჩაკეტილობისა ,ასე უბრალოდ, მომინდა მარტო ყოფნა. მომინდა, მეგობართან ერთად მებოდიალა ქალაქ ბარის ქუჩებში, მაგრამ ერთი რამ იყო საფიქრალი –  გარეთ, რადგან ყველაფერი დაკეტილი იყო ,მთელი დღე რა უნდა მეჭამა?! იტალიელებისთვის ჭამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ჩემს მეგობარს ქართული ხაჭაპური მოაქვსთქო, ვუთხარი ჩემს ბებოს და ბაბუს, რადგან დაინტერესდნენ მთელი დღე გარეთ მშიერი ხომ არ იქნებიო, დაფიქრდნენ და გადაწყვიტეს დილით მოემზადებინათ ჩემთვის რაიმე და მეც წამეღო ისე, როგორც ჩემს მეგობარს, ძალიან გამითბა გული,  რადგან ჩემზე საუკუნეა არავის არ უზრუნია მსგავსად.

დილაც გათენდა, ადრიანად წამოდგნენ ჩემი მოხუცები, საუზმის გამზადებაში ბაბუა მომეხმარა, მერე დაიწყეს ჩემი სადილის გამზადება, ბაბუა კვერცხს თქვეფდა, ბებია ძეხვს წვავდა, მე ვუყურებდი მათ და არ ვიცოდი სიხარული როგორ გამომეხატა,ჯერ ერთს ვაკოცე ლოყაზე და მერე მეორეს. იცინოდნენ და ისე აგრძელებდნენ” კუჩინარობას“. გამახსენდა ბავშვობაში ჩემზე მზრუნველი მშობლები… მართალია, რომ ძნელია ქართველისთვის საკუთარი მიწა წყლის მიტოვება, შვილების მიტოვება, საკუთარი მეს უარყოფა მაგრამ როცა მსგავს სიყვარულს სითბოს და მზრუნველობას ვაწყდები ხოლმე, ვძლიერდები ,გული სიხარულით მიფეთქავს და მადლობას ვწირავ უფალს, რომ ბოლომდე არ მიმეტებს განგება, ცხოვრების გზაზე მხვდებიან კარგი და ცუდი ადამიანები. ჰოდა,  ახლა ამ კარგ ადამიანებს ჩემს, ტომასს და რიტასს, ამ ჩანახატით ვეფერები და ვთხოვ მსგავსი სიყვარულით სავსე დღეები მაჩუქონ და მე უკან ასმაგად დავუბრუნებ მათ მზრუნველობას, ერთგულებასა და სიყვარულს… სახლში დაბრუნებულს სააღდგომო საჩუქრები დამახვედრეს ბებოს და ბაბუას შვილებმა, ლამაზად შეფუთული ტკბილეული, რა თქმა უნდა მადლობა გადავუხადე მათ ამისთვის. იცით საჩუქრებისთვის ხელი დღემდე არ მიხლია, რადგან ველოდები დღეს, გარეთ რომ გავალ და  შვილებს გავუგზავნი… ასეთია დედის გული… ჩემი სიხარულის თანაზიარი ჩემი შვილები არიან, ჩემი ჭაღარა დედიკოა, რომელსაც გული მშვიდად აქვს, რომ თბილი და კარგი იტალიელების ოჯახში ვცხოვრობ ! საქართველოში აღდგომა მაისის დასაწყისშია, იმედია, მანამდე ჩააღწევს ჩემი გაგზავნილი ნობათი !

 

იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, თეონა ჭანტურია

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები