ორთოდონტიიდან ესთეტიკურ მედიცინამდე – ეკა ბუხრაშვილის წარმატების კოდი 

Processed with VSCO with a6 preset

როგორც წესი, წარმატების კოდს ასტროლოგები ითვლიან, მნიშვნელოვან თარიღებსა და მოვლენებს ერთმანეთს უკავშირებენ და გამოყვანილი შედეგით ადამიანებს წარმატებულობისკენ სწრაფვაში ეხმარებიან. თუმცა, მხოლოდ ვარსკვლავები როდი განსაზღვრავენ პიროვნების რეალიზებულობისა და შრომის ნაყოფიერების ხარისხს, სინამდვილეში ყველა კოდი ჩვენს გონებაში იქმნება და საბოლოოდ ყალიბდება იმ ტორპედოდ, რომელიც გვამოძრავებს მანამ, სანამ მიზანს არ მივაღწევთ. ეკა ბუხრაშვილის, წარმატებული ექიმისა და  კლინიკის მფლობელის  კოდი კი ძლიერი სურვილი და დაუღალავი შრომაა:

“ვფიქრობ, ნებისმიერი მიზნისკენ სწრაფვისას  მთავარია, ძალიან გვინდოდეს, მოგწონდეს ის, რასაც ვაკეთებთ. ეს სურვილი ხშირად შეუძლებელს შეგვაძლებინებს, სწორ რელსებზე გაგვიყვანს და გარემო ფაქტორებს არ მისცემს უფლებას, ხელი შეგვიშალონ.” 

გზა წარმატებისკენ მარტივი არასდროსაა, თუმცა, ძლიერი ქალები ჩვეულებრივებისგან სწორედ იმით განსხვავდებიან, რომ სირთულეები არ აშინებთ, პირიქით, ყოველი ახალი “რუბიკონის გადალახვა” ახალი გამოწვევაა. 

საკუთარი წარმატებისკენ სვლა ეკა ბუხრაშვილმა წლების წინ დაიწყო, როცა პროფესიად ორთოდონტია აირჩია

“მთელი ბავშვობა ექიმობანას ვთამაშობდი და საკუთარ თავს თეთრ ხალათში წარმოვიდგენდი, სხვა პროფესიაზე არც მიფიქრია. როდესაც სკოლა დავამთავრე, გადავწყვიტე, სტომატოლოგი გავმხდარიყავი, საბოლოოდ კი ორთოდონტია ავირჩიე. რეზიდენტურამ და შემდეგ უკვე პრაქტიკულმა მუშაობებმა ნათლად დამანახა, რაოდენ საინტერესო და ამოუწურავია ეს  სფერო.  დღემდე მგონია, რომ ეს ჩემი ყველაზე სწორი გადაწყევტილება იყო, რადგან ვარ ზუსტად იქ, სადაც მინდა, რომ ვიყო.”

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, სწავლა “ორთოდონტიის ცენტრში”, თინა მიქაძესთან განაგრძო და მომდევნო 6 წელი 17 კლინიკაში მუშაობდა, არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ ხშირად რეგიონებშიც ჩადიოდა იქაური პაცინეტებისათვის მომსახურების გასაწევად: 

“ეს წლები, ფაქტობრივად, არ ვცნობდი დასვენების დღეებს, დღის განმავლობაში 3-4 სხვადასხვა კლინიკაში ვიღებდი პაციენტებს. ნამდვილად არაადამიანური შრომა იყო, მაგრამ მახარებდა ის, რომ ყოველთვის ვგრძნობდი მადლიერებას პაციენტებისაგან. ექიმისთვის მადლიერი და კმაყოფილი პაციენტია მთავარი ჯილდო და მთავარი სავიზიტო ბარათი.” 

პაციენტი მართლაც რომ სავიზიტო ბარათია, მით უფრო საქართველოში, სადაც გუგლზე მეტად, ნაცნობებში გაკითხვით ირკვევა კლინიკასა თუ ექიმის ავკარგიანობა და სადაც ყოველგვარ სერტიფიკატზე მეტად, პირადი გამოცდილებით ნარჩევს ენდობიან. ეკა ბუხრაშვილი არც სერტიფიკატებისა და მით უფრო, არც მადლიერი პაციენტების ნაკლებობას უჩივის – წარმატებული კარიერის განმავლობაში ასობით ადამიანს დაეხმარა, ჰქონოდა ლამაზი და თვალისმომჭრელი ღიმილი.

წლების შემდეგ კი არა მარტო მათ ჯანსაღ ღიმილზე, ზოგადად, სილამაზეზე ზრუნავს – თავდაპირველ პროფესიას ესთეტიკური მედიცინა შეუთავსა და შექმნა გარემო, სადაც სახის მოვლის პრაქტიკულად ყველა ტიპის პროცედურას თავადვე ატარებს. 

“დენტალ ესტეტიკსი” 2017 წელს გაიხსნა და პაციენტებს ერთდროულად სთავაზობს სტომატოლოგიურ და სახის მოვლის, გაჯანსაღებისა თუ კორექცია-მოდელირების პროცედურებს. 

“საკუთარი კლინიკის გაკეთება წარმოუდგენლად დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული. ფაქტობრივად, სრულაიდ მარტოს მომიწია გზის გაკვლევა – რთულია,  აგვარო მენეჯერული საკითხები და ამავდროულად, იყო პრაქტიკოსი ექიმი. თუმცა, ჩვენ ეს შევძელით – მე და ჩემმა გუნდმა, საქმიანობა, რა თქმა უნდა, მცირე მასშტაბით დავიწყეთ და თანდათანობით გავაფართოვეთ მომსახურების სფეროები. როცა კლინიკას ვაკეთებდი, ვიცოდი, რომ აუცილებლად დავამატებდით ესთეტიკურ მომსახურებასაც და მალევე ამის დროც მოვიდა.  

ესთეტიკური მედიცინით ჩემი დაინტერესება ერთგვარად ჩემი შინაგანი მეს გამოძახილია. მე თვითონ ვიყავი მსგავსი პროცედურების მომხმარებელი და ფიქრობ, ნებისმიერი ქალისთვის და არა მარტო ქალისათვის მნიშვნელოვანია, თუ როგორ გამოიყურება. ჩემ შემთხვევაში ამას ემატება პატივისცემა ჩემი პაციენტების მიმართ – როცა ისინი მოდიან კლინიკაში, მე ვალდებულიც კი ვარ, მუდამ ფორმაში დავხვდე მათ. სტომატოლოგთან ვიზიტისადმი ბევრს აქვს მძაფრი დამოკიდებულება, შესაბამისად, მნიშვნელოვანი მგონია, რომ ადამიანი, ვინც მათ ხვდება, იყოს ლამაზი და მოღიმარი, რითაც გარკვეულწილად პაციენტებსაც მოუხსნის დაძაბულობას.

შესაბამისად, შევისწავლე ის, რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებდა – ხშირად საკუთარი ხელით ვიტარებ სახის მოვლისა და გაახალგაზრდავების პროცედურებს. დიდი ხანია, ამ ცოდნასა და გამოცდილებას სიამოვნებით ვახმარ მათ, ვისაც სურს უკეთ გამოიყურებოდეს”

“დენტალ ეთეტიკსის” საოცრად მეგობრული გუნდი ნებისმეირი პაციენტისათვის დაძაბულობის მოხსნის გარანტორია. თავად ეკა კი სტრესსა და დაღლილობას ბუნებაში ყოფნით უმკლავდება და დროის სწორი მენეჯმენტის წყალობით, ახერხებს, ოჯახსა და მეგობრებსაც დაუთმოს დრო და სწორედ მათგან მიიღოს ნებისმიერი ადამიანისათვის ძალიან საჭირო ემოციური რესურსი: 

“მიუხედავად იმისა, რომ ერთდროულად მიწევს, ვმართო კლინიკა და ვიყო პრაქტიკოსი ექიმი, ყოველთვის ვახერხებ დროის გადანაწილებას.  ყველა ადამიანს სჭირდება ე.წ გადატვირთვა, განახლება, რაც ჩემთვის ბუნებასთან კავშირთან ასოცირდება – აქ ნამდვილად ვივსები სასიცოცხლო ენერგიით.”

პანდემია, რომელიც ბევრისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი აღმოჩნდა, ეკა ბუხრაშვილმა სათავისოდ გამოიყენა და ბევრისთვის უნაყოფო “ლოქდაუნები” პიროვნულ და პროფესიულ ზრდას დაუთმო. ამ პერიოდში მსოფლიოს მრავალმა სასწავლო ცენტრმა შექმნა ონლაინ სასწავლო პლატფორმები და ხელმისაწვდომი გახადა პოპულარული, ძვირადღირებული და ამავდროულად, უმაღლესი ხარისხის კურსები. ესთეტიკური მედიცინა და სტომატოლოგია კი სწორედ ისეთ სფეროებს განეკუთვნება, რომლებიც ელვის სისწრაფით ვითარდებიან, ივსებიან სიახლეებით და ამ სფეროში ჩაბმული ადამიანებისგანაც იმავეს მოითხოვენ – აქ სფეროს მოთხოვნები და ეკას მუდმივი განვითარებისაკენ სწრაფვა ერთმანეთს ემთხვევა.

“მიზნები, სურვილები და მისწრაფებები ყოველთვის არის, მთავარია, რას გავაკეთებთ მათ ასასრულებლად, როგორ ვაქცევთ რეალობად. მინდოდა, წარმატებული და რეალიზებული ვყოფილიყავი და მქონოდა საქმე, რომელიც მთელი არსებით მეყვარებოდა, რომლისთვისაც დილით ადრე ადგომას არ დავიზარებდი და სამუშაო დღის ბოლოს საათზე ბოლო წუთებს არ დავითვლიდი. ვფიქრობ, ამ მიზნებს მივაღწიე, თუმცა, რასაკვირველია, აქ გაჩერებას არ ვაპირებ.”

მუდმივი პროფესიული ზრდა, განვითარება, სიახლეების ძიება და თანამედროვე გამოწვევებისათვის ფეხის აწყობა, ალბათ, ერთ-ერთი მთავარი რეცეპტია წარმატებისათვის. ძლიერი ადამიანები არასდროს კმაყოფილდებიან მიღწეულით და მუდამ სხვა მწვერვალებს ეძებენ დასაპყრობად იმიტომ, რომ – “ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში”. ეკა ბუხრაშვილის გეგმებში კიდევ ბევრი მისაღწევი მიზანია  – მათ შორის “დენტალ ესთეტიკსის” გაფართოება და ახალი ფილიალების დამატებაც შედის. ამ უკანასკნელის საქმიანობის შესახებ კი “ქართული კვირა” კიდევ ბევრს მოგიყვებათ.

 

ავტორი: თამუნა ზარანდია 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები