,,Key west soaps“ – ქართველი ემიგრანტის იდეა, რომელიც პატარა კუნძულზე დაიბადა და ბიზნესად იქცა

,,შეიძლება ითქვას, რომ საპონში ვხატავ და ვძერწავ. ეს საქმე მანიჭებს უდიდეს სიამოვნებას და მეხმარება საკუთარი თავის რეალიზებაში, ახალი ადამიანების გაცნობასა და მათთვის ბედნიერები წუთების შექმნაში. იმაზე დიდი სიამოვნება არაფერია, როდესაც შენი შექმნილი პროდუქტი მოსწონთ და მისთვის უკან ბრუნდებიან,“ – ამბობს ვიდეობლოგში საუბრისას მარიამ თვალიაშვილი. ბავშვობიდან ხატავდა, შემდეგ ხელნაკეთ სამკაულს ქმნიდა, დღეს კი მრავალფრად მოხატული ხელნაკეთი საპნების ავტორია, რომელმაც ფლორიდის პატარა კუნძულ Key west-ში უამრავი ადამიანის ყურადღება უკვე მიიპყრო.

იდეა, რომელიც საქართველოდან შორს ერთი წლის წინ გაჩნდა, ერთი თვეა ბიზნესად იქცა. მარიამი მეუღლესა და 2 შვილთან ერთად, ამერიკაში 2014 წლიდან ცხოვრობს. ამ დროის მანძილზე რამდენიმე პროფესია შეიძინა, თუმცა საპნებისა და თავის მოვლის საშუალებების შექმნა მთავარ საქმედ უკვე იქცა და ცოტა ხნის წინ, ხელნაკეთი ნატურალური საპნების მაღაზიაც კი გახსნა.

,,პირველად მეგობრებისთვის საჩუქრად დავამზადე, იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა, გადავწყვიტე გატაცება ბიზნესად მექცია… ის, რასაც მე ვაკეთებ, მინდა საამაყო იყოს ჩემი ოჯახისა და მეგობრებისთვის, დადებითი და სასარგებლო აღმოჩნდეს ადამიანებისთვის. მინდა ვიყო მაგალითი, რომ შეუძლებელი არაფერია“.

როგორც მარიამი ამბობს, მისი საქმიანობა გამორჩეულია ერთი მთავარი შტრიხით – ეს არის პროდუქტი, რომელიც სიყვარულით იქმნება. მისი ოცნება საქართველოში ნატურალური საპნის წარმოების დაწყება და სამუშაო ადგილების შექმნაა. ნახეთ ინტერვიუ ვიდეობლოგ ,,მედიატორის“ რუბრიკაში ,,ემიგრანტული ამბები“.

 

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები