„საქართველო – მეღვინეობის აკვანი“ – სეული ქართული ღვინის გამოფენას უმასპინძლებს 

სამხრეთ კორეის დედაქალაქ – სეულში, 2021 წლის 3 მარტიდან – 1 აპრილის ჩათვლით, კორეის ფონდის გალერეაში გამოფენა „საქართველო მეღვინეობის აკვანი“ გაიმართება.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული უნიკალური ექსპონატების ფოტონიმუშები, საქართველოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ღვინის ჭურჭლის, ოქრომჭედლობის ნიმუშები; მარნის, ქვევრისა და ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების ამსახველი ნამუშევრები, ასევე, ეროვნული მუზეუმის უნიკალური ფოტო არქივი, რაც დამთვალიერებლებს შესაძლებლობას მისცემს გაეცნონ საქართველოში ღვინის დამზადების 8 000 წლიან უწყვეტ ტრადიციას.

ქართული ღვინის უნიკალური ისტორიისა და კულტურისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს საელჩოს კორეის რესპუბლიკაში, კორეის ფონდით ორგანიზებით, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით ხორციელდება.

სამხრეთ კორეა, მსოფლიო მასშტაბით ღვინის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანა და ქართული ღვინის პრიორიტეტული ბაზარია.

2020 წელს საქართველოდან სამხრეთ კორეაში 90 ათასამდე ბოთლის ექსპორტი განხორციელდა, რაც 353%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიურ მონაცემებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები