დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს

„ხოლო მეფესა დავითს ამისთვის ეწოდა აღმაშენებელი, რამეთუ ოდეს იქმნა მეფედ, იყო ქუეყანა ესე სრულიად ოხერ; ამან განავსნა და აღაშენნა, რომელ არღარა ეტეოდა ამით, რამეთუ იყო მოშიში და მოყუარე ღვთისა, გლახაკთა, ქურივთა და ობოლთა მოწყალე, სნეულთა თვითმსახური, ეკლესიათა ქსენონთა მაშენებელი..”

8 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა კეთილმსახური მეფის დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს.

„დღეს არის საქართველოს დიდი ეროვნული და საეკლესიო დღესასწაული – ხსენება წმინდისა დიდისა მეფისა დავით აღმაშენებლისა. დიდია მისი ღვაწლი და საკვირველია მისი ცხოვრება!

იგი 16 წლის ჭაბუკი იყო, როცა მამამისმა სამეფო გვირგვინი დაადგა. დავითს გადაეცა დაყოფილი, განადგურებული საქართველო და ამას კიდევ მიემატა ის, რომ საშინელი მიწისძვრისგან ქვეყანაში ყველაფერი განადგურებული იყო. ხალხი გახიზნულიყო ტყე-ღრეში, მთაში და შველას ელოდა. და აი, მოვიდა ღვთისგან მოვლენილი მხსნელი – ეს იყო დავით აღმაშენებელი!

თავდაპირველად მისი ყურადღება შიდა საქმეებზე იყო მიპყრობილი: მშენებლობაზე, სულიერ ცხოვრებაზე და როცა უკვე შინაგანად გაძლიერდა საქართველო, შემდეგ მან დაიწყო დაკარგული მამულის დაბრუნება.

ვისაც წაუკითხავს დავით აღმაშენებლის მეფობის ისტორია „ქართლის ცხოვრებაში“, იქ არის ერთი ადგილი – ომის წინ დავით აღმაშენებელი მიმართავს თავის ჯარს:

„აღვაპყროთ ხელნი ჩვენნი უფლისა მიმართ და დავდოთ სიტყვა, რომ უმალ დავეცემით ბრძოლის ველზე, ვიდრე დავიხევთ უკან!“

ამ დროს იგი, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავს გულისხმობდა. მისთვის სიკვდილი და სიცოცხლე ერთი და იგივე იყო, იმიტომ რომ დიდი რწმენა ჰქონდა. ვიდრე ადამიანი ამქვეყნიდან გავა, მან უნდა იცოდეს, რომ ამქვეყნად თავისი მოვალეობა უნდა შეასრულოს და უფლისგან მონიჭებული ჯვარი ბოლომდე ზიდოს.

უმძიმესი ჯვარი დააკისრა უფალმა დავით აღმაშენებელს. მაგრამ ღმერთი მუდამ იყო მასთან!

როგორც მისი ცხოვრებიდან ვიცით, მას ჰყვარებია სამოციქულოს კითხვა. იგი ხშირად ესწრებოდა წირვა-ლოცვას.

დავით აღმაშენებელი არის დიდი პიროვნება თავისი გონებით, თავისი სტრატეგიით, ის ძალიან კარგად ხედავდა ქვეყნის მომავალს და იმ გზებს, რომლებითაც უნდა მოეპოვებინა ქვეყნის კეთილდღეობა და მშვიდობა. როგორც გახსოვთ, თბილისი მიტაცებული იყო მუსლიმების მიერ და 17 წელი ემზადებოდა დავითი თბილისის დასაბრუნებლად.

ამასთან, ის დიდი სულიერების მქონე ადამიანი იყო. მის მიერ დაწერილი „გალობანი სინანულისანი“ არის შედევრი საეკლესიო ჰიმნოგრაფიისა, სარკე მისი სულისა, რომელიც ნათლად ავლენს, თუ რამდენად ღრმა იყო მისი აზროვნება, რამდენად დიდი იყო მისი რწმენა და, ამასთან, სინანული…

სწორედ ამისი შედეგი იყო, რომ მან დატოვა „გალობანი სინანულისანი“, ამის შედეგი იყო ისიც, რომ ანდერძად დაწერა, დაემარხათ გელათის მონასტრის კარიბჭეში, რათა ყველას ევლო მის საფლავზე. ასეთი ანდერძი მეფეს კი არა, მართლაც ცოდვილ, ჩვეულებრივ ადამიანებსაც არ დაუტოვებიათ.

ასეთი პიროვნება იყო წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი. ის გამოთქვამდა სინანულს არა მარტო თავისი ცოდვებისა გამო, არა მარტო თავისი სახელით, არამედ – მთელი ერის სახელით, ის გრძნობდა, რომ არის მამა და პატრონი ერისა.

დავით აღმაშენებელს სხვა არაფერი რომ არ გაეკეთებინა და დაეწერა „გალობანი სინანულისანი“, ან თუნდაც მხოლოდ რუის-ურბნისის კრება რომ მოეწვია (ეს უდიდესი მოვლენაა ჩვენს ისტორიაში!), მისი სახელი უკვდავი იქნებოდა სხვა საქმეთა გარეშეც.

წმინდა დავით აღმაშენებელი არის პიროვნება, რომელიც განსაკუთრებულად შეიყვარა უფალმა და მუდამ მფარველობდა მას. მან შეკრა ქართველი ერი, გააერთიანა საქართველო, გაამთლიანა ქვეყანა, ერთსულოვნება ჩაუნერგა ჩვენს ხალხს და ამით გადაარჩინა საქართველო ფიზიკურ და სულიერ განადგურებას.

მადლი, რომელიც მოიპოვა დავით აღმაშენებელმა, მხოლოდ საკუთარი თავისთვის კი არა, მთელი ერისთვის გამოითხოვა! დღესაც მოქმედებს ის სულიერი ძალა, რომელიც ჩვენს წინაპრებში – ვახტანგ გორგასალში, დავით აღმაშენებელში, თამარში – იყო დამკვიდრებული.

ეს სულიერი ძალა აუცილებლად გამოვლინდება და საქართველო გაბრწყინდება!“

წყარო; გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №8(361), 2006 წ.

ამონარიდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის 2006 წლის ქადაგებიდან

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები