შოკოლადის მწარმოებელი კომპანია “Camille Bloch” საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინფორმაციით, საქართველოში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შოკოლადის მწარმოებელი კომპანია Camille Bloch თხილის პლანტაციებს გააშენებს, რომლის მოსავალიც მათ ცნობილ ბრენდებში იქნება გამოყენებული.

„არსებული გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ შევძელით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საერთაშორისო კომპანიის ქვეყანაში შემოყვანა. მოხარული ვართ, რომ შვეიცარიულმა კომპანიამ ნდობა გამოხატა და, რამდენიმეწლიანი თანამშრომლობის შემდეგ, საქართველოში ინვესტიციის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო“, – განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა.

პროექტი მთლიანობაში 650 ჰექტარზე გაშენებულ პლანტაციებსა და ნედლეულის გადამამუშავებელ ქარხანას მოიცავს. პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 10 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს.

„ეს ძალიან დიდი ნაბიჯია კომპანიისთვის, რადგან თხილი ჩვენი შოკოლადის ძირითადი კომპონენტია. ყოველწლიურად 700 ტონაზე მეტი თხილი იხალება კომპანიის სათავო ოფისებში”, – განაცხადა Camille Bloch-ის შესყიდვების ხელმძღვანელმა და CB Georgia-ს დირექტორმა რენე მეიერმა.

სააგენტოს ცნობით, კომპანიასთან მოლაპარაკება რამდენიმე წელი მიმდინარეობდა. მოლაპარაკებების პროცესში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში შვეიცარიის საელჩოც.

„აწარმოე საქართველოში“ ერთ – ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები