«საფრანგეთში არასდროს მაგრძნობინებდნენ, რომ ემიგრანტის შვილი ვიყავი. ვამაყობდი ჩემი ქართველობით»

დღეს ელისე პატარიძის და თამარ ალშიბაიას შვილი, საფრანგეთში დაბადებული და გაზრდილი დიდი ქართველი ოთარ პატარიძე უნდა გაგაცნოთ.

-დავიბადე პარიზში, 1943 წელს. მყავს ფრანგი მეუღლე, ანი ჰქვია, გავაქართველედა ახლა ვამბობ ჩემი-ანია. მყავს ორი შვილი – სოფიკო და ნიკო. ორივე იურისტია. მე ვმუშაობდი აგფასფინანსთა დეპარტამენტის დირექტორად 33 წლის განმავლობაში. ახლა პენსიაზე ვარ.

ოჯახში ჩვენ ქართულად ვსაუბრობდით, ვმღეროდით… მამა ქართული ენის გაკვეთილებს გვიტარებდა, ქართულ ლიტერატურასთან ერთად საქართველოს ისტორიას და გეოგრაფიას გვასწავლიდა. ხშირად დავდიოდით წმინდა ნინოს ეკლესიაში, ვგალობდით და ვხვდებოდით ქართველებს. ოჯახში სამი ბავშვი ვიზრდებოდით. ჩემი უფროსი და თინა, ჩემი ტყუპისცალი გულიკო და მე.

-ბატონო ოთარ, საქართველოსთან კავშირის დამყარება რომელი წლიდან შეძელით?

-ჩემთვის საქართველოსთან კავშირი 1981 წლიდან დაიწყო, როცა ჩემი ძმა – აჩიკო პატარიძე გვესტუმრა პარიზში. მამას – ელისე პატარიძეს საქართველოს დატოვების წინ შეეძინა შვილი. აქედან სცადა მიწერ-მოწერა, მაგრამ ეს მაშინ ძალიან სახიფათო იყო.

მე საფრანგეთში მქონდა ურთიერთობა როგორც ქართველებთან, ასევე ფრანგებთან. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მე ორ კულტურას ვეკუთვნი. საფრანგეთში, არასდროს მაგრძნობინებდნენ, რომ ემიგრანტის შვილი ვიყავი. ვამაყობდი ჩემი ქართველობით.

20 წლის რომ გავხდი, დავაარსე ანსამბლი «მერანი» და ემიგრანტ ახალგაზრდებს შევასწავლე ქართული სიმღერები და გალობა. «მერანში» მღეროდნენ მერაბ და კატო ოდიშელიძეები, გურამ ასათიანი, სალომე და ოთარ ზურაბიშვილები, მიხეილ და ლია ვოდეგოგიტიძეები, თინა და დარეჯან ბერეკაშვილები, ნათელა ყიფიანი და სხვები.

«მერანი» ქართულ დღესასწაულებს აღნიშნავდა. შოთა აბაშიძემ და ილია ჯაბადარმა, რომლებიც ემიგრაციის მესამე ტალღას (1945 წლიდან) წარმოადგენდნენ, გვასწავლეს ქართული ცეკვები.

-საქართველოში თქვენ პირველად 1991 წელს ჩაბრძანდით…

-დიახ, საქართველო პირველად გავიცანი 1991 წლის მაისში, როდესაც ბატონი ზვიად გამსახურდია აირჩიეს პრეზიდენტად. მე ვიყავი მიწვეული როგორც დამკვირვებელი არჩევნებზე. ამის შემდეგ საქართველოში უკვე მრავალჯერ ვარ ნამყოფი.

-თქვენმა მშობლებმა თუ შეძლეს ამდენხნიანიემიგრაციის შემდეგ საქართველოში ჩასვლა?

მამა ვერ მოესწრო დამოუკიდებელ საქართველოს, ის 1975 წელს გარდაიცვალა. რაც შეეხება დედას, თამარ ალშიბაიას, ის 1921 წელს, როცა რუსეთის ბოლშევიკურმა ძალებმა დაიპყრეს საქართველო, 11 წლის წამოიყვანეს საფრანგეთში.

დედა საქართველოში პირველად მე და ჩემმა დამ გულიკომ ჩავიყვანეთ 1997 წელს. დედა ძალიან ბედნიერი იყო საქართველოში გატარებული დღეების გამო.

-ბატონო ოთარ, მესმის, რომ ქართულად გზრდიდნენ, ოჯახშიც ქართულად საუბრობდით, მღეროდით და ცეკვავდით ქართულ ფოლკლორს, უკრავდითფანდურზე, მაგრამ საქართველოდან შორს გაიზარდეთ და თბილისში ჩასულმა იგრძენით და გაითავისეთ თქვენი წარმომავლობა?

-საქართველოში ჩამოსული საბოლოოდ დავრწმუნდი იმაში, რომ როცა მამა საქართველოზე გვესაუბრებოდა, ის არ აჭარბებდა და სიზუსტით გადმოგვცემდა საქართველოს სილამაზეს, განსაკუთრებულობას. პირველად რომ ჩამოვედი, ზვიადის საპრეზიდენტო არჩევნებზე, მაშინ ქართული ცა და მზე სულ სხვანაირად შევიგრძენი. საქართველოში მზეც უფრო კაშკაშა ამოდის და მთვარეც უფრო ლამაზია… მახსოვს, გვიან, პატარიძეებთანსახლში დავბრუნდი და აივანზე გასულს, მთელი ღამე არ მძინებია. საოცარი შეგრძნებაა სამშობლოს განცდა, როგორ გადმოგცეთ, არ ვიცი…

-საქართველოში დაბრუნებაზე არ გიფიქრიათ? ვიცი, რომ ძალიან გიყვართ არა მარტო საქართველოს ბუნება, არამედ ხალხი, ტრადიციები და მაინც საფრანგეთში ცხოვრობთ. რატომ?

-როგორ აგიხსნათ. ჩემთვის სამშობლოში საბოლოოდ დაბრუნება მაინც ძნელია, როცა ოჯახის გარდაცვლილი წევრები, ასევე ლევილის ქართველთა სასაფლაოს ყველა ბინადარი აქ მეგულება, მე მათ ვერ მივატოვებ.

-გვიამბეთ თქვენ ტყუპისცალზე, ქალბატონ გულიკოზე. როგორ მოხვდა მიუნხენის რადიო «თავისუფლებაში»?

-გულიკომ პარიზის უნივერსიტეტის მთარგმნელობითი ფაკულტეტი დაამთავრა. 1967 წელს რადიო «თავისუფლებამ» ექვსთვიანი პრაქტიკა შემოგვთავაზა მიუნხენში. მე გავიარე პრაქტიკა, ჩემი ქართული გავაუმჯობესე, მაგრამ არ მინდოდა ჟურნალისტობა და ამიტომ არ გავაგრძელე. გულიკომ კი გააგრძელა კარიერა რადიოში. ის 19 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ქართულ «თავისუფლებას» მიუნხენში (1984-2003). მას ძალიან შეუყვარდა ქართული კულტურა. საქართველოში როცა ჩავიდა, უფრო მეტად გაუძლიერდა სიყვარული. ასე ვთქვათ, მან თავისი სიცოცხლე საქართველოს მიუძღვნა. გარდაიცვალა პრაღაში და გადმოვასვენეთპარიზში. დაკრძალულია ლევილის სასაფლაოზე .

-ელისე პატარიძეზე, მამათქვენზეჩვენ უკვე ვწერდით და შეძლებისდაგვარად, მისი მოკლე ბიოგრაფიით გავაცანით ჩვენ მკითხველს. რას გვეტყოდით ბატონ ელისეზე? როგორ მუშაობდა ქართული სათვისტომო იმ პერიოდში?

-ელისე პატარიძე იურისტობასაპირებდა, მაგრამ 1924 წლის აჯანყების შემდეგ, იძულებული გახდა, საზღვარგარეთიდან გაეგრძელებინა ბრძოლა. საფრანგეთში თავიდან «პეჟოს» ქარხანაში მუშაობდა, მერე დუქანი გახსნა და ასე გაგვზარდა. მისი ოცნება იყო საქართველოს განთავისუფლება ბოლშევიკური სისტემისაგან. ის ძალიან აქტიურად ხელმძღვანელობდა ქართულ სათვისტომოს პარიზში. მეტი რა გითხრათ, იმ დროს ჩვენი მტერი იყო საქართველოს საბჭოთა ხელისუფლება.

-მოდით, დავუბრუნდეთ ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მოღვაწეობას, მათ საქმიანობას. რომელი ჟურნალ-გაზეთები გამოდიოდა ქართულად თუ ფრანგულად საქართველოზე და ქართველებზე?

-გამოდიოდა: «სამშობლო», «ივერია», «მებრძოლი საქართველო», «კავკასიონი», «გუშაგი», «კრებული», «ცნობის ფურცელი», «მოამბე», «მნათობი», «მამულიშვილი», «დამოუკიდებელი საქართველო», «ჩვენი დროშა», «საქართველო» და ასე შემდეგ.

-თქვენ შექმენით ვებ გვერდი, რომელიც ფრანკოფონებსაცნობს საქართველოს და მრავალ საინტერესო დოკუმენტს მოიცავს.

-ჩემი ვებგვერდი, პენსიაზე რომ გავდიოდი, პირადი ინიციატივით გავაკეთე. საამისოდ კომპიუტერის კარგად შესწავლაც დამჭირდა. მსურდა, ჩემი სიყვარული საქართველოსადმი, ასევე საფრანგეთის და კანადის მოქალაქეებისთვის ამეხსნა. გადავწყვიტე ფრანგულ ენაზე გამეკეთებინა, ვინაიდან არსებულ საიტებზე არც ერთი ინფორმაცია არ იძებნებოდა საქართველოზე ფრანგულ ენაზე. მაშინ რამდენიმე ქართველმა გამაკრიტიკა, რომ რატომ ქართულად არ იყო ჩემი საიტი.

ქართველს რას ვასწავლიდი მე საქართველოზე? ახლა კი ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ათვალიერებს და უკეთესად გაიცნეს საქართველო. www.samchoblo.org. სინამდვილეში, საფრანგეთში ხალხს არც ისეთი დიდი ინტერესი არ აქვს საქართველოსადმი. ძველი ემიგრაციის დროს, პოლიტიკურ წრეებს უფრო მეტად აინტერესებდათ საქართველოს ამბები. ამიტომ საჭიროა უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდება, ამ მხრივ აქტიური მუშაობაა საჭირო.

-რამდენად ერთიანია ქართული სათვისტომო საფრანგეთში? რამდენ ადამიანს აერთიანებს და როდიდან იღებს სათავეს?

-1991 წლამდე, სათვისტომო ერთიანი იყო. იყო სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების დაპირისპირებებიც, მაგრამ ეს ბუნებრივად ხდებოდა.

მერე სათვისტომო დაიყო «ზვიადისტებად» და «შევარდნაძისტებად». მძიმე პერიოდი გამოვიარეთ.

რაც შეეხება სათვისტომოს, 1922 წელს დაარსდა და დღემდე არსებობს. 1991 წლის 9 აპრილის შემდეგ, როცა ბატონმა ზვიად გამსახურდიამ აღადგინა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, ჩვენ ვითვლებით უცხოეთში მცხოვრებ ქართველებად.

ვინ იყვნენ სათვისტომოს ხელმძღვანელები?

სათვისტომოს პრეზიდენტები იყვნენ (ჩამოვთვლი თანმიმდევრობით): გიორგი ჟურული, ვახტანგ ღამბაშიძე, დავით სხირტლაძე, იოსებ ცინცაძე, შალვა სკამკოჩაიშვილი, შალვა აბდუშელიშვილი, ელისე პატარიძე, ლევან ზურაბიშვილი, ვიქტორ ხომერიკი, თამაზ ნასყიდაშვილი, ოთარ პატარიძე, სერგო მელიავა, ლია გოგიტიძე-ვოდე, ნოდარ ოდიშელიძე, ტარიელ ზურაბიშვილი, გია სარჯველაძე, ამჟამადააოთარ ზურაბიშვილი.

-რაზე გწყდებათ ყველაზე მეტად გული?

-ჩვენი მებრძოლები, ემიგრანტები, რომლებიც მუდამ საქართველოს გათავისუფლებაზე ფიქრობდნენ, ვერ მოესწრნენ დამოუკიდებლობის აღდგენას და ამაზე მწყდება გული. მინდა, რომ საქართველო იყოს წარმატებული ქვეყანა, ეკონომიკა განვითარდეს და ყველა კარგად ცხოვრობდეს.

ჩემი სურვილია, მრავალ კარგ თვისებასთან ერთად ჩემ ქართველებს ჰქონდეთ ერთმანეთის მოსმენის, სხვისი აზრის პატივისცემის და ერთიანობის განცდის უნარი. ყველა ლიდერი ვერ იქნება, მაგრამ სამშობლოს შვილი ყველა უნდა იყოს.

-გენატრებათ ხოლმე საქართველო?

-ხშირად და ამიტომ სულ ქართულ სიმღერებს ვღიღინებ და ამით ვესიყვარულებიჩემ სამშობლოს…

-დიდი მადლობა, ბატონო ოთარ, ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ!

ლეილა კვირიკაშვილი

Académie géorgienne-française ჟან შარდენის ქართულ-ფრანგული აკადემია

ოთარ პატარიძის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი მან ცენტრს შესწირა 2008 წლის 9 ივნისს. მანვე შესწირა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს მამის, ელისე პატარიძის არქივი 2007 წლის 12 ოქტომბერს (შემოსულობათაწიგნი N745).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები