23 აგვისტოს დაიბადა კომპოზიტორი სულხან ცინცაძე

1925 წლის 23 აგვისტოს, ქალაქ გორში  დაიბადა კომპოზიტორი, პედაგოგი სულხან ცინცაძე. ადმიანი, რომელიც შემოქმედებით ცხოვრობდა.

ეს იყო მისი ცხოვრების არსი, ცხოვრების წესი, მისი ცხოვრების გზა. პარალელურად საზოგადოებრივ მოღვაწეობასაც ეწეოდა. იყო თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი, ხოლო  სიცოცხლის ბოლო წლებში საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე.

სულხან ცინცაძე იყო თავმდაბალი, კეთილგანწყობილი, მოკრძალებული და ხალასი ადამიანი. ამავდროულად მომთხოვნი და უკომპრომისო როგორც სხვების, ისე საკუთარი შემოქმედების მიმართაც.

„სულხან ცინცაძე არ ზრუნავდა საკუთარი ნაწარმოებების შესრულებაზე, თავისი მუსიკის აღიარებაზე, რაც ბუნებრივად და ძალდაუტანებლად ხდებოდა მოღვაწეობის პირველი ნაბიჯებიდან სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე. ჯერ კიდევ 1950 წელს მოსკოვის კონსერვატორიის სტუდენტს, სულხან ცინცაძეს მიენიჭა სტალინური პრემია მეორე სიმებიანი კვარტეტისათვის. ლაურეატთა სიაში ახალგაზრდა ქართველი კომპოზიტორის სახელი შოსტაკოვიჩისა და ხაჩატურიანის გვერდით აღმოჩნდა. აღსანიშნავია ისიც, რომ სულხან ცინცაძემ ორჯერ დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია: ჯერ როგორც უნიჭიერესმა ჩელისტმა (1950), შემდეგ კი როგორც კომპოზიტორმა (1953). საშემსრულებლო განათლებამ და გამოცდილებამ ნაყოფიერი ზეგავლენა მოახდინა სულხან ცინცაძის შემოქმედებითი ხელწერის ჩამოყალიბებისა და პროფესიული ოსტატობის სრულყოფის პროცესზე.

ფართო იყო მისი მუსიკალური თვალსაწიერი, რომელიც კლასიკური და თანამედროვე მუსიკის მონაპოვრებთან ერთად, ქართული ხალხური სასიმღერო შემოქმედების საფუძვლიან ცოდნასაც მოიცავდა. ამ უნიკალურ მრავალხმიან კულტურასთან გენეტიკური კავშირი განსაზღვრავს სულხან ცინცაძის შემოქმედების ეროვნულ ორიენტირებს, გარკვეულწილად იმპროვიზაციული და პოლიფონიური აზროვნების ფორმებსაც, იმთავითვე რომ ამეტყველდნენ მის საკვარტეტო შემოქმედებაში. ქართული ხალხური მუსიკის ცოდნას უნდა ვუმადლოდეთ ისეთი შედევრების შექმნას, როგორიცაა სულხან ცინცაძის საკვარტეტო მინიატიურები, რომლებსაც სამართლიანად უწოდებენ ქართული მუსიკის მარგალიტებს.“ – წერდა ერთ – ერთ  საიუბილეო წერილში მანანა ახმეტელი.

სულხან ცინცაძე იყო უნივერსალური ცოდნით აღჭურვილი კომპოზიტორი, რომელიც ყველას უყვარ დ და უყვარს. მის შესახებ გამოჩენილი მუსიკოსის ნოდარ გაბუნია ამბობდა: „ქართულ მუსიკაში ცოტაა, სულ რამდენიმეა ისეთი ოსტატი, როგორიც სულხან ცინცაძეა. მან  განსაზღვრა ქართული მუსიკის დონე და მიმართულება. შეასრულა მაღალი მისია. მისი დამსახურებაა, რომ ქართული მუსიკა გავიდა საერთაშორისო ასპარეზზე“.

სულხან ცინცაძე 1991 წლის 15 სექტემბერს გარდაიცვალა 66 წლის ასაკში. იგი დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები