“ჩვენ ნებაყოფლობითი მონების სახელით ჩაგვწერენ ისტორიაში” – ემიგრანტის წერილი 

იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი,  თეონა ჭანტურია “ქართული კვირის” მკითხველს საკუთარ ჩანახატს უზიარებს. როგორია ემიგრანტის ცხოვრება უცხო ქვეყანაში და მონატრება, რომელიც არასდროს ნელდება. 

“რაღაც სხვა ფერია ჩვენი სამყარო…

დიდი, თუმცა ერთ ოთახში გამოკეტილი… მშვიდი, მაგრამ ქარიშხალივით მშფოთვარე, დაულეველი გზით. ჩვენი გზა რომ დაილევა, გვიან მივხვდებით და ვერაფერს შევცვლით.

რაღაც უცნაურია ჩვენი სამყარო, არასრული, მუდამ ტკივილიანი, წვიმს და წვიმის წვეთები სხვანაირი გვგონია, ვიდრე ჩვენი ციდან ჩამოღვრილი, მზეა და საქართველოს მზის სხივები უფრო გვათბობენო, გვგონია. ვერაფერში ვერ ვგრძნობთ სრულყოფილებას, არასოდეს არ ვართ დანაყრებულნი, თუ გინდ ხორაგით სავსე გვქონდეს ის სახლი, სადაც ვცხოვრობთ, ქართული სუფრიდან აღებული ერთი ნაჭერი ხაჭაპური ქვეყანას გვირჩევნია…

თვის ბოლო გვახარებს, სხვას რომ ვახარებთ, შვილებს, ახლობლებს რომ ვურეკავთ და ვუგზავნით მთელი თვის ნაშრომს, მერე რომ საფულეს ვჩხრეკთ, თვიდან თვემდე რამე თუ შემოვიტოვეთო… 

სხვანაირია ჩვენი სამყარო, ვერასოდეს ვერავინ შეიცნობს მას, ემიგრანტი სანამ არ გახდება …

როცა ეს ეპოქა დასრულდება და საქართველოს ისტორია დაიწერება ჩვენ ნებაყოფლობითი მონების სახელით ჩაგვწერენ ისტორიაში – ათასობით ქართველს, დედას, ბებიას, ბაბუას თუ მამას. უთვალავი ქართველია ამჟამად ნებაყოფლობითი მონა… 

ქართველებო, ჩვენ ლოცვის მეტი და შრომის მეტი არაფერი დაგვრჩენია….
ამ სხვა ფერის სამყაროში…” 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები