რატომ დაიწუნეს ლეილა აბაშიძე პირველ როლზე და როგორ აღმოჩნდა კინოსამყაროში 

ლეგენდარული მსახიობი ლეილა აბაშიძე, რომელმაც ბევრი საინტერესო, სახასიათო და დასამახსოვრებელი პერსონაჟი შექმნა, საკუთარ პირველ შერჩევაზე, 8 წლის ასაკში დაიწუნეს. თუმცა, სასიამოვნო შემთხვევითობის წყალობით, გოგონა როლზე მაინც დამტკიცდა და სწორედ ასე დაიწყო მისი სამსახიობო კარიერაც: 

„ვიყავი 8 წლის, ქართული არ ვიცოდი, რადგან დაწყებითი განათლება რუსეთში მქონდა მიღებული და ახალი ჩამოსული ვიყავი საქართველოში ციმბირიდან. ჩემი მამიდა სიხარულით მეუბნებოდა, რომ გაზეთში განცხადება ნახა – ფილმისათვის სჭირდებოდათ ცელქი, ანცი გოგონა და მაგ დროს მეც ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი. ჩემთვის არც უკითხავთ, თუ მსურდა გადაღება, მაგრამ აზრიც არ ჰქონდა, რადგან მე ფილმი ნანახი არ მქონდა, რა იყო კინო, საერთოდ არ ვიცოდი. მიმიყვანეს სინჯებზე უშნოდ გაკრეჭილი, ჩაუცმელი, სასაცილო ბავშვი. შევედი ოთახში და როცა დავინახე ოციოდე გოგონა ერთმანეთზე უკეთესი კულულებით, ბაფთებით, ვიგრძენი, რომ ზედმეტი ვიყავი და სადღაც კედელთან გავჩერდი. ვიცოდი, რომ არ გამოვდგებოდი ამ საქმეში. მოვიდა ასისტენტი და მითხრა: გოგონა, თქვენ თავისუფალი ხართ, წაბრძანდითო. ძველ სტუდიაში ერთი რკინის რიკულებიანი კიბეა, იმას მოვაჯექი ბიჭურად და ბზრიალით დავეშვი ზემოდან, ვღიღინებ რაღაცას და დავეჯახე ვიღაც კაცს. მას გაუკვირდა და მკითხა:

–გოგონა, საიდან მოდიხარო? მე ვუპასუხე ზემოდან-თქო,

–იქ რა გინდოდაო? ვუთხარი, რომ კინოში გადაღება მინდოდა, მაგრამ არ მოვეწონე და წამოვედი,

–ძალიან გინდა კინოში თამაშიო? ვუპასუხე, ძალიან,ძალიან-თქო! და, ეტყობა, იმდენი სურვილი ჩავაყოლე ამ ორ სიტყვაში, რომ მას გაეცინა, მომკიდა ხელი, მითხრა, ჩემთან წამოდიო და თურმე ეს იყო თავად ფილმის დამდგმელი რეჟისორი კონსტანტინე პიპინაშვილი. შემეკითხა:

–და ან ძმა გყავსო? მე ვუთხარი, რომ ორი ძმა მყავდა,

–ძალიან ცუდი ამბავი უნდა გითხრა, შენი ძმა დამუნჯდაო,

–რომელი? – ვიკითხე მე, თურმე ისეთი ტრაგიკული ხმით,

უფროსიო – მამიდამ უკარნახა და მე წავიშინე თავში ხელი, ვეღარ გამაჩერეს, ვტიროდი, ცრემლები ღაპა–ღუპით მომდიოდა, ბოლოს და ბოლოს, დამაწყნარეს და თურმე ეს იყო სინჯები, ასე დამამტკიცეს როლზე“.

 

წყარო: ჩვენამდე 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები